ისრაელში გამგზავრებამდე ნაკრებმა ღია ვარჯიში, კოკოშკოვმა – პრესკონფერენცია გამართა

ისრაელში გამგზავრებამდე ნაკრებმა ღია ვარჯიში, კოკოშკოვმა – პრესკონფერენცია გამართა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელში მიემგზავრება, სადაც 26 და 28 აგვისტოს საკონტროლო მატჩებს გამართავს. ისრაელთან მატჩები ქალაქ ელიათში და ჰაიფაში გაიმართება. 29 აგვისტოს იგორ კოკოშკოვის გუნდი ლიტვაში გაემგზავრება, სადაც 1 სექტემბერს ადგილობრივ ნაკრებთან მოსამზადებელი ეტაპის ბოლო საკონტროლო მატჩს გამართავს. ლიტვიდან საქართველოს ნაკრები ჩარტერული რეისით სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
იგორ კოკოშკოვის  გაწვრთნილმა ქართველებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჯამში 7 საკონტროლო მატჩი გამართა. საქართველომ მონაწილეობა მიიღო იტალიის ქალაქ ტრენტოს საერთაშორისო ტურნირში, სადაც მასპინძლებთან და პოლონელებთან მარცხი განიცადა, ხოლო ისრაელის ნაკრებს 79:77 მოუგო. კოკოშკოვის გუნდი სლოვენიაში ბოსნიის ნაკრებსორჯერ შეხვდა და 63:68 დამარცხების შემდეგ 81:78 სძლია.

16-17 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ქალაქ ანტიბის საერთაშორისო ტურნირზე. კოკოშკოვის გუნდმა სერბეთს 75:71 მოუგო, ხოლო ფრანგებთან 71:86 წააგო.
საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში, ესპანეთთან, სლოვენიასთან, პოლონეთთან, ხორვატიასთან და ჩეხეთთან მოხვდნენ. მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 3 საუკეთესო გუნდი გადის.
დღეს სპორტის სასახლეში ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა, რისი დასრულების შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ასისტენტებთან ერთად პრეს-კონფერენცია მოაწყო.

– ევრობასკეტზე არ გვეყოლება ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია. შესაბამისად ტაქტიკურად გადაწყობა მოგვიწევს.
– საქართველოს ნაკრებში NBA-ს ორი კალათბურთელია და ევროპის ჩემპიონატზე ვერც ერთი ვერ დაგვეხმარება, რაც დიდი დანაკლისია. თუმცა გამოცდილი მწვრთნელები ხშირად ამბობენ, რომ შეიძლება სისუსტის ძლიერ მხარედ გარდაქმნა. საამისო პოტენციალი საქართველოს ნაკრებს ნამდვილად აქვს.
– რას გულისხმობთ?
– სამწამიან ზონაში უპირატესობის მოპოვება ყოველთვის ჩვენი კოზირი იყო. როცა ზაზა ფაჩულია ფარქვეშ იდგა, ბევრი მეტოქე ცვლიდა ტაქტიკას. ახლა ზაზა ვერ დაგვეხმარება და ვერც სამწამიანი ზონის კონტროლი იქნება ჩვენი სამარკო ნიშანი. თუმცა ფაჩულიასა და შენგელიას შემცვლელები გამოუჩნდნენ და მათგან ბევრს ველით.
– ამხანაგური მატჩების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნაკრების თამაშს სისწრაფე მოემატა და პერიმეტრსაც სათანადოდ ვიყენებთ…
– წინა წლებთან შედარებით საქართველოს ნაკრები სხვა გუნდია. მაღალ ტემპშიც თამაშობს და ვეძებთ სხვა გზებს წარმატების მისაღწევად. ვერ ვიტყვით, ან ფარზე ვართ ორიენტირებულნი, ან პერიმეტრზეო – სხვადასხვა მეტოქესთან სხვადასხვა სტრატეგიას გამოვიყენებთ.
– ნატურალიზებული კალათბურთელები გუნდს როგორ მოერგნენ?
– ლუკ ზელერიცა და რიკი ჰიკმანიც დადებითი პიროვნებები არიან, თანაგუნდელებს მოედანზეც ეხმარებიან და მის მიღმაც. ჩვენთან ერთად ისინიც პროგრესირებენ.
– ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე მარკიზ ჰეინსი ერთგვარად ჩაიკარგა, რის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა მისთვის პოზიციების ხშირი ცვლა. ხან მსროლელად ირჯებოდა, ხან გამთამაშებლად. რიკი ჰიკმანს რომელ პოზიციაზე უფრო გამოიყენებთ?
– რიკი უნივერსალური უკანახაზელია, თანაბრად წარმატებით შეუძლია თამაში როგორც პირველი, ასევე მეორე ნომრის პოზიციაზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მაქვს ნანახი მისი თამაშები როგორც გამთამაშებლად, ასევე მსროლელად. პოზიციის ცვლილება მისთვის პრობლემა არ არის. ჰიკმანმაც იცის, რომ მთავარი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა და მას მეორე ნომრის პოზიციიდან დაეხმარება. ხოლო როცა ცინცაძე მოედანზე არ იქნება, ბურთს რიკი გაათამაშებს. ასე რომ, ვარირების საშუალება ნამდვილად გვაქვს.
– NBA-ში მუშაობთ. რას ფიქრობთ “ბრუკლინში” თორნიკე შენგელიას პერსპექტივაზე?
– ბრუკლინელებმა დიდი ფული დახარჯეს გუნდის გაძლიერებაში. კარგი შემადგენლობა ჰყავთ და მაღალი მიზნებისთვისაც იბრძოლებენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა შენგელიას თამაშის შანსი არ გამოუჩნდება. NBA-ს სეზონი ოქტომბრიდან ივნისამდე გრძელდება, უამრავი თამაშია და ასეთ მარათონში ბრუკლინის მწვრთნელი მხოლოდ 7-8 კალათბურთელს ვერ დაეყრდნობა. იქნება ისეთი შეხვედრები, სადაც ჯეისონ კიდს თორნიკე დასჭირდება. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შენგელია ევროპაში აპირებს დაბრუნებას. კონკრეტული გუნდიც დასახელდა – ესპანური “კახა ლაბორალი”. თორნიკე ევროპაში რომც ჩამოვიდეს, ეს მისთვის დროებითი გაჩერება იქნება, მალევე დაბრუნდება ამერიკაში, რადგან იგი NBA-ს ეკუთვნის.
გუნდის ფიზიკურ მზადყოფნაზე ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელმა, ალექსანდრ ჩვოროვიჩმა ისაუბრა:
– სწორ გზას ვადგავართ. გუნდი ნელ-ნელა უმატებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ახალგაზრდების პროგრესი, რომლებიც კონდიციებსაც იუმჯობესებენ და ნაკრებშიც კარგად ეწერებიან. ასევე, ჩევენი ამოცანაა, კალათბურთელები ისე მოვამზადოთ, რომ ტრავმების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს. კარგია, რომ ამ მხრივ სიტუაცია ნორმალურია და ვიმედოვნებ, როცა ექვს დღეში ხუთი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, მაშინაც არ შეგვექმნება პრობლემები.

ვიქტორ სანიკიძე: სამწუხაროა, რომ საქართველოში ვერ მოხერხდა ტურნირის ჩატარება, რადგან ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო იქნებოდა ჩვენი მატჩების ხილვა. შევეცდებით, მოსამზადებელი ეტაპი გამოვიყენოთ და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზოთ. რაც შეეხება მარკოიშვილს, მას სერიოზული ტრავმა არ აქვს და აუცილებლად დაგვეხმარება”.
ნიკოლოზ ცქიტიშვილი: “ძალიან დადებითი განწყობით მივდივართ, გუნდი თითქმის მომზადებულია, რამდენიმე საკონტროლო მატჩი დაგვრჩა და ხარვეზებს აუცილებლად გამოვასწორებთ”.