იტალიაში ქართული დერბი შედგა

იტალიაში ქართული დერბი შედგა

სერია A–ში შაბათს ქართული დერბი შედგა. იტალიის ჩემპიონატის გუნდებმა – „კანტუმ“, რომელშიც მანუჩარ მარკოიშვილი თამაშობს და ვიქტორ სანიკიძის „ვირტუსმა“ ერთმანეთში ურთიერთობა გაარკვიეს, თუმცა ჩვენები უწინდელ მატჩებთან შედარებით შედარებით მოკრძალებულნი იყვნენ.
ევროტურნირების საგზურისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირებაში ბრძოლა პრაქტიკულად არ ყოფილა, რისი მიზეზიც სტუმართა მიერ პირწმინდად წაგებული პირველი მეოთხედი გახდა. საწყის ათწუთეულში “კანტუს” კალათბურთელებმა 16-ქულიანი (26:10) ჰანდიკაპის მოპოვება შეძლეს და დარჩენილ სამ პერიოდში მათ უმთავრეს საზრუნავად ამ უპირატესობის შენარჩუნება გახდა. საბოლოოდ, მასპინძლებმა შეხვედრა 72:63 მოიგეს და გათამაშების ცხრილში თავიანთ გუშინდელ მეტოქეს გაუტოლდნენ. სადღეისოდ, ქართველთა გუნდებს 6 მოგება და 4 წაგება აქვთ და სერია A-ს გათამაშების ცხრილში მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ.
მანუჩარ მარკოიშვილმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მაგრამ მწვრთნელებმა მას მხოლოდ 12 სათამაშო წუთი აკმარეს. დროის ამ მონაკვეთში “მანუმ” საშუალო და შორი დისტანციიდან 2-2-ჯერ აისროლა, თუმცა, ოთხივე ცდა უშედეგო გამოუვიდა და საბოლოოდ საჯარიმოებით მითვლილ ორ ქულასა და ამდენივე მოხსნას დასჯერდა.
რაც შეეხება ვიქტორ სანიკიძეს, მან. მოედანზე გატარებულ 17 წუთში 4 ქულა (2-დან 0 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო) და 3 მოხსნა მიითვალა.
ადრიატიკის ლიგაზე ვლადიმერ ბოისას “ზადარი” საკუთარ მოედანზე კვლავ დაუმარცხებელია. ქართველის ხორვატულმა კლუბმა მორიგი საშინაო გამარჯვება სერბულ “ცრვენა ზვეზდასთან” შეხვედრაში მოიპოვა. გათამაშების ცხრილში ერთმანეთის სიახლოვეს მყოფი გუნდების დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პრაქტიკულად ქულა-ქულაში წარმართული მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მეტოქეზე ოდნავ უკეთესად “ზადარის” კალათბურთელებმა ჩაატარეს და საბოლოოდ 89:83 იმარჯვეს.
ბოისატრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და იმის მიუხედავად, რომ 5 პერსონალურის გამო მოედნის დატოვება ვადაზე ადრე მოუწია, თანაგუნდელთა შორის მაინც ყველაზე მეტი – 33 წუთი ითამაშა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 7 ორქულიანიდან 4 გამოიყენა, თითო სამიანი და საჯარიმო კი, მიზანს ააცილა და საბოლოოდ შეხვედრა 8 ქულით, 2 მოხსნით, 3 პასითა და ერთი ჩაჭრით დაასრულა.
“ზადარს» ადრიატიკის ლიგაზე 4 მარცხის საპირისპიროდ 7 გამარჯვება აქვს და ანალოგიური შედეგის მქონე “ჰემოფარმთან” მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს. მომდევნო შაბათს “ზადარს” ხორვატული დერბი ელის – ბოისას გუნდი ცხრილში ერთი საფეხურით წინ მყოფ „ზაგრებს“ შეხვდება.
 

მანუჩარ მარკოიშვილი ბურთის მოხსნისას