ინტერვიუ ესტონეთის ჩემპიონატის ბომბარდირ ვიქტორ სანიკიძესთან

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს ნაკრების ბომბარდირი და საუკეთესო მომხსნელია ევროსაკვალიფიკაციო – B დივიზიონის გათამაშებაში. მიუხედავად ამისა, გასული სეზონის დასაწყისში სანიკიძე უგუნდოდ იყო და მოგვიანებით შეუერთდა ესტონურ „როკს“, სადაც უკვე მესამე სეზონს ატარებდა გიორგი ცინცაძე. ვიქტორი კარგად ჩაჯდა გუნდის სქემაში და ცინცაძესთან ერთად „როკის“ ერთ–ერთ ლიდერად იქცა. მან იმდენი ქნა, რომ სეზონის ბოლოს ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა მატჩში საშუალოდ ჩაგდებული 16,5 ქულით. სანიკიძე თბილისში გასულ ორშაბათს დაბრუნდა, დღეს კი მასთან ინტერვიუს გთავაზობთ…
 

 
– ვიქტორ, თავდაპირველად ის გვითხაი, ოგორ მიგიღეს „როკში“ ?
– გუნდში კარგად მიმიღეს. გიორგი ცინცაძის ხათრით ტარტუში ქართველებს დიდ პატივს სცემენ და მით უმეტეს, მისი მეგობარი რომ ვიყავი, ჩასვლისთანავე შინაურად მთვლიდნენ. მხოლოდ მწვრთნელს ვერ შევეწყვე რაღაც – ულარ კერდემ უნდობლობა გამომიცხადა და მოედანზე მცირე დროით გავყავდი. ის, რომ მწვრთნელი არასამართლიანად მექცეოდა, მხოლოდ ჩემი აზრი არ იყო და მალევე ის შეცვალეს. ახალი მწვრთნელი, ინდრეკ ვისნაპუ, საკმაოდ კეთილგამწყობილი აღმოჩნდა ჩემს მიმართ და მისი დანიშვნის შემდეგ ჩემი საქმეები კარგად წავიდა.
– ახალმა მწვრთნელმა ამპლუაც შეგიცვალა და ორმაგი დუბლებსაც უხშირე…
– თავიდან სამ ნომერზე მათამაშებდნენ, ხოლო ვისნაპუმ ფარისკენ, 4 ნომერზე ამწია და ჩემმა შედეგიანობამაც საგრძნობლად იმატა. ხშირად იყო, რომ ქულებზე მეტს მოხსნებს ვაკეთებდი, რაც გუნდის შედეგებზეც აისახა.
– ყურადღების ცენტრშიც მალე მოექეცი, რასაც შემდგომში ხელი ოლ სტარზე ჩატენვების კონკურსის მოგებამაც შეუწყო…
– საერთოდ, „როკს“ ძალიან ერთგული და ხალხმრავალი ქომაგი ჰყავს. ფანკლუბის წარმომადგენლებს თამაშებზე ქართული დროსები მოჰქონდათ და ასე გამოხატავდნენ ჩვენს, მე და გიორგის მხარდაჭერას. ცინცაძემ სულაც გულშემატკივართა საყვარელი მოთამაშის პრიზი დაიმსახურა. ყურადღებას არც პრესა და ტელევიზია გვაკლებდა. ხშირად გვართმევდნენ ინტერვიუებს. რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, ფინალში ახალგაზრდა ესტონელი დავამარცხე.
– ერთ–ერთ მატჩი ფარიც კი ჩამოამტვრიე…
– ჩამომტვრევით არა, მაგრამ ერთ–ერთ ეპიზოდში, ჩატენვისას, ფარი ჩამოიკეცა. დასაკეცი ფარები რომაა, ისეთი იყო და დაწოლას ვეღარ გაუძლო. სხვათა შორის, ეს შემთხვევა „კალევთან“ მატჩში მოხდა, რომელთანაც მოგვიანებით ფინალური სერია წავაგეთ.
– მთლიანად სეზონს როგორ შეაფასებ?
– მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობა ვერ მოვგეთ, მაინც დადებითად შევაფასებდი ამ სეზონს. ამის თქმის საფუძველს ბალტიის ლიგაზე მოგებული მესამე ადგილი მაძლევს. ასეთი მაალი შედეგისთვის ესტონურ კლუბს არ მიუღწევია და თუნდაც ბრინჯაოს მედლების მოპოვება საკმაოდ დაგვიფასდა.
– ფინალურ სერიაზე რას იტყვი, არ იყო მოგების შანსი?
– როგორ არ იყო, უნდა მოგვეგო მეექვსე შეხვედრა, მაგრამ მიზეზთა გამო 3 ქულით წავაგეთ. ეს მარცხი რომ არა,მეშვიდე, გადამწყვეტი შეხვედრა ტარტუში, ჩვენი ქომაგებით სავსე დარბაზში გაიმართებოდა და ალბათ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდით, მაგრამ…
– „როკთან“ კონტრაქტი დაგიმთვრდა და რას აპირებ?
– წამოსვლის წინ მწვრთნელს ველაპარაკე, რომელმაც ჩემი გუნდში დატოვების სურვილი გამოთქვა, თუმცა პირობებზე ჯერ არ ყოფილა ლაპარაკი და ამიტომაც ვერაფერს ვიტყვი. მწვრთნელმა კლუბის მფლობელს უნდა უთხრას, რომ ვჭირდები და პირობებზე უკვე მერეღა წავა ლაპარაკი. თუკი ჩემთვის მისაღები პირობები შემომთავაზეს, სიამოვნებით დავრჩები „როკში“. ყოველ შემთხვევაში ახლა ამ აზრზე ვარ, რადგან არც ერთი კლუბისგან შემოთავაზება არ მაქვს. ვნახოთ რა იქნება – ჩემი მომავალი კლუბი ალბათ მალე გაირკვევა. ტრანსფერის საკითხებზე ჩემი მენეჯერი მუშაობს.
– ივლისში ეროვნული ნაკრების შეკრება იწყება და როგორი განწყობით ხვდები მას?
– განწყობა კარგი მაქვს და ალბათ ასე იქნება ნაკრების ყველა წევრი. ამის საფუძველს ევროსაკვალიფიკაციო ტურნირის პირველ წრეში გამართული თამაშები გვაძლევს. მეორე წრეში ოთხივე მეტოქეს შინ ვხვდებით და მჯერა, რომ ყველა მატჩს მოვიგებთ და პლეი ოფში გავალთ. სათუოდ საქმე არ უნდა გავიხადოთ და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, A დივიზიონში უნდა გადავიდეთ. მხოლოდ ჩერნიგორია მაიქრებს და თუკი ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილ მატჩებს მოვიგებთ, ამ გუნდს პლეი ოფში ავცდებით. ერთი სიტყვით, ძალიან კარგი შანსები გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ.