ინტერვიუ ლევან ინწკირველთან
ისტორიული შეხვედრის გახსენება
ლეგენდარული მოთამაშე, შემდგომში კი არანაკლებ დიდი მწვრთნელი ლევან ინწკირველი საკმაოდ საინტერესო მოსაუბრე გამოდგა. პიროვნება, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ნათამაშები ქართული კალათბურთის წინსვლასა და პოპულარიზაციაში, იმ ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი იყო, რომელმაც ქართულ სპორტს არნახული წარმატება მოუტანა. მისმა “დინამომ” ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში მრისხანე მადრიდის “რეალი” დაამარცხა. ბატონ ლევანთან საუბარი სწორედ 1962 წლის ფინალით დავიწყეთ.
– ფინალში გასვლა უკევ იყო ქართული კალათბურთის დიდი, მე ვიტყოდი, ისტორიული გამარჯვება. ჩავედით ჟენევაში, დავბინავდით, გავიარეთ ორდღიანი აკლიმატიზაცია და წავედიტ პირვე ვარჯიშზე. საინტერესო ის იყო, რომ სავარჯიშO დარბაზი არ იყო მზად, ნახევარ მოედანზე ფიცარნაგი არ იყო დადებული. წესით და რიგით, რაღაც წარმოდგენა უნდა გვქონოდა მეტოქეზე, გვინდოდა, მათი ვარჯიში მაინც გვენახა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, ხოლო “რეალის” ხელმძრვანელებს კი ეგრევე მიართვეს ჩვენი ვარჯიშის ფირი. მცირე დროში მეტოქეზე, თანაც ასეთ სერიოზულ მეტოქეზე სრული წარმოდგენის შექმნა ჩვენთვის შეუძლებელი იყო და მეტოქის შესწავლა უშუალოდ თამაშის დროს დავიწყეთ. ჩვენს ვარჯიშს “რეალის” წარმომადგენლები რომ ესწრებოდნენ, სიცილი გვესმოდა, ხუმრობდნენ, ამათმა ჩვენ როგორ უნდა მოგვიგონო. “რეალს” ჰყავდა ამერიკელი ჰაიტაუერი, მაგარი ჯანიანი მოთამაშე და რომ ნახეს, ანზორ ლეჯავასთან რომ უნდა ეთამაშა, ეცინებოდათ. “რეალში” ასევე იყვნენ ესპანეთის ნაკრების წევრები, ძლიერი იყო როდრიგესი და მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, “რეალი” საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო. ჩვენ კი პირიქით, ქართული ჟინით გავედით მოედანზე და როგორც შემდგომში, ქართული კალათბურთის, მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მეოცე საუკენეში ასეთი გუნდური წარმატება არცერთ სხვა სახეობაში არ ყოფილა.
– მეორე დღე გათენდა, ალბათ, კიდევ ერთხელ ივარჯიშებდით, არა?- კი, ჩვეულებრივი დღე იყო, მწვრთნელმა დავიბარა ყველა მოთამაშე და როგორც შევძელით, ისე გავარჩიეთ მოწინააღმდეგის ტაქტიკა, ყველაფერი ის, რაც ხელთ გვქონდა, გამოვიყენეთ. ჩვენთან ერთად იყო იური ოზეროვეი, რომელიც ფიზკულტურის კომიტეტის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, რომელსაც გაუკვირდა, ეს არის სულ რასაცა ფლობთო? ჩვენ ვუპასუხეთ, ჩვენ ჩვენსას ვეცდებით, ჩვენსას ვითამაშებთ და რაც შეგვეძლება, გავაკეთებთო.
– უშუალოდ, თამაშზეც გადავედით…- თამაში თავიდანვე გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ფაქტიურად, ანგარიში სულ ჩვენ მიგვყავდა. საბოლოოდ, შეხვედრის ბედი გადაწყდა მაშინ, როდესაც ჰაიტაუერმა მიიღო მეოთხე პერსონალური შენიშვნა და დატოვა მოედანი. ამან უდიდესი უპირატესობა მოგვცა, რადგან ჰაიტაუერს იმ მომენტისთვის სადღაც, 30 ქულამდე ჰქონდა დგროვილი და ფარზეც მაგრად მუშაობა. იგი გუნდის წამყვანი მოთამაშე, დაცვაში ყველაზე კარგად ირჯებოდა, თამაშის მსვლელობას აკონტროლებდა და მაშინ ევროპულ გუნდებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მაგ მომენტში რამდენიმე ქულით ვიყავით წინ და ბოლომდე მოვახერხეთ ჩვენთის სასურველი ანგარიშის შენარჩუნება და მოვიგეთ 90:83. ჩვენს გუნდში 20 ქულაც კი არავის დაუგროვებია, გუნდური თამაშით მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება, რომ იტყვიან, მოედანზე ყველაფერი დავდეთ. შეხვედრას, რომელსაც 10 000 გულშემატკივარი ესწრებოდა, უმეტესობა, რა თქმა უნდა, ესპანელები იყვნენ და “რეალს” მთელი შეხვედრის განმავლობაში ქომაგობდნენ, თუმცა ჩვენი მცირერიცხოვანი გულშემატკივრების შეძახილები სულ გვესმოდა და გამარჯვების შემდეგ, ყველა ჩვენს გვერდით იყო. იმ სიხარულს, სიამაყეს, რაც ამ გამარჯვებამ მოგვიტანა, სიტყვებით ნამდვილად ვერ გადმოგცემთ.
– დახვედრაც გრანდიოზული იყო…- ორ დღეში ჩამოვფრინდით თბილისში და აეროპორტში ჩაგვაჯინეს მანქანებში და წამოვედით ქალაქისკენ. საზოგადოებამ ღირსეულად შეაფასა ჩვენი გამარჯვება, რაც ჩვენთვის სასიახრულო იყო. ყველა აცნობიერებდა, რომ იქამდე ასეთი წარმატება ქართულ სპორტში არ ყოფილა. სამწუხაროდ, იმ დღიდან გავიდა 46 წელიწადი და ქართულ კალათბურთს დიდი წარმატება მსოფლიო არენაზე არარ უზეიმია. თუ არ ჩავთვლით, 1968 წელს, როდესაც ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალი წავაგეთ ვენაში “სლავიასთან”. სამწუხაროდ, ჩეხებთან დავმარცხდით სხვადსხვა მიზეზების გამო. ერთი წლის შემდეგ “დინამომ” ამავე ტურნირის ნახევარფინალი ითამაშა, სადაც ამჯერად ნეაპოლის “ფიდესთან” წავაგეთ. იმ დროს იტალიელებს ბევრი ძლიერი უცხოელი ჰყავდა და ნეაპოლის გუნდში სამი ამერიკელი იყო. ამ ამერიკელებმა ფაქტობრივად, გადაწყვიტეს კიდეც შეხვედრის ბედი.
– იტალიელებთან თამაშის დროსაც ცენტრი ანზორ ლეჟავა იყო, არა?- ლეჟავამ საკმაოდ კარგად ითამაშა, მაგრამ გაუჭირდა. ამერიკელები ფიზიკურად ძალიან სერიოზულად იყვნენ მომზადებულნი და ამის ხარჯზე დიდ უპირატესობას აღწევდნენ.
– ცუდი მსაჯობის ფაქტორი ხომ არ იყო?- არა, არანაირად. უბრალოდ, ნეაპოლს ჰყავდა ძალიან ძლიერი, შეკრული გუნდი და სპორტული იღბალი იმ დღეს იტალიელების მხარეს იყო.
– 1963 წელს მიგენიჭათ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება, ერთი წლის მერე კი კარიერა დასრულეთ. რამ განაპირობა ამ გადაწყვეტილების მიღება?- სპორტული ენით რომ ვისაუბროთ, ასაკმა თავისი დაღი დამასვა. იმ დროს ვიყავი უკვე 36 წლის დაყ ველა სპორტსმენის, ხელოვანის ცხოვრებაში მოდის დრო, როდესაც უნდა დაასრულო ერთი ეტაპი და გადახვიდე სხვა სფეროში. სხვა სფეროში გადასვლა კი ჩემს შემთხვევაში მოთამაშიდან მწვრთნელობაში გადასვლა იყო. 1965 წლიდან ჩავუდექი სათავეში სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის გუნდს და 1966 წელს ეს გუნდი გახდა საქართველოს უმაღლესი ლიგის გამარჯვებული. აქედან, 1967 წელს როდესაც დავინიშნე “დინამოს” უფროს მწვრთნელად, გუნდში მიყვანილი მყავდა სამი ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებიც იქამდე ჩემთან ერთად სასოფლოს გუნდში იყო. ამ სამიდან ერთ-ერთმა, კერძოდ კი ვაჟა ნარიმანიძემ მოახერხა ხუთეულში მოხვედრა და კარგადაც შეასრულა თავისი ფუნქციები. იგი იყო გამთამაშებელი და ამ პერიოდში გუნდს გამოაკლდა ისეთი დიდი მოთამაშე, როგორიც იყო გუნდის ლიდერი გურამ მინაშვილი და ნარიმანიძემ კარგად შეასრულა თავისი მოვალეობა მთელი სეზონის განმავლობაში და შეიტანა თავისი წვლილი იმაში, რომ ჩვენი გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.
– მოდით, უშუალოდ 1968 წლის სეზონი გავიხსენოთ.- ეს სეზონი გამოდგა წინა წლების სეზონებზე გაცილებით მძიმე, იმის გამო, რომ ჩატარდა ახალი სისტემით, ანუ ყველა გუნდი ერთმანეთს შინ და გარეთ ხვდებოდა და საბოლოო ჯამში მოგვიწია 44 შეხვედრის გამართვა, რაც დამეთანხმეთ, ნებისმიერ სახეობასა და ნებისმიერ დროს საკმაოდ რთული იქნებოდა. სეზონის დასწყისიდან მის დასრულებამდე ვიყავით პირველ ადგილზე და ყველა გუნდთან მინიმუმ თანაბარი ბალანსი გვქონდა, უმეტესობასთან კი ვლიდერობდით. ბოლო ორი შეხვედრა მოსკოვში ცსკა-ს წინააღმდეგ უნდა ჩაგვეტარებინა. ერთი მატჩი მოვიგეთ და ამის შემდეგ, დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან ორი ვეფის წინააღმდეგ და ორიც “ჟალგირისთან”, უნდა მოგვეგო თუნდაც ორი მატჩი და ჩემპიონობა ჩვენი იყო. კერძოდ, ორი შეხვედრა რიგის გუნდის წინააღმდეგ, რომლებიც თბილისში ჩატარდა, მოვიგეთ და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ვიზეიმეთ ეს დიდი გამარჯვება, რომელსაც ესწრებოდა თბილისის სპორტის სასახლეში რამდენიმე ათასი გულშემატკივარი. მერე ჩავედით კაუნასში, “ჟალგირისს” ერთი შეხვედრაც მოვუგეთ, ერთიც დავთმეთ, მაგრამ აღარანირი მნიშვნელობა არ ჰქონია. ჩვენმა ხელმძღვანელებმა დაგვისახეს მიზანი, რომ “ჟალგირისთან” ერთი შეხვედრა მაინც უნდა მოგვეგო, რომ ჩემპიონის რანგში ორივე დაპირისპირება არ დაგვეთმო. მაშინდელი გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ლევან მოსეშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ანზორ ლეჟავა, ვალერი ალთაბაევი, ანტონ კაზანჯიანი, ზურაბ ქარაბაკი, სერგო მაღალაშვილი, ვაჟა ნარიმანიძე, რევაზ მამალაძე, ზურაბ ლეონტიევი და გუნდის კაპიტანი, ჩვენი ლიდერი ამირან სხიერელი.
– როგორც ვიცით, 1968 წლის ჩემპიონატის დიდი ნაწილი გამოტოვეს იმ მოთმაშეებმა, რომლებსაც სსრკ-ს ნაკრებში მეხიკოს ოლიმპიადაზე უნდა ეთამაშათ. მათ რიცხვში იყო ზურაბ საკანდელიძეც.- ზურაბ იმ სეზონში მხოლოდ რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მის გარეშეც მოავახერხეთ დასახული მიზნის შესრულება, ანუ ჩემპიონები გავხდით. სხვათა შორის, იმის გამო, რომ მას მატჩების აუცილებელი რაოდენობა არ დაუგროვდა, ზურაბ საკანდელიძეს ოქროს მედალი არ გადაეცა. ამ ჩემპიონატში აღსანიშნავი იყო იმ მატჩების ჩატარება, რომლებშიც ყველაფერი თითო ქუალმ გადაწყვიტა, კერძოდ კი მოსკოვის ცსკა-სთან. რუსული გრანდი იყო უძლიერესი გუნდი, რომელსაც ერთი შეხვედრა მოვუგეთ ერთი ქულით, მეორე მატჩში კი ყველაფერი სამმა ქუალმ გადაწყვიტა. სწორედ ამ მატჩი შემდეგ გავხდით ერთპიროვნული ლიდერები და როგორც იქამდე ვთქვი, ეს უპირატესობა ბოლომდე შევინარჩუნეთ. ლენინგრადის “სპარტაკიც” სერიოზული გუნდი იყო, რომლის შემადგენლობაშიც იყო იმ დროის ერთ-ერთი ბუმბერაზი მოთამაშე ალექსანდრე ბელოვი და მწვრთნელად ჰყავდა ვლადიმირ კონდრაშინი. ჩვენს შორის იმ სეზონის მატჩები ფრედ, 2:2 დასრულდა. ჩვენც და “სპარტაკმაც” გასვლაზე თითო მატჩის მოგება შევძელით.
– ბატონო ლევან, მოდით მოთამაშის რანგში თქვენი საუკეთესო მატჩი გავიხსენოთ.- ჩემი საუკეთესო მატჩი რაღა თქმა უნდა, 1962 წლის შეხვედრა იყო, როდესაც უდიდესი გამარჯვება მოვიპოვეთ და ასევე აღსანიშნავია საბჭოთა კავშირის ხალხთა მეორე სპარტაკიადის ისტორიული შეხვედრა, როდესაც ლატვიის ნაკრებთან სამი მოთამაშით მივიყვანეთ მატჩი გამარჯვებამდე და ამისათვის სამი დამატებითი ტაიმის ჩატარება გახდა საჭირო. სამმა ქართველმა, გურამ აბაშიძემ, ვალერი ალთაბაევმა და თამაზ კაკაურიძემ მიიყვანეს შეხვედრა გამარჯვებამდე და ისტორიული შედეგი დააფისქირეს. სამწუხაროდ, შემდეგ ფინალი წავაგეთ რუსებთან.