ინტერვიუ საქართველოს გამარჯვებული ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილთან

ინტერვიუ საქართველოს გამარჯვებული ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილთან

ბიჭებს ვუთხარი, თამაშის გადასარჩენად საკმარისი დროა, არ იჩქაროთ და თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთო – ეს იყო ის სიტყვები, რომელიც ჩვენი ნაკრების თავკაცმა კალათბურთელებს იმ წუთშესვენებაზე უთხრა, როცა თამაშის დასრულებამდე 3 წუთი რჩებოდა, ქართველები კი 64:70 აგებდნენ. დარჩენილ დროში ჩვენმა ბიჭებმა იმდენი მოახერხეს, რომ ჩეხებს ჩამორჩენა გაუბათილეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. ამ გამარჯვებამ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს A დივიზიონის საგზური მოუტანა. მატჩის შემდეგ დავით უსტიაშვილს სარაევოში შევეხმიანეთ…
 

 
– გილოცავთ წარმატებას. თქვენმა გაწვრთნილმა ნაკრებმა მიზანს მიაღწია…
– მიზანი, რა თქმა უნდა, მაქსიმალური იყო და ყველას გვსურდა A დივიზიონში გადასვლა, მაგრამ მოდით ვიყოთ რეალისტები და გავიხსენოთ ის რეალობა, რაც ჩვენი ნაკრების ბოსნიაში გამგზავრების წინ იყო. ჩვენ გვინდოდა ელიტაში გადასვლა, მაგრამ რეალურად ამის შანსი არ იყო დიდი. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო, შემდეგ კი შეძლებისდაგვარად მაქსიმუმის მიღწევა გვინდოდა. ეს მაქსიმუმი საბედნიეროდ A დივიზიონის საგზური აღმოჩნდა. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ბიჭებს. ისინი გმირები არიან. ჩვენ ძალიან ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ, რომელიც A დივიზიონში გადასვლას იმსახურებდა.
– გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც. თქვენმა გუნდმა 6–ქულიანი ჩამორჩენა ბოლო 3 წუთში ხომ გააბათილა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა. რას ფიქრობდით ბოლო წუთებში და რა უთხარით ბიჭებს?
– როცა ჩეხეთი 70:64 დაწინაურდა, ცხადია, წუთშესვენება ავიღე და ბიჭებს ვუთხარი: 3 წუთი ძალიან დიდი დროა. კალათბურთში ამ დროში ბევრი რამის მოსწრება შეიძლება და მით უმეტეს, 6–ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მეთქი. გუნდის წევრებს ვთხოვე, არ იჩქაროთ, დრო საკმარისია და გააკეთეს ის, რაც გევალებათ მეთქი. ერთადერთი მკაცრი დირექტოვა, რაც მივეცი, ის იყო, რომ ჯარიმა არ აეღოთ, რამეთუ 4 გუნდური ჯარიმა გვქონდა და მეტოქე ყოველ პერსონალურს საჯარიმოდან ესროდა.
– გადამწყვეტ მომენტში თორნიკე შენგელიამ ლიდერის ფუნქცია გაამართლა…
– ჩეხეთი მთელს ტურნირზე ყველაზე ტანმაღალი გუნდი იყო. ბოლო მეოთხედში მათმა ცენტრმა, 215-სანტიმეტრიანმა ანდრეი ბალვინმა მეხუთე პერსონალური მიიღო. ამ ფაქტმა ჩევნს საქმე შეგვიმსუბუქმა, შენგელია უფრო თამამად შედიოდა სამწამიანში და მისი შემჩერებელი არავინ იყო. საბედნიეროდ, თორნიკემ ძალიან საჭირო ბურთები ჩააგდო, მისი წყალობით ჩვენ ბოლო წუთებში უპირატესობა მოვიპოვეთ და საბოლოოდ უდიდეს გამარჯვებას მივაღწიეთ,
– მთავარი მიზანი მიღწეულია, თუმც წინ ფინალია…
– ფინალს თუ მოვიგებთ, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ წაგება გულს არ დაგვწყვიტავს. მთავარი მიზანი მიღწეულია – საქართველო A დივიზიონშია.
– სხვათა შორის, ბოლო 5 წელიწადში საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა მეორედ მოიპოვეს A დიზივიონის საგზური და ორივეჯერ მთავარი მწვრთნელი თქვენ იყავით…
– ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ელიტის საგზური მოიპოვა. 2006 წელს, როცა 18–წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, A დივიზიონის საგზური მოვიპოვეთ. მაშინ ნაკრებში ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და ძლიერ კალათბურთელები თამაშობდნენ. ამჯერად 20–წლამდელებში მოვიპოვეთ A დივიზიონის საგზური, რაც ძალიან სერიოზული მიღწევაა.
– რას იტყვით თორნიკე შენგელიაზე, რომელმაც საქართველოს ნაკრების წარმატრებაში ლომის წილი დაიდო?
– შენგელია არის ნამდვილი პროფესიონალი და ჩემი აზრით, ის ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე უნდა გახდეს. მე არ მიყვარს ვინმეს გამორჩევა, რადგან მიმაჩნია, რომ კალათბურთი გუნდური თამაშია. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ თორნიკე შენგელიამ ჩვენს წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მას კარგად აუბეს მხარი ჩვენი გუნდის დანარჩენმა წევრებმა და საბოლოოდ წარმატებასაც მივაღწიეთ.