გუშინ გერმანიის ქალაქ ფრეისინგში ფიბა–ევროპის მიერ გამართულ კენჭისყრას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი ესწრებოდნენ. საინტერესოა, რას ფიქრობენ ქართული კალათბურთის მესვეურები მას შემდეგ, რაც A დივიზიონში ჩვენი მეტოქეები გაირკვნენ. ბესიკ ლიპარტელიანი კენჭისყრის შთაბეჭდილებებსა და მომავალ გეგმებზე გვესაუბრება…
– საქართველოდან რომ მივდიოდით, ვფიქრობდით, ნეტა იტალია არ შეგვხვდესო. საბოლოოდ ასეც მოხდა, თუმცა არ ვთვლით, რომ იოლ ჯგუფში მოვხვდით. სწორედ იტალიის და ჩვენი ჯგუფებია გამორჩეულად ძლიერები, ხოლო ყველაზე სუსტი B ჯგუფია. კარგი იყო, მასში მოვხვედრილიყავით, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არას გვარგებს. ერთი რამეა: თუკი A დივიზიონში გადასვლის პრეტენზია გვქონდა, ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით.
– და მაინც, რას იტყვით ჩვენს მეტოქეებზე?
– ოთხივე გუნდი საკმაოდ ძლიერი. ძნელიცაა, რომელიმე გამოარჩიო, იმდენად დაბალანსებული ჯგუფია. ბულგარეთს ბოლო წლებში შინ არ წაუგია, პოლონეთი საკმაოდ ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ზოგადადაც კარგი გუნდია. პორტუგალია ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი, ხოლო პოლონეთზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, იმხელა გამოცდილების და პოტენციალისაა ეს ნაკრები.
– პოლონეთი გახლდათ ჩვენი ეროვნული ნაკრების პირველი მეტიოქე ოფიციალურ ტურნირში…
– დიახ, ეს 1995 წელს იყო და ნაკრების მწვრთნელი მაშინ მე გახლდით. პირველი ოფიციალური ტურნირი გვქონდა და ინგლისის ქალაქ ბირმინგემში მოგვიწია საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშმა. პოლონეთი ფავორიტი გახლდათ, რომელიც პირველივე მატჩში შეგვხვდა და 23 ქულით დაგვამარცხა. თუმცა შემდეგ საკმარისი მატჩები მოვიგეთ და მოვახერხეთ მომდევნო ეტაპზე გასვლა.
– პოლონეთი პირველი მეტოქე იქნება ამ შესარჩევ ეტაპზეც. რას იტყვით კალენდარზე?
– შეიძლება ითქვას, კალენდარში გაგვიმართლა. ბოლო შეჯიბრებებში სულ ისე გვიწევდა, რომ შესვენების გარეშე ვთამაშობდით. ანუ ჯგუფში გუნდების კენტი რაოდენობა რომ იყო, ჩვენ მაინცდამაინც ბოლო ტურში გვიწევდა დასვენება და გამოდიოდა, რომ ყველა მატჩს დასვენების გარეშე ვთამაშობდით. ახლა კი ამ მხრივ კარგად აეწყო. პირველ ტურში შინ პოლონეთს ვხვდებით და თუკი გავიმარჯვებთ, უკეთესად განვითარდება ჩვენთვის მოვლენები. მორიგი მატჩი სრუმრად გვაქვს ბელგიაში და იქ გამარჯვებულის ფსიქოლოგიით გავემგზავრებით. მომდევნო ტურში ვისვენებთ და მერე პორტუგალიას ვმასპინძოლბთ. ბოლო ტურში შინ ბულგარეთს ვეთამაშებით. ერთი სიტყვით, კალენდარით უკმაყოფილოები არ უნდა ვიყოთ.
– როგორ ფიქრობთ, მოვახერხებთ ჯგუფიდან გასვლას?
– ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმც მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ იმის ილუზია, რომ უეჭველად ევროპის ჩემპიონატზე ვართ გასულები, ნურავის ნუ ექნება. ჩვენი უმთავრესი მიზანია ელიტაში ადგილის დამკვიდრება და იმედი გვაქვს, რომ ტურნირის პროცესში რამე ხელჩასაჭიდი გამოჩნდება, რასაც უნდა ჩავებღაუჭოთ და ბოლომდე გამოვიყენოთ ჯგუფიდან გასვლის თუმდაც მცირე შანსი. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ მოვემზადებით.
– მოსამზადებელ შეკრებას გულისხმობთ?
– გუნდის შეკვრა–შეთამაშებაზე მაქვს საუბარი, რისთვისაც უმთავრესი პირობაა ნაკრების ყველა წევრის დროულად ჩამოსვლაა. მოგეხსენებათ, ეს პრობლემა სულ აწუხებდა ჩვენს ნაკრებს და ამჯერად მაინც უნდა მოვახერხოთ ყველა ლეგიონერის დროულად შეკრება. მით უმეტეს, რომ ყველაზე გადატვირთული გრაფიკი ახლაა. 25 დღეში 8 მატჩის გამართვა გვიწევს. ერთ მონაკვეთში ისე ემთხვევა, რომ 9 დღეში 4 შეხვედრა გვაქვს. ასეთი დატვირთული გრაფიკისთვის ყველა მზად უნდა იყოს. მართალია, ჩვენი ლეგიონერები ძალიან კარგ გუნდებში თამაშობენ, მაგრამ ნაკრებთან შეკრების გავლა აუცილებელია, რათა ფიზიკური ფორმის განმტკიცებასთან ერთად გუნდს კიდევ უფრო შეერწყან. ვინც სრულფასოვან შეკრებას არ გაივლის, შესაძლოა, 2–3 მატჩი კი ნორმალურად ითამაშოს, მაგრამ ბოლომდე ძალები არ გასწვდება.
– გერმანიაში, კენჭისყრის შემდეგ თუ გქონდათ ლაპარაკი ჩვენს მეტოქეებთან?
– რა თქმა უნდა, გავესაუბრეთ ყველა მათგანს, თუმც ეს უფრო საქმიანი შეხვედრას გავდა. ვილაპარაკეთ ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც ჩვენს მომავალ მატჩებს ახლავს, ხოლო რაც შეეხება კონკურენტებზე ინფორმაციის მოპოვებას, ამაში სხვა ქვეყნები დაგვეხმარებიან. მაგალითად, ესტონეთის ნაკრები, რომელიც B დივიზიონში გავარდა, დაგვპირდა, რომ პორტუგალიასა და ბულგარეთთან მათი თამაშების ვიდეოფირს მოგვცემს.
– ამხანაგური მატჩების შესახებ ხომ არ შეუთანხმდით ვინმეს?
– შეთანხმებას მივაღწიეთ ისრაელის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, რომ აუცილებლად ვითამაშებთ ამხანაგურ მატჩს. სად ჩატარდება იგი, ჯერ არ ვიცით. ან თბილისში, ანაც ისრაელში. პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ ისრაელში ჩავა, ნაკრების მწვრთნელთან გაისაუბრებს და მერე გვაცნობებს საკუთარ მოსაზრებას მატჩის გამართვის დროსა და ადგილთან დაკავშირებით… ჩვენ გვსურს, რომ
თბილისში საერთაშორისო ტურნირი გავმართოთ და იმედია, ამ ჩანაფიქრს განვახორციელებთ. ამას გარდა ერთ უცხოურ ტურნირშიც ვითამაშებთ და ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება. ფედერაცია სახელმწიფოს ხელშეწყობით დასახავს კონკრეტულ გეგმებს, დანიშნავს შეკრებას და იმედი მაქვს, გუნდის ყველა წევრი ბოლომდე დაიხარჯება, მაქსიმუმს გაიღებს და დასახულ მიზანსაც ბოლომდე მივიყვანთ.
– კენჭისყრის გამართვამდე რა განწყობა სუფევდა საკალათბურთი წრეებში?
– ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ ჩვენი ნაკრები უმეტესობას ანგარიშგასაწევ ძალად მიაჩნდა. მოგეხსენებათ, ბოლო კალათაში საქართველო, მონტერენგრო და უკრაინა იყვნენ. არავინ მალავდა, რომ ამათგან საკუთარ ჯგუფში უკრაინას ისურვებდა. კენჭისყრის დროს ჩემს გვერდით იჯდა მაკედონიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც ვერ დამალა აღფრთოვანება, როცა მათ ჯგუფში ბოლო კალათიდან უკრაინა ამოიღეს. არადა, როცა მონტენეგრო A ჯგუფში გაამწესეს, დავრჩით ჩვენ და უკრაინა. გვინდოდა, მაკედონიასთან მოვხვედრილიყავით B ჯგუფში, მაგრამ კალათიდან უკრაინა ამოიღეს.
– ჩვენი ნაკრების მწვრთნელი რა აზრისაა მეტოქეებზე?
– იგორ კოკოშკოვმა თქვა, რომ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. მისი აზრიც ისაა, რომ B ჯგუფში მოხვედრა ჯობდა, თუმცა ამას ის გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მთავარია, კარგად მოვემზადოთ და შედეგს აუცილებლად მივაღწევთ – ამბობს იგი.