ინტერვიუ ვიქტორ სანიკიძესთან
საქართველოს ნაკრების წევრი, ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე ცოტა ხნის წინ თბილისის “დინამოში” ჩაირიცხა, რაც სატრანსფერო და ალბათ, მთლიანად სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენად იქცა. ნიჭიერი მოთამაშე, რომელიც რამდენიმე წლის წინ “სან ანტონიო სპურსმა” აირჩია დრაფტზე, კარიერის უცხოეთში გაგრძელებას კი გეგმავს, თუმცა იქამდე “დინამოს” განკარგულებაშია და საქართველოს ჩემპიონატს, სუპერლიგას დამატებით ეშხს, ეფექტურობას სძენს.
აღნიშნულ ინტერვიუში, მოთამაშე თბილისის “დინამოზე”, სუპერლიგასა და თავის მომავალზე საუბრობს.
– ვიქტორ, რატომ მაინცდამაინც “დინამო”?- დავიწყოთ იმით, რომ “დინამოში” ძალიან კარგი სავარჯიშო პირობებია, მე კი ამ ეტაპზე ხანგრძლივი უვარჯიშებლობის, უთამაშებლობის შემდეგ კარიერა სადმე მაინც უნდა განმეახლებინა, რათა ნელ-ნელა ფორმაში შევსულიყავი. გადავწყიტე, რომ ზაზა ცაგარეიშვილის გუნდში მიმსულიყავი და რახან კლუბმაც თანხმობა განაცხადა ჩემს დამატებაზე, ყველაფერი მშვენივრად აეწყო. “დინამოში” ჩემი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესების საუკეთესო საშუალება მაქვს და თუ დააკვირდებით, ეს გუნდი სუპერლიგის ყველა სხვა გუნდთან შედარებით, ფიზიკურად საუკეთესოდაა მომზადებული. “დინამოში” ჩემი მეგობრებიც თამაშობენ და გარკვეულწილად, არჩევანის გაკეთებაში როლი ამ ფაქტორმაც ითამაშა.
– სხვა გუნდში გადასვლის ვარიანტი თუ გქონდა?- სიმართლე გითხრათ, სხვა ვარიანტები არც კი მიძებნია. ეგრევე “დინამოში” მისვლა გადავწყვიტე და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი დიდი ტრადიციების მქონე გუნდში ვთამაშობ.
– როგორ შეეწყვე გუნდს?- თუ გუნდი სწორ კალათბურთს თამაშობს, მასთან შეწყობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. “დინამოში” კი ყველაფერი მშვენივრადაა. ასე რომ, გუნდთან შეწყობა არ გამჭირვებია.
– ვიქტორ, ნომინალურად უფრო სამ ნომრად ითვლები, თუმცა ახალ გუნდში თითქმის ყოველთვის მეოთხე ნომრად, ანუ მძიმე ფორვარდად, ან კიდევ საერთოდაც, ცენტრად თამაშობ.- კი, ხშირად ცენტრადაც თამაში მიწევს, თუმცა სადაც მთავარი მწვრთნელი დამაყენებს, იქ ვითამაშებ და ვეცდები, გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო. საქართველოს ნაკრებში უფრო ოთხ ნომრად ვიდექი, ხოლო კლუბში კი ოთხსაც ვთამაშობ, სამსაც და ხუთსაც.
– “დინამოში” ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა. იღებენ თუ არა ისინი შენგან რჩევებს და ხომ არ გაგიჭირდა ამ კონტინგენტთან საერთო ენის გამონახვა?- არა, არანაირად. თუ ვხედავ, რომ კონკრეტულ მომენტში, ახალგაზრდას რაღაც არ გამოსდის, ეგრევე მივუთითებ მას ამ ნაკლის გამოსწორებისკენ და დამიჯერეთ, არავინ უკადრისობს, უფრო გამოცდილისგან რჩევა-დარიგების მიღებას. მეც ასე ვარ – თუ ჩემზე გამოცდილი შეცდომაზე ან საერთოდ, რაიმეს გამოსწორებისკენ მიმითითებს, მადლობას გადავუხდი და ვეცდები, იგივე შეცდომა აღარ დავუშვა.
– ხარ თუ არა “დინამოს” ერთ-ერთი ლიდერი?- არა, რადგან გუნდში ახალი მისული ვარ და ვცდილობ, გუნდს მაქსიმალური სარგებელი არა ლაპარაკით, არამედ თამაშით მოვუტანო. “დინამოში” ყველაზე გამოცდილი არჩილ ჟღენტია და ლიდერიც, ალბათ, აჩიკო არის.
– როგორ გგონია, გაუმჯობესდა თუ არა საქართველოს ჩემპიონატის დონე?- ადრე, ჩემპიონი რომ “ბასკო” გახდა, უფრო მაღალი დონე კი იყო, მაგრამ სანახაობრივად, დღეს უფრო კარგადაა ყველაფერი აწყობილი. ცუდია, რომ სუპერლიგაში მხოლოდ 6 გუნდი იღებს მონაწილეობას. მეტი ბრძოლისუნარიანი გუნდი რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა, თუმცა მესმის რომ ყველაფერი ისევ და ისევ ფინანსებს უკავშირდება. თავის მხრივ, ისეც არ უნდა იყოს, როგორც ადრე, როდესაც რამდენიმე გუნდის თამაშს აზრი საერთოდ არ ჰქონდა, რადგან ყველამ, მათ შორის იმ გუნდმაც იცოდა, რომ მაინც წააგებდა. ამ მხრივ, სუპერლიგაში ექვსი ასე თუ ისე, თანაბარი ძალის გუნდია. რუსთავის “ენერჯი ინვესტი” ლიდერი კი არის და საუკეთესო შემადგენლობაც ჰყავს, მაგრამ ბოლო მატჩებმა დაგვანახა, რომ წაუგებელი არავინაა, მათ შორის, არც “ენერჯი ინვესტი”.
– როგორ შეაფასებდი “დინამოს” შანსებს მიმდინარე რეგულარულსა და საერთოდ, სეზონში?- გუნდში არაჩვეულებრივი ატმოსფეროა და ბოლო მატჩებში გამოჩნდა, რომ გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. “დინამო” ჩემს დამატებამდეც იგებდა მატჩებს და მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმალური ფორმისგან ძალიან ბევრი მიკლია, ვთვლი, რომ გუნდი გავაძლიერე და ჩვენი შანსები ბევრად უკეთესია, ვიდრე – ადრე. ამ ჩემპიონატში რუსთაველების გარდა, ყველას მოვუგეთ და როგორც ვთქვი, წაუგებელი არც “ენერჯი ინვესტია”, რაც იმას ნიშნავს, რომ “დინამოს” თავისუფლად შეუძლია პირველ ოთხეულში შესვლა, იქ კი ფინალამდე ერთადერთი სერიის მოგებაღა გვაშორებს. ასე რომ, ჩემი გუნდი უმაღლესი მიზნებისთვის თავისუფლად იომებს.
– ვიქტორ, როდემდე აპირებ “დინამოში” დარჩენას?- ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ბევრი რამ ამ შემთხვევაში ექიმებზეა დამოკიდებული. ექიმებმა მუხლების მაქსიმალურად დატვირთვის ნება დამრთეს და არ მსურს განმეორდეს, იგივე, რაც კიოლნში ჩემს გადასვლამდე მოხდა. მაშინ, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, კონტრაქტისთვის ხელიც უნდა მომეწერა, მაგრამ ორივე მუხლი ვიტკინე და საკმაოდ დიდი დროც გამიცდა. თებერვლის ბოლოს ექიმები ერთხელაც შემამოწმებენ და ვნახოთ, რას მეტყვიან.
– ვიქტორ, სულ მალე გახდება ცნობილი საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობაც.- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ შეგვხვდება მეტოქეებად, ყველას უნდა მოვუგოთ და რაც მთავარია, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვათ. სსლანდიის წინააღმდეგ მატჩში რამდენიმე საბედისწეორ შეცდომა დავუშვით და ამან ერთი დივიზიონით აწევის შანსი მოგვისპო. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება შენი მეტოქე, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, რუმინეთი თუ ისლანდია – შეცდომას არავინ გაპატიებს. ასე რომ, ასეთი შემადგენლობითა და გამოცდილებით, შემდეგ ციკლში ვალდებულნი ვართ, ერთი დივიზიონით მაღლა ავინაცვლოთ. თანაც, ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ზედა დივიზიონში ანაცვლება, არამედ უძლიერესთა შორისაც მაღალი დონის თამაშის დემონსტრირება უნდა იყოს. ამ შემადგენლობით ძალიან მაღალი დონის კალათბურთის თამაში შეგვიძლია.
– რა ისმის სან ანტონიოდან?- გუნდის ექიმებს ვუგზავნი რენტგენის სურათებს და მათგან აუცილებელ რჩევა-დარიგებას ვიღებ. “სპურსიდან” ყოველთვის დიდ სითბოსა და ყურადღებას ვგრძნობდი და მჯერა, მომავალშიც ასე იქნება. თავისთავად, როდესაც უშუალოდ “სპურსის” წევრიც გავხდები. წელს, საზაფხულო ლიგაზე რომ ჩავალ, იქ გრეგ პოპოვიჩიც იქნება. წინა ჯერზე, პოპოვიჩს არ ეცალა, ტონი პარკერის ქორწილში იყო და ვერ შემხვდა.
– მოდი, იქნებ “სპურსში” გატარებული დროც გაიხსენო.- რა უნდა ვთქვა, სამოთხეში მეგონა თავი. სან ანტონიოში პირველად როდესაც ჩავედი, ტრავმა მქონდა და გუნდთან არ მივარჯიშია, თუმცა მაშინვე გავიცანი “სპურსის” ხელმძღვანელობა, პრესტი, პოპოვიჩი, სხვებიც. მეორედ, როდესაც სან ანტონიოში ოპერაცია გავიკეთე, უკვე მეტი დრო მომეცა ორგანიზაცოიასთან ყოფნისა და თითქმის ყველა კარგად გავიცანი. “სპურსში” ერთი ტრადიციაა – სეზონის დაწყების წინ, მთელი გუნდი მფლობელის რანჩოზე მიდის და იქ დროს ატარებს. რანჩო რანჩოდ და იქ ნამდვილი სასახლე არის. იმ კაცს საკუთარი მდინარეც კი აქვს გამოყვანილი და ალბათ, დროის კარგად გატარების არანაირი პრობლემაც არ აქვს. სულ სხვა სამყაროა, სულ სხვა დონეა და კიდევ ერტხელ ვიმეორებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ერთ დღეს “სპურსის” შემადგენლობაში ვითამაშო.
– გაიცანი თუ არა გუნდის ლიდერები?- კი, რა თქმა უნდა, გავიცანი. სხვა გუნდებისგან განსხვავებით (და ეს მხოლოდ ჩემთვის არ უთქვამთ), “სპურსში” სულ სხვა ატმოსფეროა შექმნილი. ვერ იგრძნობ, რომ ამდენი ვარსკვლავის გარემოცვაში ხარ. ჩემთვის ნათქვამი აქვთ, რომ იმავე “კლიპერსში” გუნდის ლიდერები, ელტონ ბრენდი და სემ კასელი ლიმუზინებით, მძღოლებით გადაადგილდებიან და დისტანცია უჭირავთ მათზე ნაკლებად ცნობილ, გამოუცდელ მოთამაშეებთა. “სპურსში” ვარჯიშზე, თამაშზე ან ნებისმიერ ადგილას მძღოლით რომ მიხვიდე, გრეგ პოპოვიჩმა შეიძლება…არც კი მინდა იმის გაფიქრება, თუ რას იზამს პოპოვიჩი. რბილად რომ ვთქვათ, გამწარდება. ავიღოთ, თუნდაც ბრიუს ბოუენი, რომელიც ისეთი მანქანით მოძრაობს, გეგონება, ვიღაც მებაღე იყოს, მაგრამ საქმეც ისაა, რომ მას არაფერში სჭირდება სხვებისგან გამორჩევა, რადგან “სპურსის” იდეოლოგია სწორედ ისაა, რომ იქამდე, სანამ ამ გუნდში ხარ, გამორჩეული მხოლოდ მოედანზე უნდა იყო. თავისთავად, ეს ისევ და ისევ პოპოვიჩის დამსახურებაა. ოპერაცია რომ გავიკეთე, ჰოსპიტალში პირველმა, ტიმ დანკანმა მომინახულა და ძალიან მესიმაოვნა ამხელა პიროვნებისგან ეს ჟესტი. პარკერს არ ეცალა, ევა ლონგორიას დასდევდა.
– ვინ არის შენი ფავორიტი NBA–ს წლევანდელ ჩემპიონატში?- წლევანდელ რეგულარულში ძალიან ბევრი თანაბარი გუნდია, თუმცა ჩემი მთავარი ფავორიტე მაინც “სპურსია”, რომელიც საუკეთესო კალათბურთს ფლეი ოფში თამაშობს, რეგულარულში კი ხურდება. ძალიან სახიფათოა “ფინიქსი”, რომელმაც შაკილ ონილი დაიმატა, ხოლო აღმოსავლეთიდან კი ფინალში ან “ბოსტონი” გავა და ან “დეტროიტი”. თუ რა თქმა უნდა, ლებრონ ჯეიმსმა სასწაული არ მოახდინა და მისმა “კლივლენდმა” რომელიმე ფავორიტს ადრეულ სტადიაზე არ მოუგო.
– და ვინ აიღებს საუკეთესო, ყველაზე სასარგებლო მოთამაშის პრიზს?- ალბათ, კობი ბრაიანტი. ეს კაცი უკვე რამდენიმე სეზონია, რაც ამ პრიზთან საკმაოდ ახლოს იმყოფება, მაგრამ უპირატესობას მაინც სხვას ანიჭებენ. თანაც, წლევანდელ სეზონში კობიმ პირად სტატისტიკაზე წინ გუნდური ინტერესები დააყენა და მიუხედავად იმისა, რომ ერთ მატჩში 80 ქულას ვეღა აგროვებს, “ლეიკერსი” იგებს და საკმაოდ დამაჯერებელ კალათბურთსაც თამაშობს. კობის გარდა, კი სამეულში ლებრონ ჯეიმსა და დანკანს შევიყვანდი.