კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა
ძნელია, ადამიანი გათვიცნობიერებული იყოს საქართველოში მიმდინარე თუ წარსულის მოვლენებით და არ იცოდეს ადამიანი, რომელიც აგერ, უკვე 38 წელიწადია ერთგულად ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას.
ქალბატონი, რომელიც წლიდან წლამდე რამდენიმე ათეული შეხვედრის, ლოკალური თუ საერთაშორისო მასშტაბის მატჩებს ადევნებს თავლ-ყურს და აუცილებელ სტატისტიკურ მონაცემებსაც აყვეყნებს, ყველასთვის ნაცნობი და სათაყვანებელი პიროვნებაა. ქალბატონი, რომელიც რამდენიმე ათეული წელიწადი ქალთა ნაკრების წევრი იყო, პარარელურად და ამის შემდეგ კი მსაჯობაშიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა.
ყველაფერი ეს ელიზავედა აზიზოვაა, ვისაც 28 მარტს დაბადების დღე ჰქონდა და რომელიც, ასაკის მატების მიუხედავად, დღემდე ენთუზიაზმით აღსავსე მიდის ყველა შეხვედრაზე.
– ქალბატონო ლიზა, მოდით კალათბურთში თქვენს პირველ ნაბიჯებს ხომ ვერ გაიხსენებდით?- 1947 წელს მიმიყვანეს მწვრთნელ თამარ გეგელაშვილთან, ვისთანაც რამდენიმე თვე ვივარჯიშე, რის შემდეგაც ლევან ძეკონსკისთან გადავედი. ეს იყო არაჩვეულებრივი სპეციალისტი, რომელმაც ქართულ კალათბურთს ბევრი ძლიერი მოთამაშე აღუზარდა და დიდი როლი ითამაშა ქვეყანაში ქალთა კალათბურთის განვითარებაში. თავიდანვე მონდომებით ვვარჯიშობდი, არცერთ ვარჯიშზე არ დამოგვიანია, ვიცავდი დისციპლინას და საბოლოოდ, 10 წელიწადი ვითამაშე. Pპარალელურად, ვმსაჯობდი კიდეც და ჩემი სამსაჯო დებიუტი 1953 წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში შედგა.
– მოდით, თქვენი, როგორც მოთამაშის, ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა გავიხსენოთ.- ვეცდები, გავიხსენო. 1951 წელს, ოდესაში სსრკ-ს ფიზკულტურის ინსტიტუტების პირველობა იმართებოდა და საბოლოოდ, იმ ტურნირის რამდენიმე მატჩში საუკეთესოებად მე და კიდევ ერთი ქართველი მოთამაშე, ფიალა ჩხეიძე დაგვასახელეს. ფიალა ბათუმელი იყო, ძალიან ნიჭიერი გოგონა გახლდათ და მაღალ დონეზე რამდენიმე სეზონი ჩაატარა. მოგვიანებით, მე და ფიალა “ბურევესტნიკში” აგვიყვანეს, მაგრამ გუნდი ერთი წლის მერე დაიშალა და მერე აღარ აღდგენილა.
– თუ არ ვცდები, გამთამაშებელი იყავით…- კი, გამთანმაშებელი ვიყავი და საკმაოდ სწრაფი მოთამაშეც გახლდით. მაშინ დღევანდელივით სტატისტიკას არავინ ითვლიდა, თუმცა იმას კი ნამდვილად გეტყვით, რომ ბევრ ქულას არ ვაგროვებდი და მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი თანაგუნდელებისთვის რაც შეიძლება მეტი ზუსტი პასი გამეკეთებინა. რამდენიმე შეხვედრაში 20 ქულაც კი დავაგროვე და მინდა გავიხსენო 1952 წლის შეხვედრა “რიგასთან”, რომელშიც 25 ქულა დავაგროვე და იმ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.
– თქვენს სამსაჯო პერიპეტიებზე რას გვეტყვით?- მსაჯობა ბევრს იოლი ეგონა და ახლაც ასე ჰგონიათ, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ასე არ არის. ძალიან ბევრი შეხვედრა მიმსაჯია, თუმცა განსაკუთრებით მინდა 1962 წლის მატჩი გავიხსენო. მაშინ, თბილისში უნივერსიტეტების საკავშირო ჩემპიონატის გადასავლელი ტურნირი იმართებოდა და მე მომანდეს სტუ-ს მატჩის მსაჯობა. მაშინდელ სტუ-ს დავით ქამუშაძე ედგა სათავეში და იმ მატჩის მოგებით, გუნდმა ერთი დივიზიონით აინაცვლა. სხვათა შორის, ხშირად მიმსაჯია როლანდ ხომერიკის მონაწილეობით გამართული მატჩები. ხომერიკი მაშინ სტუ-ში ირიცხებოდა და საკმაოდ ჭკვიანი, კორექტული მოთამაშე იყო. მისთვის ერთხელაც არ მიმიცია ტექნიკური შენიშვნა.
– საერთოდ, ხშირად გიხდებოდათ მოთამაშისთვის ტექნიკური ფოლის მიცემა?- არა, ძალიან იშვიათად. მაშინდელი კალათბურთი დღევანდელზე ბევრად კორექტული იყო და დამიჯერეთ, მსაჯის გადაწყვეტილებას არავინ აპროტესტებდა, უბრალოდ ხელს აწევდნენ და მორჩილად ირებდნენ ჩვენს ყველა გადაწყვეტილებას. მთელ სეზონში მაქსიმუმ, 2-3 ტექნიკური შენიშვნა თუ ფიქსირდებოდა, ახლა კი ამდენ ტექნიკურს ერთი მატჩი იტევს.
– როდის დაასრულეთ მსაჯის კარიერა?- 1970 წელს. შვილი შემეძინა და ამის მიზეზიც ეს გახდა. ერთი წლის შემდეგ კი დავიწყე საკალათბურთო მდივნობა და დღემდე ამ საქმით ვარ დაკავებული. ქართულ კალათბურთს დღესაც ერთგულად ვემსახურები.
– ქალბატონო ლიზა, თქვენი აზრით, რომელი პერიოდია საუკეთესო ქართული კალათბურთის ისტორიაში?- ალბათ, 60-იანი წლები. მაშინ, 1962 წელს ევროპის ჩემპიიონთა თასი მოვიგეთ, საკავშირო ჩემპიონატებზე არაერთგზის პრიზიორები ვიყავით, მოვიგეთ საბჭოთა კავშირის თასი. ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი მოთამაშე გვყავდა, რომლებიც საბჭოეთში გამორჩეულები იყვნენ. მინდა გავიხსენო ისიც, რომ ისეთი დიდი მოთამაშე და შემდგომში, მწვრთნელი, ლევან მოსეშვილი კალათბურთზე მე მივიყვანე, როდესაც ლევანი შალვა დისამიძეს ჩავაბარე. ლევანი ყოველთვის მაგარი მშრომელი ბიჭი იყო და ბევრსაც მიაღწია, შალვა დისამიძე კი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი გახდა.
– თქვენი აზრით, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ქართველი კალათბურთელი?- ალბათ, მიხეილ ქორქია, ოთარ ქორქია, ზურაბ საკანდელიძე, ნიკოლოზ დერიუგინი. იყვნენ სხვა ძლიერი მოთამაშეებიც, თუმცა მე მაინც ამ ოთხს გამოვყოფდი. ახალი თაობიდან ბევრს მიაღწია ზაზა ფაჩულიამ, ვნახოთ, რას იზამს გიორგი შერმადინი.
– ქალბატომო ლიზა, არ დაიღალეთ ამდენი კალათბურთით?- არა, რას ამბობთ, კალათბურთი ხომ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, კალათბურთით ვიღვიძებ და ვიძინებ. არც კი ვიცი, რას გავაკეთებდი, კალათურთი რომ არ ყოფილიყო. ყველას, ვისაც კი ვახსოვარ და გვერდში მიდგეს, მინდა მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით კი საქართველოს კალათბურთის ფედერაციას.