ინტერვიუ ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ცინცაძესთან

გასულ ორშაბათს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე თბილისში ჩამოვიდა. მისმა „როკმა“ ესტონეთის ჩემპიონატის ფინალური სერია ტალინის „კალევთან“ კი წააგო, მაგრამ ქართველი უკანახაზელი მაინც აღიარეს ესტონეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ. ცინცაძემ ამის შესახებ თბილისში შეიტყო და შესაბამისი ჯილდო არ მიუღია. შესაძლოა, მას აღარც მოუწიოს ესტონეთში ჩასვლა, რაკი მისი შედეგიანი სეზონის გათვალისწინებით, დიდი შანსია, ცინცაძე გაცილებით ძლიერმა გუნდმა მიიწვიოს, ვიდრე ტარტუს „როკია“.
ცინცაძე დღეს კალათბურთის ფედერაციაში გვესტუმრა და ეს ინტერვიუც ჩამოვართვით.
 

 
– გიორგი, გილოცავ, ორიოდ დღის წინ ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს. ელოდი ამ აღიარებას?
– საერთოდ, ასეა მიღებული, რომ საუკეთესოს გამარჯვებული გუნდიდან ასახელებენ და ცოტა არ იყოს, არ ველოდი ამ ტიტულს თუ მარგუნებდნენ. თუმცა საკუთარი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, ტოლი არავისთვის დამიდვია ესტონეთის ჩემპიონატში.
– ამას გარდა კიდევ არაერთი ტიტული მოიგე ესტონეთის ჩემპიონატში, რაც შენს წარმატებულ თამაშზე მიუთითებს. კმაყოფილი უნდა იყო ამ სეზონით…
– კარგი სეზონი მქონდა. საუკეთესო მოთამაშის პარალელურად გავხდი საუკეთესო უკანახაზელი, ლეგიონერი, დამასახელეს ესტონეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში და ერთ–ერთი ყველაზე ძვირფასი აღიარება ქომაგებისგან მერგო. „როკის“ გულშემატკივრებმა თავიანთ ფავორიტ მოთამაშედ დამასახელეს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით უფლება არ მაქვს, რომ უკმაყოფილო ვიყო ჩემი თავით. მოედანზე დიდ ხანს ვიმყოფებოდი და ჩემზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. მენდობოდნენ და მეც იმედებს შეძლებისდაგვარად ვამართლებდი.
– რაც შეეხება გუნდურ ტიტულებს, ამაში საკმაოდ მოიკოჭლე წლეულს…
– ამის წინა ორ სეზონში ესტონეთის ჩემპიონი გავხდი „ტარტუს“ შემადგენლობაში და ახლაც მინდოდა ოქროს მედლები მომეგო, მაგრამ არ გამოვიდა. არ მინდა, წაგება რაღაც ფაქტორებს დავაბრალო, მაგრამ იყო სხვა, არასპორტული მიზეზები, რის გამოც ჩემპიონი დედაქალაქური „კალევი“ გახდა. მსაჯები აშკარად ემხრობოდნენ ტალინელებს და იმდენი ქნეს, რომ ფინალური სერია წავაგეთ. არადა, მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. მიუხედავად ფინალის წაგებისა, ეს სეზონი არ ყოფილა უშედეგო და ხელმძღვანელობაც არაა უკმაყოფილო. ჩვენ გავედით ბალტიის ლიგის ოთხთა ფინალში და დავიკავეთ მესამე ადგილი, რაც აქამდე ვერც ერთ ესტონურ გუნდს ვერ მოეხერხებინა. „ჟალგირისისა“ და „ლიეტუვოს რიტასის“ შემდეგ ბალტიისპირეთში მესამე ადგილის დაკავება ძალიან სერიოზული შედეგია. სხვათა შორის, ოთხთა ფინალში გასასვლელად „კალევი“ ტალინში დავამარცხეთ. ეს იყო გასული სეზონის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ჩემთვის. სერიაში ანგარიში 1:1 იყო, გადამწყვეტი შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 8 ქულით ვაგებდით და საბოლოოდ გამარჯვება მოვახერხეთ. ვიქტორ სანიკიძემ ითამაშა მაშინ გადამწყვეტ წუთებში დიდებულად..
– „როკთან“ კონტრაქტი დაგიმთავრდა და ახლა რას აპირებ?
– მომავალი გაურკვეველია, ჯერ არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას. ესტონეთში სამი სეზონი ვითამაშე და საკმაო გამოცდილებაც მივიღე. ახლა მინდა უფრო ძლიერ გუნდში მოვსინჯო ძალა. ჩემი მენეჯერი მპირდება, რომ გამოჩნდებიან მსურველები და მეც ველოდები.
– ახალი კლუბის ძებნა საქართველოს ნაკრებთან მომზადებაში ხომ არ შეგიშლის ხელს?
– შესაძლოა, რამდენიმე დღით გასინჯვებზე მომიწიოს წასვლა, თუმცა არა მგონია, ამის გამო რამე პრობლემა შემექნმას ან მე, ან ნაკრებს ჩემი დროებით წასვლის გამო.
– ახლა ნაკრების შანსებზეც დაგეკითხები. როგორ ფიქრობ, მოვახერხებთ A დივიზიონში გადასვლას?
– ძალიან კარგი შანსი გვაქვს, რომ ყველა თამაში მოვიგოთ და პლეი ოფში ჩერნიგორიას ავცდეთ. მჯერა, რომ ელიტაში გადასვლას მოვახერხებთ, ნახევარი გზა წარმატებით გავიარეთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ნაკრების მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი მე და სანიკიძეს რამდენჯერმე შეგვეხმიანა და მოგვიკითხა.