ინტერვიუ იგორ კოკოშკოვთან

ორ დღეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმება და ლუქსემბურგთან მატჩით B დივიზიონიდან ელიტაში ასანაცვლებელ გზას შეუყვება. იგორ კოკოშკოვის გუნდს წლეულს 6–დან 17 სექტემბრამდე 4 მატჩი ელის, ხოლო მეორე წრის შეხვედრები მომავალი წლის შემოდგომაზე გაიმართება და ჯგუფური ეტაპიც ამით დასრულდება. მანამდე დიდი დროა და საქართველოს ნაკრები ახლა კარსმომდგარ ოთხ მატჩზეა კონცენტრირებული. 14 აგვისტოდან კოკოშკოვის გუნდი უცხოეთშია და სხვადასვა ქვეყნებში უკვე 7 ამხანაგური მატჩი გამართა. ქართველები მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ეტაპს ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში გადიან და ჩვენი ნაკრების სერბ დამრიგებელ იგორ კოკოშკოვსაც იქ დავუკავშირდით გუნდში არსებული სიტუაციის გასაგებად…
 
–        გუნდში საკმაოდ კარგი ატმოსფეროა. ნაკრების ყველა წევრი მაქსიმალურადაა მობილიზებული და საბრძოლველად მომართული. რაც მთავარია, ყველა დისციპლინის დაცვით ეკიდება საქმეს და ეს ძალიან კარგია. საქართველოს ნაკრებში საქმისადმი მიდგომის კულტურა იცვლება და წარმატების მიღწევის საქმეში ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია.
–       გუნდის სათამაშო ფორმით თუ ხართ კმაყოფილი?
–        მწვრთნელი არასდროს არ უნდა იყოს კმაყოფილი, რადგან დასახვეწი და გასაუმჯობესებელი ყოველთვის არის რაღაც. მიუხედავად ამისა, იმ ვითარების გათვალისწინებით, რაშიც საქართველოს ნაკრები აღმოჩნდა, უკმაყოფილების საბაბი ნაკლებად არ მაქვს. ამაში უპირველესად საქართველოში მომხდარ ამბებს ვგულისხმობ, რის გამოც საშინაო მატჩები მეტოქე ქვეყნებში გადაიტანეს და ჩვენც თვეზე მეტი გვიწევს უცხოეთში ყოფნა. ეს საკმაოდ დიდი ფსიქოლოგიური და მენტალური წნეხია ყველა მოთამაშისთვის. არ არსებობს მსოფლიოში გუნდი, ამდენ ხანს რომ იყოს სამშობლოს მოწყვეტილი და ამ დონის ტურნირის 4 მატჩი სტუმრად ითამაშოს.
 

იგორ კოკოშკოვი
–        ერთის მხრივ, შეიძლება დადებითიც იყოს, ამდენი ხანი რომ გუნდი ერთადაა…
–        რა თქმა უნდა, არის დადებითი მომენტიც, მაგრამ ეს კარგად უნდა გამოვიყენოთ. გუნდი შეკრულია, შეთმაშებული და ყველამ კარგად იცის თავისი საქმე. თითოეული მოთამაშის ფუნქცია გუნდში ზუსტადაა განსაზღვრული და ახლა ჯერი მათზეა, როგორ შეასრულებენ დაკისრებულ ამოცანას. მიუხედავად იმ ფორს–მაჟორული მდგომარეობისა, რაშიც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აღმოჩნდა, ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელებმა ყველა პირობა შეგვიქმნეს, რომ კარგად მოვმზადებულიყავით. ასეთი რაღაცა ათასში ერთხელ ხდება, თუმცა ფედერაციამ უმალ იპოვა გამოსავალი და გუნდს მომზადების იდეალური პირობები შეუქმნა.
–        თავად მოთამაშეები როგორ ფორმაში არიან და ტრავმა ხომ არავის აწუხებს?
–        არავინ არაა ტრავმირებული, მხოლოდ ტაირონ ელისს აწუხებდა მუხლი, რომელიც ავსტრიასთან მატჩებში დავასვენეთ, რათა რისკი დიდი იყო. ახლა ელისი ჯანმრთლადაა და უკვე მესამე დღეა, სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ყველა ოპტიმალურ ფორმაშია და არც მობილიზება აკლია არავის.
–        რას იტყვით მოსამზადებელ მატჩებზე, კმაყოფილი ხართ შედეგებით?
–        შედეგი ამ ეტაპზე არაა მნიშვნელოვანი, თუმცა იყო თამაშები, რომელთა წაგებამ გული დამწყვიტა. ავსტრია არაა ისეთი გუნდი, რომ 2 თამაში მოგვიგოს, მაგრამ მასპინძლებმა ჩვენზე უკეთ ითამაშეს და ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. უპირველესად, ჩვენი გადაღლილობა. 6 დღეში 5 მატჩი გავმართეთ, რაც არც ერთ ევროპულ გუნდს არ გაუკეთებია მოსამზადებელ პერიოდში. ავსტრიამდე ძალაინ ძლიერ მეტოქეებს შევხვდით და გადავიღალეთ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ტაირონ ელისის არყოფნა გამართლება არაა, მაგრამ ამანაც ითამაშა თავისი როლი. მანამდელ მატჩებში ნაკრების ერთ–ერთი ლიდერი სწორედ ელისი გახლდათ და ავსტრიელებთან ის ძალიან დაგვაკლდა.
–        დანარჩენი მატჩებით ალბათ კმაყოფილი ხართ…
–        უკრაინაში ძალიან ძლიერად ვითამაშეთ, ასევე ლატვიაში, როცა მასპინძლებს მოვუგეთ. გუნდმა აჩვენა ხასიათი და იმაში დარწმუნდა, რომ თუ გამართულად ითამაშებ, გაცილებით ძლიერი მეტოქის დამარცხებაც შეიძლება, არათუ იმ გუნდებისა, რომლებსაც მომავალ საკვალიფიკაციოში ვხვდებით.
–        რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ოთხივე გასვლითი მატჩის მოგება?
–        კარგი შანსი გვაქვს, ყველა მატჩი მოვიგოთ, მაგრამ წინასწარ გადაჭრით რამის თქმა რომ უაზრობაა, ესეც ყველას კარგად მოეხსენება. ის, რომ პოტენციალი გაგვაჩნია და გუნდში არსებული სიტუაცია მოგების იმედს იძლევა, ეს თავლნათელია. არის მომენტები, რომლების გავლენასაც ჩვენს გუნდზე მალე დავინახავთ. კალათბურთი არაა მათემატიკა, აქ არ არსებობს კანონები, რომ ძლიერმა აუცილებლად უნდა მოუგოს სუსტს. ამის მაგალითს იძლევა თუნდაც ფინეთი, რომელიც შარშან ავიდა A დივიზიონში და უნგრეთს სტუმრად ხომ მოუგო და შინ სერბეთიც დაამარცხა. არადა, საქართველოს ნაკრები შარშან ტოლსწორად ეთამაშა ფინეთს და რომ არა ისლანდიასთან დასანანი მარცხი, შესაძლებელია, ახლა ჩვენ ვყოფილიყავით A  დივიზიონში.