ინტერვიუ იტალიურ “ვირტუსში” გადასულ ვიქტორ სანიკიძესთან

ინტერვიუ იტალიურ “ვირტუსში” გადასულ ვიქტორ სანიკიძესთან

საქართველოს ეროვნული ნაკრების უდაოდ გამორჩეული მოთამაშე ვიქტორ სანიკიძე გახლავთ, რომელმაც ბოლო ორ შეხვედრაში 30 ბურთი მოხსნა და მიუხედავად იმისა, რომ ამპლუით ის არც ცენტრია და არც თავდამსხმელი, ფარის ბატონ–პატრონის სახელი დაიმკვიდრა. სანიკიძემ არანაკლებ კარგად ჩაატარა გასული წრის მატჩები და ამ შესარჩევ ციკლში იგი მთლიანობაში ჩვენი ნაკრების ლიდერია ქულებსა და მოხსნებში. სანიკიძეს ჩინებული სეზონი ჰქონდა ესტონურ „ტარტუ–როკში“ და ყველაფერი ეს ყურადღების გარეშე არ დარჩენილა საკალათბურთო სამყაროსთვის. ხუთიოდ დღის წინ ვიქტორს კონტრაქტი გაუფორმა იტალიური კალათბურთის ერთ–ერთმა ფლაგმანმა – ბოლონიის „ვირტუსმა“ (ყოფილი „კინდერი“). სანიკიძესთან ეს ინტერვიუ, რა თქმა უნდა, სანაკრებო თემით დავიწყეთ.
 

 
– თავდაპირველად ირლანდიასთან მატჩზე გკითხავ. კმაყოფილი თუ ხარ ჩვენი გუნდის თამაშით?
– შედეგით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ირლანდიისავით მებრძოლი გუნდის 25 ქულით დამარცხება იოლი საქმე არ გახლავთ. ჩვენ უფრო იმას მოველოდით, რომ ლუქსემბურგს 50 ქულით მოვუგებდით, ვიდრე ირლანდიას – ოცდახუთით.
– რატომ, ირლანდიაში ხომ 17 ქულით იმარჯვეთ და აქ გაცილებით დიდი სხვაობით მოგება იყო შესაძლებელი – თანაც ბურთების შეფარდებასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება…
– მთავარი მიზეზი იმისა, რომ ირლანდიასთან ახლა უფრო რთული ბრძოლა გვექნებოდა, იყო ფსიქოლოგიური მომენტი. ჩვენს მეტოქეს ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი იმედი გადაწურული აქვს და ცხადი იყო, რომ თავისუფლად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ითამაშებდა. ამას დაემატა იღბლიანობა, ირლანდიელებს ძალიან უმართლებდათ და ისეთ ბურთებს აგდებდნენ, რომელიც ზოგადად იშვიათად ვარდება. ალალ ბედზე ისროდნენ და უმართლებდათ და სანამ მათ იღბალმა არ აქცია ზურგი, ცოტა გვანერვიულეს.
– რა პერიოდში ანერვიულდით?
– ნერვიულობის რა გითხრა, მაგრამ როცა სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა მესამე პერიოდში, თავისთავად ცუდმა აზრმა გამკრა თავში. თუმცა ამ კრიტიტულმა ეპიზოდმა უფრო დადებითი გავლენა იქონია ჩვენს ნაკრებზე, ვიდრე – უარყოფითი. მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და დამაჯერებელი ანგარიშით გავიმარჯვეთ.
 

– ფიქრობ, რომ 25 ქულით გამარჯვება მშვიდად ყოფნის გარანტიას იძლევა?
– არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მატჩის დამთავრებიდან მალევე ისეთი ამბავი შევიტყვეთ, რომ ნამდვილად დავმშვიდდით. ჯგუფში ჩვენმა კონკურენტმა შვედეთმა სლოვაკეთს მხოლოდ 6 ქულით მოუგო და ამით პლეი ოფში მათი გადასწრების ძალიან კარგი შანსი მოგვცა.ჯგუფის შედეგებზე ეს არ მოქმედებს, შვედების 3 ქულით დამარცხებაც გვყოფნის პირველი ადგილის დაკავებაში, თუმცა მერე ხომ პლეი ოფია და იქ უკვე ბურთების საერთო შეფარდებას ექცევა ყურადღება. ასე რომ შვედეთმა შინ რომ 6 ქულაზე მეტით ვერ მოიგო, ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩვენთვის. მათემატიკურად ეს იგივე გახლთად, ჩვენ 45 ქულით რომ დაგვემარცხებინა ირლანდია, რადგან ვფიქრობდით, შვედები 20 ქულით მაინც მოუგებდნენ სლოვაკებს.
– ასეთ მნიშვნელობას რაკი ანიჭებთ, შვედეთის პლეი ოფში გადასწრებას, გამოდის, კონკრეტულ მეტოქესთან შეჯახებას გაურბიხართ…
– რა დასამალია, რომ მონტენეგროსთან შეხვედრა არათუ ჩვენ, არავის არ უნდა. ეს გუნდი A დივიზიონშიც კი არაერთ გუნდს აჯობებს და რა თქმა უნდა, არ გვინდა მასთან ბრძოლა. მონტენეგროს ადგილი ელიტაშია და ჩვენს დივიზიონში იმიტომაა, რომ დამოუკიდებლობა ახალი მოპოვებული აქვს და კოეფიციენტი არ ჰქონდა, A დივიზიონში ადგილის თავიდანვე მოპოვებისთვის.
– ვუფრთხით მონტენეგროს და შვედეთის დამარცხებაზე ვლაპარაკობთ – ზეგინდელი მეტოქე სლოვაკეთი კი გვავიწყდება…
– არავინ დაობს, რომ სლოვაკეთთან რთული ბრძოლა გველის და ეს საქართველოს ნაკრების წევრებმა კარგად ვიცით. სტატისტიკას გადავავლეთ თვალი და ძირითადად სულ ახალი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებიც, როგორც შვედეთთან მატჩით გამოჩნდა, საკმაოდ ძლიერები არიან. გაცილებით რთული მატჩი გველის, ვიდრე ირლანდიელებთან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. 15 ქულაზე მეტით მოგება ძალიან კარგი შედეგი იქნება. ეს თუ მოვახერხეთ, შვედების დამარცხებაც და პროგრამა მინიმუმი შესრულებული გვექნება.
– ჩვენი ნაკრების ბოლო მატჩების შემხედვარე, შთაბეჭდილება დარჩა, რომ გუნდს გარკვეულწილად გამოსასწორებელი აქვს თამაში. ამას აღნიშნავს მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვიც…
 

 – უდაოა, რომ დაცვაში თამაში გვაქვს დასახვეწი, მით უფრო, რომ პლეი ოფში ურთულესი ბრძოლები გველის. რაც მთავარია, ჩვენს გუნდს მომატების პოტენციალი გააჩნია და მჯერა, რომ მომავალ მატჩებს უკეთეს დონეზე ჩავატარებთ.
– ბოლოს შენს თამაშზე დაგეკითხები. ალბათ კმაყოფილი ხარ – ბოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს…
– ჩემთვის პირად ტიტულზე მეტად მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა. ჩემი თამაშით გარკვეულწილად კმაყოფილი ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ მომატება კიდევ შემიძლია და ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. ნაკრების შემდეგ საკმაოდ სერიოზული გამოცდა მელის – 5 დღის წინ კონტრაქტი ბოლონიურ „ვირტუსთან“ გავაფორმე.
– შენ დრაფტზე ხარ 2004 წელს არჩეული და შენზე უფლებებს „სან ანტონიო“ ფლობს. მათგან რამე დაინტერესება ხომ არ ყოფილა?
– სერიოზული არაფერი – ტრადიციულად, კემპზე ვიყავი მიწვეული, მაგრამ არ წავედი, რადგან დასვენება მინდოდა ნაკრების თამაშებისთვის. თან ამერიკაში დარჩენის შანსი მცირე მქონდა, რადგან ესტონეთის ჩემპიონატს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ – ამერიკელები უფრო სოლიდური ლიგის წარმომადგენლებით ინტერესდებიან.
– იტალიის ჩემპიონატი საამისოდ საუკეთესო ვარიანტია.
– „ვირტუსთან“ სამწლიანი კონტრაქტი მაქვს და იმედი მაქვს, ამ ხნის მანძილზე ისე დავიხვეწები, რომ ნბა–ში თამაშის შანსი მომეცემა.
– დაბოლოს, სლოვაკეთთან მატჩის წინ რას ეტყვი გულშემატკივრებს?
– მადლობას და მხოლოდ მადლობას. ნამდვილად არ ველოდი, რომ ლუქსემბურგთან და ირლანდიასთან 6–7 ათასი მაყურებელი მოვიდოდა სპორტის სასახლეში. ჩვენ ქომაგების მხარდაჭერას მძაფრად ვგრძნობთ და მათი გვერდში დგომის იმედი მომავალ გადამწყვეტ მატჩებშიც გვაქვს.