იტალიის ჩემპიონატი ქართული დერბით დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ „ბოლონიისა“ და „კანტუს“ დაპირისპირება ქართველთა ორთაბრძოლის ასპარეზად გადაიქცა. ორივე გუნდში გამორჩეულები ქართველები იყვნენ. მატჩის ბედიც ბოლო წამზე სწორედ ჩვენი ნაკრების წევრის – ვიქტორ სანიკიძის ქებული თამაშის წყალობით ბოლონიელთა სასარგებლოდ გადაწყდა – ვიქტორის გუნდმა მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“ 68:66 დაამარცხა.
~
სანიკიძემ ბოლო წუთზე, როცა ბოლონიური გუნდი 3 ქულით ჩამორჩებოდა „კანტუს“, 2 საჯარიმო ჩააგდო, თუმცა არანაკლებ და შეიძლება ითქვას, უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიქტორის ის 2 მოხსნა, რომელიც მან მატჩის ბოლო შეტევისას განახორციელა. „ბოლონია“ 65:66 აგებდა და შეტევაზე მარკოიშვილის „კანტუ“ იყო. გადამწყვეტი სროლის შესრულება ნიკოლას მაცარინომ ითავა, მაგრამ ააცილა და ბოლონიელებს მატჩის გადარჩენის შანსი ებოძათ. მასპინძელთა ლიდერმა მარცელიუს კემპმა გამთანაბრებელი სროლა გააცუდა, თუმცა სანიკიძემ მისი აცილებული ბურთი მოხსნა და ბოლონიელებმა განმეორებით შეტევაში სამქულიანი მიითვალეს – ეს ფინელმა პეტერი კოპონენმა მოახერხა, რომლისთვისაც ეს პირველი ჩაგდებული ბურთი იყო ამ მატჩში.
ასე დრამატულად მოიგო „ბოლონიამ“ და ასე დასანანად დამარცხდა „კანტუ“, რომლის შემადგენლობაშიც მარკოიშვილი საუკეთესო იყო. მანუჩარმა 7–დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამიანი ააცილა, ხოლო 4 საჯარიმოდან 3–ჯერ იხეირა და თამაში 13 ქულით დაასრულა. ამას მან 4 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა და კანტუელთაგან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. სხვათა შორის, სწორედ მარკოიშვილმა ჩააგდო ორქულიანი სანიკიძის ზემოთხსენებული საჯარიმოების შემდეგ და თავისი გუნდი ბოლო წუთზე 66:63 დააწინაურა, მაგრამ გადამწყვეტ შეტევაში მას აღარ მიეცა მატჩის ბედის გადაწყვეტის შესაძლებლობა.
რაც შეეხება სანიკიძეს, მას არანაკლებ შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა. ვიქტორმა 2–დან 2 ორქულიანი, 4–დან 4 საჯარიმო და 2–დან 1 სამქულიანი მიითვალა, რამაც ჯამში 11 ქულა შეადგინა და ამას სანიკიძემ 9 მოხსნა (საუკეთესო შედეგი ორივე გუნდში) და 1 პასიც მოაყოლა.
არც მარკოიშვილი იყო ხუთეულში და არც სანიკიძე – პირველმა მოედანზე 24 წუთი, ხოლო მეორემ – 22 წუთი გაატარა. მომდევნო ტურში, რომელიც 24 ოქტომბერს გაიმართება, „კანტუ“ „ვანოლის“ უმასპინძლებს, ხოლო „ბოლონია“ სტუმრად სერია A–ს დებიუტანტ „ბრინდისის“ გაეჯიბრება.
ესპანურ პრიმერადივიზიონში გამართულ ტურში ნიკოლოზ ცქიტიშვილი გამოირჩა. მისმა „ლაგუნ არომ“ გასვლითი თამაში მოუგო „მენორკას“ – 96:87.
ცქიტიშვილმა “მენორკას” სამიანებთან ერთად ეფექტურადაც ჩაუგდო
ცქიტოშვილმა მოედანზე 22,44 წუთი გაატარა და მისგან რომ ველით, ისეთი სიზუსტე გამოავლინა. ნიკამ 4–დან 3 სამქულიანი, 4–დან 2 ორიანი და 3–დან 2 საჯარიმო ჩააგდო და საბოლოოდ 15 ქულა მოაგროვა. ამის გარდა „სკიტამ“ 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა და თავისიანთა გამარჯვებაში გვარიანი წვლილი შეიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა მოთამაშე ტორინ გრინის „გრან კანარიას“ კი არ გაუმართლა. კუნძულელებმა გასვლაზე „კახა ლაბორალთან“ 61:82 წააგეს. გრინმა ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 19:39 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 6 ქულა და 2–2 მოხსნა–პასი მიითვალა.
ჩვენი ნაკრების მეორე ნატურალიზებულმა ამერიკელმა ქუინტონჰოსლიმაც ხუთეულში ითამაშა, მისმა „ხუვენტუდმა“ კი სტუმრად 77:66 დაამარცხა „ესტუდუანტესი“. ჰოსლიმ საკმაოდ შედეგიანად ითამაშა – 9 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 7–დან 3 ორიანი და 3–დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
„ხუვენტუდი“ მე–6 ადგილზეა, „ლაგუნ არო“ – მე–7–ზე, ხოლო „გრან კანარია“ პრიმერადივიზიონის ცხრილში მეთოთხმეტეა.