იტალიაში ქართული დერბი შედგა

იტალიაში ქართული დერბი შედგა

იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ. მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუმ“ ნიკა მეტრეველის „დინამო სასარის“ უმასპინძლა და 71:58 დაამარცხა.
 
შერმადინს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. იგი გუნდს კვირას უნდა შეერთებოდა. რაც შეეხებათ მარკოიშვილსა და მეტრეველს, ორივე მათგანმა ითამაშა. მანუჩარი მოედანზე 12 წუთით გავიდა და 4 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.  მეტრეველი უფრო შედეგიანად გაისარჯა. მან დინამოელებს 18 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. ნიკამ ოთხივე ორქულიანი ჩააგდო.
 

 
მატჩი საინტერესო გამოვიდა. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში საყაიმო იყო. საერთოდ, ოთხიდან სამი მეოთხედი ფრედ დასრულდა. კანტუელებმა მხოლოდ მესამე პერიოდში იმარჯვეს (22:9) და ამის შედეგად მოიგეს კიდეც.
 
წაგება იგემა ვიქტორ სანიკიძის „ვირტუს ბოლონიამ“, რომელიც სტუმრად „აველინოს“ ეთამაშებოდა. შეხვედრა დაძაბული გამოვიდა და საბოლოოდ მასპინძლეთა გამარჯვებით – 96:90 დასრულდა. ბოლონიელები ბოლო მეოთხედის წინ ქულით იგებდნენ, მაგრამ საბოლოო წარმატების მოსაპოვებლად ძალა აღარ ეყოთ.
 
სანიკიძე ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ვიქტორმა 4–დან 2 სამქულიანი და 3–დან 1 ორიანი ჩააგდო. შესაბამისად, მის ანგარიშზე 8 ქულა დაგროვდა, რასაც ქართველმა ფორვარდმა 8 მოხსნა და 4 პასი მოაყოლა. სამწუხაროდ, სანიკიძეს საკმაოდ ბევრი – 6 დაკარგვა ჰქონდა.
 
ბოლონიელთა შორის 25 წუთში 23 ქულა მოაგროვა ამერიკელმა დაგლას რობერტსმა, ხოლო გამარჯვებულებს მარკუს გრინმა ულიდერა 26 ქულითა და 6 პასით.
 
მეორე ტურის შემდეგ „კანტუს“ 2 გამარჯვება აქვს, „დინამოსა“ და „ვირტუსს“ თითო მოგებ–წაგებები.