საქართველოს ნაკრების იტალიაში მოთამაშე სამეული ახალი სეზონისთვის ემზადება. მანუჩარ მარკოიშვილმა, ვიქტორ სანიკიძემ და ნიკა მეტრეველმა თავიანთ კლუბებში ამხანაგური მატჩები გამართეს. მარკოიშვილი და სანიკიძე თავიანთ კლუბებში დარჩნენ, ხოლო ნიკა მეტრეველმა, რომელიც იტალიის მოქმედი ჩემპიონის, „მონტეპასის“ საკუთრებაა და გასული სეზონი იჯარის საფუძველზე მესამე ლიგის „ფორენტინოში გაატარა“, ახალ გუნდში გაანათხოვრეს. მეტრეველი მომავალ სეზონში მეორე ლიგის რიმინის „კრაბსში“ გაატარებს ასევე იჯარის წესით.
ქართველები იტალიაში კარგად მომზადებულები ჩავიდნენ, მათ ხომ 2 თვე საქართველოს ნაკრებში, მუდმივ ვარკიშებსა და თამაშებში გაატარეს. დავიწყოთ “კანტუთი”, რომელმაც მანუჩართან ერთად სამი მატჩის ჩატარება მოასწრო.
კანტუელებმა ჯერ ევროლიგის შესარჩევი ეტაპის მონაწილე ბელგიურ “შარლერუას” უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს – 76:72. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 9 ქულა ჩააგდო.
ბურთით ვიქტორ სანიკიძე
12-13 სექტემბერს “კანტუ” “ზეპიერის მემორიალში” ჩაერთო. შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მონაწილეობდა. ნახევარფინალში მანუს თანაგუნდელები ქვედალიგელ “პრიმა ვეროლის” დაუპირისპირდნენ და ბევრისთვის მოულოდნელად ფინალში ვერ გავიდნენ – 82:87. მარკოიშვილმა თანაგუნდელებს 11 ქულა შეაწია.
მესამე ადგილისთვის მატჩში “კანტუმ” “ფილენი” 15 ქულით დაამარცხა – 77:62. ეს გამარჯვება პირველ რიგში მარკოიშვილის დამსახურებაა, რომელმაც 16 ქულას მოუყარა თავი.
ნიკა მეტრეველმა “კრაბსის” მაისურა რიმინიში ჩასვლისთანავე მოირგო. სადებიუტო მატჩში მეტრეველმა უმაღლესლიგელ “მონტეგრანაროს” წინააღმდეგ ითამაშა და 4 ქულა მოიპოვა. “კრაბსმა” “მონტეგრანაროსთან” დაძაბულ ბრძოლაში 61:68 წააგო.
მარკოიშვილის მსგავსად, პირველ მატჩში 9 ქულა ჩააგდო ვიქტორ სანიკიძემ. მის “ვირტუსს” “პისტოიას” ძლევა გაუჭირდა, ქვედალიგელთან სამი ქულის სხვაობით გაიმარჯვა – 72:69.