ინტერვიუ ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრთან

ინტერვიუ ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრთან

თორნიკე შენგელია ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და ის უკვე ეროვნული ნაკრების სრულუფლებიანი წევრია და მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა დიდი ნდობაც გამოუცხადა. გასულ სექტემბერში გამართულ ევროჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში შენგელია ნაკრებს ხუთეულის წევრად მოევლინა და თავიც საკმაოდ კარგადაც წარმოაჩინა. შენგელიამ ამ სეზონის წინ კლუბი გამოიცვალა და ესპანური „ვალენსიიდან“ ბელგიურ „პეპინსტერში „ გადავიდა. თორნიკე ჩვენი რუბრიკა ბელგიაში შეეხმიანა და ეს საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა.
 
 
– როგორ მოეწყეთ ბელგიაში და როგორ გრძნობთ თავს ახალ კლუბში?
 
– ვარ ბელგიის ქალაქ ვერვიესში, რომელიც პატარა,  წყნარი, საკალათბურთო ქალაქია.  ნელ–ნელა ვეჩვევი გუნდს და აქაურობას.  პეპინსტერი ახალი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, ამ  ეტაპზე ადაპატაციას გავდივარ.
 
–  ზოგადად, რა დონისაა  ბელგიის ჩემპიონატი ?
 
– საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატია, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ბელგიის ლიგა ყოველ წელს უფრო ძლიერდება. მრავლად არიან ლეგიონერები სხვადასხვა  ქვეყნიდან, ჩემს გუნდში  8 ამერიკელია. ფიზიკურად ყველა მაქსიმალურად ვიხარჯებით,  დატვირთვა საკმაოდ დიდია. ლიგაში ,,შარლელუაა“ გახლავთ გამორჩეული, მაგრამ წელს საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ჩემპიონატია და ძნელია იმის თქმა,  თუ ვინ გახდება ჩემპიონი. „შარლელუამ“ წინა მატჩში  მარცხი განიცადა და ვითარება უფრო დაიძაბა ჩემპიონატში.
 

შენგელია “პეპინსტერის” მაისურით
 
–  ზედიზედ 4 მატჩი წააგეთ, როგორ ფიქრობ რა არის მარცხის  მიზეზი ?
 
– პირველ რიგში, დაცვაში თამაში უნდა  გამოვასწოროთ, მოთამაშეები უნდა შევეჩვიოთ ერთმანეთს,  დავხვეწოთ კომბინაციები. გამოვარჩევდი ,,შარლელუასთან“ მატჩს,  სადაც პირველი ტაიმი მოვიგეთ, მაგრამ საბოოლოდ მარცხის მიზეზი  სწორედ  შეუთამშებლობა გახდა.
 
– თქვენი გადასვლა ,,ვალენსიადან“  ბელგიის ჩემპიონატში,  მოედანზე სათამაშო დროის ფაქტორმა განაპირობა.  რა სიტუაციაა ამ მხრივ  ბელგიაში, მოგემატებათ თუ არა სათამაშო დრო უახლოეს  პერიოდში ?
 
– სათამაშო დროის მომატება ჩემზეა დამოკიდებული, გააჩნია როგორ წარმოვაჩენ თავს. ,,ვალენსიაში“ მოედანზე ყოფნა თითქმის არ მიწევდა, მხოლოდ მესამე ლიგაში ვასპარეზობდი, აქ კი თავის გამოჩენის  უფრო მეტი შანსი მაქვს,  რისთვისაც მაქსიმუმს გავაკეთებ. მინდა სათამაშო დონე ავიმაღლო და  პროფესიონალად ჩამოვყალიბდე.
 
– რა მიზანს ისახავს თქვენი  კლუბი მიმდინარე სეზონში?
 
– ჩევნი უპირველესი მიზანი ფლეი–ოფში გასვლაა, რისთვისაც საუკეთესო ექვსეულში უნდა მოვხვდეთ. როცა შევიკრიბეთ, გუნდის ხელმძღვანელობამ  სწორედ ეს მიზანი დაგვისახა, მაგრამ რა თქმა უნდა,  ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემპიონობა, რა თქმა უნდა, გვსურს, მაგრამ ამ ეტაპზე რეალურად  ჩვენი უპირველესი გეგმა ფლეი–ოფში მოხვდერაა.
 
–  და რამდენად რეალურად მიგაჩნიათ პლეი ოფში გასვლა?
 
– შეიძლება ითქვას, რომ ყველა გუნდი ერთი დონისაა. განსაკუთრებით ცხრილში ბოლო 4–5 მათგანი. ლიგაში ისეთი სიტუაციაა, რომ შეიძლება ნებიესმიერს მოუგოს ,,პეპინსტერმა“, ამის შანსი რეალურად არსებობს.  მომავალი მეტოქე ,,ლიეზი“ გახლავთ, სადაც ვეცდებით გუნდმა მაქსიმალურად  წარმოვაჩინოთ თავი და გავიმარჯვოთ.
 
–  რა იტყვით გუნდზე, როგორი გარემოა და როგორ დაახასიათებთ გუნდის თავკაცს?
 
– მწვრთნელი ყველას მიმართ ერთნაირად გახლავთ განწყობილი, გუნდში მეგობრული ატმოსფეროა. როგორც აღვნიშნე, ახალი მოთამაშეები შევიკრიბეთ, ამიტომ ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ვმეგობრობთ. 2 კვირის წინ კიდევ ერთი ლეგიონერი დავიმატეთ, რომელიც ყველანაირად გვეხმარება.   
 
–  რას ფიქრობთ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე,  რა დონეზეა საკალათბურთო სუპერლიგა ?
 
– ყოველ შაბათს ვადევნებ თვალ–ყურს სუპერლიგას,  სუპერლიგის საიტის მეშვეობით. სამწუხაროდ, თვითონ თამაშს ვერ ვუყურებ, მაგრამ შედეგებსა და სტატისტიკას ყოველთვის ვეცნობი. შარშანდელთან შედარებით საქართველოს ჩემპიონატი ძალიან გაძლიერდა,  მომრავლდნენ ლეგიონერები,  მოთამაშები, ახალგაზრდა კალათბურთელები, მაყურებელთა რაოდენობამაც მოიმატა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოთამაშებისთვის.  სასიხარულოა, რომ სუპერლიგის მიმართ ხალხის ინტერესი გაიზარდა.
 
–  როგორია თქვენი სამომავლო გეგმები,  ხომ არ აპირებთ მომავალში საქართველოში დაბრუნებას და ეროვნულ ჩემპიონატში  ასპარეზობას ?
 
– მაგაზე არ მიფიქრია. არა  იმიტომ, რომ საქართველოში აღარ ვითამაშებ, პირიქით სიამოვნებით ვიაპარეზებდი, უბრალოდ, მიმაჩნია, რომ  ჩემთვის ამ ეტაპზე საზღვარგარეთ  უკეთესი სავარჯიშო პირობებია, რაც აუცილებელია ჩემი მომავალი წინსვლისთვის.  სწორედ ამ მიზეზის გამო  და არა იმიტომ, რომ არ ვკადრულობ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშს.
 
–  რამდენად დატვირთული რეჟიმი გაქვთ ბელგიაში ?
 
– დღეში ორჯერ მაქვს 2 საათიანი ვარჯიში –  დილით და საღამოს. დილით ვვარჯიშობთ ძირითადად სროლებზე  და ინდივიდუალურად, ხოლო საღამოს  შეთამაშებაზე და კომბინაციებზე.  ასევე კვირაში სამჯერ – ტრენაჟორებზე.
 
–  რა განსხვავებას ხედავთ  ესპანეთისა და ბელგიის ჩემპიონატებს შორის?
 
– ესპანეთის ჩემპიონატში საკმაოდ  გამოცდილი მოთამაშეები  არიან თავმოყრილნი. აქაც არიან გამოცდილი კალათბურთელები, მაგრამ ძირითადად ისეთები, რომლებსაც სურთ გამოცდილების მიღება, ვარჯიში და თამაშის  კლასის ამაღლება.
 
–  ეროვნულ ნაკრებზე გადავიდეთ. სასტარტო ხუთეულში შენი თამაში  რამ განაპირობა? 
 
– პირადად ჩემთვის არ უთქვამს კოკოშკოვს თუ რატომ მათამაშებს სასტარტო ხუთეულში.  ყოველთვის მინდოდა ნაკრებში ყოფნა და განსაკუთრებით სასტარტო ხუთეულში. სკამზე ჯდომა არავის არ უნდა და მეც ასე ვარ. ამ ოცნების ასრულება ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ არ ვთვლი, რომ მიზანი მიღწეულია. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო საკუთარ თავზე.
 
– მომავალ წელს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. როგორ შეაფასებდი  ჩვენს შანსებს და  რომელი ქვეყნის ნაკრები  მიგაჩნია  საქართველოს უშუალო მეტოქედ?
 
–  ჩემი აზრით, ჩვენი უშუალო კონკურტი იქნება ის 8 გუნდი, რომლებიც ჩვენთან ერთად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. ისეთ გრანდებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ესპანეთი ან საფრანგეთი, ლაპარაკი არ მაქვს. შანსებს რაც შეეხება, ვიტყვი იმას, რომ ჩვენი ნაკრები ევობასკეტზე ნამდილად არ იქნება ხელწამოსაკრვი, შეგვიძლია, ჩვენს მეტოქეებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ და მოვუგოთ.
 

შენგელია ეროვნული ნაკრების მაისურით პორტუგალიის წინააღმდეგ
 
–  ჯერ მხოლოდ 19 წლის ხარ და ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშიც გიწევს…
 
თამაშის დიდი სურვილი მაქვს, მომავალი წლის შემოდგომაზე 20 წლის ვხდები და ეს ბოლო შანსია ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშისა. შარშან 3  მატჩში მივიღე მონაწილეობა და შემდეგ ეროვნულ ნაკრებს შევუერთდი. წლეულს რა იქნება, ჯერ არ ვიცი.
 
 –  ვინ მიგაჩნია  ამ პერიოდში  პერსპექტიულ კალათბურთელად, რომელიც ნაკრებს შეავსებს და გუნდისთვის გარკვეული ძალა იქნება. თუ ხედავ ეროვნულ ჩემპიონატში ან ქვეყნის  საზღვრებს გარეთ ასეთ კალათბურთელს ?
 
 
– ახალგაზრდებზე გეტყვით, რომ შარშან ძალიან  ვგულშემატკივრობდი  16 და 18 წლამდელთა ნაკრებებს, გამოვარჩევდი ბექა  ბურჯანაძეს.  რაც შეეხება სუპერლიგას, გამოვყოფდი ლაშა ფარღალავას,  ბექა წივწივაძეს… ამ ყველაფერს სტატისტიკიდან გამომდინარე ვამბობ, პირადად მათი თამაში ნანახი არ მაქვს. ტუღუში და ბოისა  ისედაც ნაკრებში არიან. 
 
–  თორნიკე, ნიჭიერი,  წარმატებული ბიჭი ხარ. ალბათ ბევრს აინტერესებს თავისუფალია თუ არა  თორნიკე შენგელიას  გული და როგორ გოგონას ისურვებდა.
 
– თავისუფალი ვარ. ჯერ არ ვფიქრობ მასეთ თემაზე, თუმცა ისეთი  ვინმე თუ გამოჩნდება, რომელიც მომეწონება და შემიყვარდება, წინააღმდეგი არ ვიქნები. ამ ეტაპზე მთლიანად ჩემს კარიერაზე ვარ  გადართული. მომწონს ძალიან ლამაზი, აუცილებლად მაღალი გოგონები, თმის ფერს მნიშვნელობა არ აქვს.  უნდა იყოს ჭკვიანი, კარგი ხასიათის მქონე და ჰქონდეს იუმორის გრძნობა.  ერთმანეთს უნდა ვუგებდეთ.
 
–  ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას ?
 
– გამორჩეული სტილი არ მაქვს, ხან სპორტულად ვიცვამ, ხან კლასიკურად. გააჩნია სად მივდივარ. ისე კი,  ჩემს ჩაცმულობას ყურადღებას ვაქცევ. სხვაზე, რა თქმა უნდა   გართულება არ მაქვს. მსიამოვნებს, როდესაც გემვნებით მაცვია.
 
–  როგორ ფიზიკურ ფორმაში ხარ?
 
–  იმის მიუხედავად, რომ ვვარჯოშობ, ჯერ სათანადო ფორმაში არ ვარ.  საახალწლოდ თბილისში ვაპირებ  ჩამოსვლას, 20 დეკემბერს  მანდ ვიქნები და ვარჯიშსაც ვგეგმავ, 1 კვირით ჩამოვალ და 3–4 დღე აუცილებლად ვივარჯიშებ, როგორც კალათბურთში, ისე ფიზიკურად.
 
–  სწავლის მხრივ რა გეგმები გაქვს  ?
 
 – შარშანწინ დავამთავრე სკოლა, 12 კლასი მომიწია, იქამდე ესპანეთში, კოლეჯში ვსწავლობდი. განათლების მიღების დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე დროის გამო შეჩერებული ვარ. სამომავლოდ ჯერ არ გადამიწყვეტია, თუ რომელ სფეროს  ავირჩევ, მაგრამ  ვფიქრობ, საბანკო–საფინანსოზე გავაკეთებ არჩევანს.
 
–  ბელგიაში მარტო ცხოვრობ?  რამდენად დამოუკიდებელი ხარ ?  თუ შეიძინე  მეგობრები და როგორ ერთობი თავისუფალ დროს ?
 
– მარტო ვცხოვრობ, მაგრამ დედაჩემი ჩამოდის ხოლმე ჩემთან. ახლაც აქაა და ერთად ჩამოვალთ თბილისში საახალწლოდ. ერთი სული მაქვს  ჩამოვიდე.  დამოუკიდებლობას კი 15–16 წლიდან ვარ შეჩვეული და არ მიჭირს. უბრალოდ, კერძების მომზადებას ვერ ვახერხებ. დედა მეხმარება ხოლმე.
 
–  საქართველოში ყველაზე მეტად ვინ, ან რა გენატრება ?
 
– ყველაზე მეტად თბილისი მენატრება. ჩემი და სოფო და რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები მენატრებიან.
 
–  თუ გაქვს მართვის მოწმობა? და რომელია შენი  საყვარელი  ავტომობილი?
 
– მართვის მოწმობა მაქვს, ამჟამად ვატარებ Golf 6–ს,  რომელიც გუნდმა მოგვცა. ჩემი საყვარელი ავტომობილია „რეინჯ როვერი“. 
 
–  საყვარელი საქმიანობად რას მიიჩნევ?
 
–  კონკრეტულად ვერ  გეტყვით,  თავისუფალ  დროს მეგობრებთან ვატარებ, მიყვარს წიგნის კითხვა.  განსაკუთრებით  კი დეტექტივების. ჩემი საყვარელი წიგნია  ,,დათა თუთაშხია“.