რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ კრასნინკოვი კლაიპედაშია და საკუთარი ნაკრების ვარჯიშებზე სისტემატიურად დადის. ერთ–ერთი შეხვედრისას საქართველოს ნაკრების დღევანდელი მეტოქის ხელმძღვანელს გამოველაპარაკე და აი, რა ილაპარაკა კრასნინკოვმა…
– ჩვენს ჯგუფში ფავორიტებად ვის თვლით?
– სლოვენიას და საქართველოს…
– და რუსეთი?
– რა თქმა უნდა, რუსეთიც.
– თავიდანვე რატომ არ ახსენეთ რუსეთის ნაკრები?
– ვფიქრობ, რომ ეს ისედაც ცხადია. ჩვენი ნაკრები რამენიმე წლის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა და ფავორიტად მიიჩნევა ამ ტურნირზეც.
– რას იტყვით ჩვენი ჯგუფის დანარჩენ წევრებზე?
– საკმაოდ თანაბარი ჯგუფია. ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ ჯგუფიდან საქართველო, ბულგარეთი, ანაც ბელგია გავიდეს. 6 გუნდიდან მომდევნო ეტაპზე გასვლა ნებისმიერს შეუძლია.
– რა იცით საქართველოს შესახებ?
– ქართველებს კარგი ღვინო გაქვთ, ვიცი „ბორჯომი“ და ასევე დიდი
არტისტი ბუბა კიკაბიძე.
– და ქართული კალათბურთის შესახებ რა გსმენიათ?
– ვიცი, რომ კარგი ნაკრები ჩამოაყალიბეთ. საკმაოდ შეთამაშებული და ბრძოლისუნარიანი გუნდი გყავთ. ნაკრები თითქმის ყველა წევრი ლეგიონერია და წამყვან ლიგებში თამაშობენ.
– რუსეთი და საქართველო აქამდეც შეხვედრილან ერთმანეთს…
– როგორც ვიცი, სულ 3 მატჩი უთამაშიათ ერთმანეთში რუსეთსა და საქართველოს, მაგრამ ეს საკმაოდ ადრე იყო.
– საქართველომ და რუსეთმა მხოლოდ ერთხელ ითამაშეს: 2003 წელს იტალიაში, ამხანაგურ ტურნირზე, საქართველომ რუსეთს 86:71 მოუგო. და რა აზრის ხართ ჩვენი ნაკრებების მომავალ შეხვედრაზე?
– ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება. როგორც ვთქვი, საქართველოს საკმაოდ მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავს და თუკი ყველაფერს არ გავიღებთ, შესაძლოა, გამარჯვება თქვენ დაგრჩეთ. წინასწარ ძნელია რამის თქმა. ერთი კი ცხადია: ძალიან დაძაბული მატჩი იქნება.
– რამდენად კარგათ გყავთ საქართველოს ნაკრები შესწავლილი?
– მე არა და ჩვენს სამწვრთნელო შტაბს, იმედია, შესწავლილი ეყოლება მომავალი მეტოქე: ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები.
– როგორც ვიცი, საქართველო–რუსეთის მატჩის სხვა, არასპორტულ მხარეზეც აკეთებენ აქცენტს…
– ალბათ ჟურნალისტებზე ამბობთ. ჩვენთვის ეს მატჩი მხოლოდ სპორტია და მეტი არაფერი. ვთამაშობთ რიგით, ოღონდ ძალიან პრინციპულ მატჩს და ორივე გუნდს ძალიან სჭირდება ეს 2 ქულა.
დევიდ ბლატი ვარჯიშზე დამსწრე კრასნინკოვს და რუსეთის კალათბურთის
ფედერაციის გენერალურ მდივან ნატალია გალკინას ესაუბრება