ინტერვიუ მიხეილ კობეშავიძესთან

მზადება დაწყებულია, ველით უკრაინას
ხვალ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის  ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდის პირველ ტესტ-მატჩს გამართავს უკრაინელ თანატოლებთან. უკრაინელებს მიხეილ კობეშავიძის ნაკრები სულ სამჯერ დაუპურისპირდება, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კი ივლისის ბოლოსკენ გაემგზავრება.
აღნიშნულ ინტერვიუში ნაკრების მთავარი მწვრთნელი უკრაინელებთან დამდეგ მატჩებსა და საერთოდ, მის შეგირდებსა და ევროპის ჩემპინატზე საუბრობს.
– ბატონო მიხეილ, პირველ რიგში ხართ თუ არა კმაყოფილნი ჩვენი ნაკრების ფიზიკური კონდიციებით?- კმაყოფილი ვერ ვიქნები და ამ ეტაპზე გუნდი იდეალურ ფიზიკურ კონდიციებს ვერც აღიდგენს. მე ჩემი გეგმა მაქვს, რომლის მიხედვითაც გუნდი საუკეთესო კონდიციებში ევროპის ჩემპიონატისთვის, ანუ ივლისის ბოლოსკენ უნდა იყოს. ფიზმომზადებაზე ნაკრების მოთამაშეებთან მუშაობს გამოცდილი სპეციალისტი ავთო ბერიძე, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი ვარჯიშებით ცდილობს, გააუმჯობესოს ბიჭების მზადყოფნა.
– ნაკრების დარტყმელ, ძირითად ბირთვს ალბათ, ლეგიონერები წარმოადგენენ.- კი, ასეა. ნაკრებში მაღალი კლასის შემსრულებლები გვყავს, თუმცა მათგან სამი, ანუ კოკა ტომარაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შარაბიძე ამჯერად ნაკრებთან ერთად არ არიან და გუნდს ივლისის დასაწყისში შეუერთდებიან. გუნდშია ნიკა მეტრეველი, რომელიც კოჭს იტკიებს, თუმცა სერიოზული არაფერა და მან ევროპის ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში ჩადგომა უნდა მოახერხოს.
– ტომარაძე და შენგელია ალბათ, სასტარტო ხუთეულის წევრებად მოიაზრებიან.- მოდით, ასე ვთქვათ, ისინი ნაკრების წამყვანი მოთამაშეები უნდა იყვნენ, ხოლო სასტარტოსი თუ სათადარიგოსი, ამას ეტაპობრივად გადავწყვეტ.
– გუნდის კაპიტანი ვინ იქნება?- გუნდი ჯერ მთლიანად შეიკრიბოს, შემდეგ ბიჭები ფრაული წილისყრით აირჩევენ კაპიტანს და ალბათ, სამართლიანიც ასე იქნება კაპიტნის სერჩევა.
– თუ გყავთ გამოკვეთილი ლიდერი გამთამაშებლის პოზიციაზე?- არა, ამაზეც საკმაოდ ადრეა საუბარი. გვყავს სამი გამოკვეთილი ფლეიმეიქერი ალეკო ძიძიგური, ტარიელ თავართქილაძე და გიორგი ნანიტაშვილი, რომლებიც მაქსიმალურად იხარჯებიან ვარჯიშებზე და ვინც საუკეთესოდ იქნება მომზადებული, უპირატესობასაც მას მივანიჭებ.
– გუნდში არიან სუპერლიგის მოთამაშეები – იგივე ძიძიგური, ნანიტაშვილი, აკაკი დვალიშვილი და დავით მაისურაძე. დამქანცველი სეზონის შემდეგ, ისინი გადაღლილები ხომ არ არიან?- არა, ნორმალურად არიან. თანაც, თქვენს მიერ ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან დიდი სათამაშო დრო მაისურაძის გარდა თითქმის არავის ეძლეოდა. მაისურაძის გუნდიც, “დინამოც” ფლეი ოფში ვერ გავიდა და აქედან გამომდინარე, ოთხივე მოთამაშეს ძალების აღდგენის დიდი დრო ჰქონდა და ექნება კიდეც, ხოლო თუ როგორ გამოიჩენენ ისინი თავს სხვა კომპონენტებში, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათზე იქნება დამოკიდებული.
– გყავთ საკმაოდ ბევრი მაღალი მოთამაშეც.- კი, კარგი მაღლები გვყავს. მეტრეველი, შარაბიძე, გიორგი ჯგერენაია, მაისურაძე, რომლებიც არა მარტო სამწამიანშიუნდა იდგნენ, არამედ პერიმატრზეც ადიოდნენ და იქიდან უტევდნენ კLთს. საერთოდ, უნივერსალიზმის გარეშე, ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება წარმატების მოპოვება. გამონაკლისი არც ეს ასაკი და საქართველოს ნაკრებია. რაც უფრო მრავალმხრივია მოთამაშე, მით უფრო სახიფათოა მეტოქისთვის და მწვრთნელებსაც ვარირების მეტი საშუალება ეძლევა. ასე რომ, უნივერსალიზმს ვნერგავთ.
– სულ მალე გიწევთ სამი ტესტ-შეხვედრა უკრაინის ნაკრებთან. ამ გუნდზე რაიმე ინფორმაცია თუ გაგაჩნიათ?- არა, სამწუხაროდ, მხოლოდ ინტერნეტს ვეყრდნობი, სხვა სახის ინფორმაციას კი არ ვფლობ. თავისთავად, ეს მატჩები ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია და ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ტესტები ნაკრების ყველა სათამაშო რგოლის გასაერთიანებლად და მოვიგებთ თუ წავაგებთ, ამ მატჩებს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ცუდია, რომ უკრაინასთან არ გვეყოლება შენგელია, შარაბიძე და ტომარაძე, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლით.
– ევროპის ჩემპიონატის მეტოქეებზე რას გვეტყვით?- სამწუხაროდ, ინფორმაცია მხოლოდ ფინეთის ნაკრებზე გამაჩნია, ხოლო უნგრეთზე, სლოვაკეთსა და დანიაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. ფინელები დაახლოებით ისეთივე კალათბურთს თამაშობენ, როგორც მათი დიდი თანამემამულეები, ანუ მჭიდრო პრესინგი მთელ მოედანზე, ძალიან კარგი პერიმეტრული შეტევა, ხისტი დაცვა და საერთოდაც, კარგი დაცვა. ეს გუნდი საკმაოდ რთული დასამარცხებელი იქნება, თუმცა ჩვენ მაინც ჩვენსას ვეცდებით და მიზანიც ხომ ესაა, ნაკრები ერთი დივიზიონით მაღლა გადავიდეს, რისთვისაც ორ საუკეთესო გუნდში შესვლა იქნება საჭირო.
– უნგრეთი მასპინძელია და ესეც არ უნდა იყოს უმნიშვნელო ფაქტორი.- კი, თავისთავად, ასეც იქნება. ვერ გეტყვით, რამდენად იქნებიან უნგრელები დამადლიერებულნი მსაჯებისგან, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, ამ გუნდს საკუთარი გულშემატკივრის წინ უწევს გამოსვლა და მხოლოდ ეს ფაქტორი, მათ უდიდეს უპირატესობას მიანიჭებს.