6 მაისს, იტალიის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში „ქართული დერბია“. მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუ” ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარს“ ეთამაშება. თუმცა, შესაძლოა, ქართველები მოედანზე ერთმანეთს ვერ შეხვდნენ.
გიორგი შერმადინის ამბავი ცნობილია და ის ნაოპერაციევი ფეხის გამო მოედანზე ვერ გავა. არის ვარაუდი, რომ ვერ ითამაშოს მანუჩარ მარკოიშვილმაც, რომელმაც გასული ტურის მატჩში, „მონტეგრანაროსთან“ მატჩში ფეხი იტკინა.
„შეხვედრის მეორე ნახევარში ის ფეხი ამოვიბრუნე, რომელზეც წლების წინ ოპერაცია მაქვს გაკეთებული. თითი ვიტკინე და მატჩის გაგრძელება ვეღარ მოვახერხე. არ ვიცი, შევძლებ თუ არა ბოლო ტურში თამაშს“ – განაცხადა მანუჩარ მარკოიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „კანტუს“ მეორე ადგილის შესანარჩუნებლად გამარჯვება ჰაერივით სჭირდება, ხოლო სანიკიძის გუნდიც თავის მხრივ მოსაგებადაა შემართული. ბოლონიელები IV-VI ადგილებს იყოფენ და სურთ, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავონ, რათა პლეი ოფში შედარებით სუსტ მეტოქეს დაუპირისპირდნენ.