2013 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტი დღეს იტალიასთან, ტრენტოს საერთაშორისო ტურნირზე შედგა. ეს იყო ალბათ ისეთი ხასიათის შეხვედრა, სადაც ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ანგარიშს ექცეოდა. ძალიან საინტერესო იყო, 2 წამყვანი კალათბურთელის – ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას გარეშე მოთამაშე ნაკრები რას იზავდა, როგორ ითამაშებდა და რა შთაბეჭდილებას დატოვებდა. ქართველებმა 16 ქულით (69:85) წააგეს საკუთარ კედლებში მოთამაშე იტალიასთან – გუნდთან, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე სამეულში მოხვედრის ჯანსაღი ამბიცია აქვს.
მანუჩარ მარკოიშვილის ულამაზესი გარღვევა მატჩის საუკეთესო მომენტად აღიარეს
თუკი საქართველომ იტალიასთან წააგო 16 ქულით, 16 ქულით წააგო ევრობასკეტზე ქართველების ერთ-ერთმა უმთავრესმა მეტოქემაც – ოღონდ, ისრაელთან. ებრაელებისა და სლავების მატჩი იტალია-საქართველომდე გაიმართა და აღმოსავლელთა გამარჯვებით – 81:65 დასრულდა. პოლონებს არც მარცინ გორტატი არ ჰყავდათ და არც მაცეი ლამპე, თუმცა მეტოქედაც შედარებით სუსტი ისრაელი ერგოთ.
ყველაზე სასიხარულო, რაც დღევანდელმა მატჩმა გამოაჩინა, ალბათ ისაა, რომ ცენტრის პოზიციაზე საქართველო ისეთივე ძლიერი იქნება, როგორიც ზაზა ფაჩულიას ჯანმრთელად ყოფნის პერიოდში იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა, გიორგი შერმადინმა ისე კარგად ითამაშა, რომ ყველას იმედი ჩაგვისახა. ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ ქართველმა ცენტრმა იტალიასთან ნათამაშევ 23 წუთში 18 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. სროლათა პროცენტულობას არ იკითხავთ?! 5-დან 4 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო.
საჯარიმოები ვახსენეთ და საქართველომ იტალიაზე 29-ით მეტი ესროლა. ქართველებმა 33-დან 27 საჯარიმო ჩააგდეს, იტალიელებმა კი 14-დან 11. ქართველებმა სამქულიანებიც მეტოქეზე მეტი ჩააგდეს, მასპინძლებს არც მოხსნებში ჩამოროჩნენ (32-32) და ერთადერთი, რაშიც დაიჩაგრნენ, საშუალო დისტანციის სროლებია. იტალიელებმა 64 ცდიდან 35 ჩააგდეს, როცა ქართველთა 53 სროლიდან მიზანს მხოლოდ 18-მა უწია. იტალიელებს არკლდათ დანილო გალინარი და ანდრეა ბარნანი, თუმცა ამათი საჭიროება სულ არ იყო – მარკო ბელინელიმ 10-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, ჯამში კი 18 წუთში 21 ქულა დააგროვა.
კარგი იყო ცინცაძის 12 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა, თუმცა 6 დაკარგული ბურთი მის კონცენტრაციის მოდუნებულობაზე მიანიშნებს. იგორ კოკოშკოვმა ყველა სათადარიგოს მისცა შანსი და ვინ როგორ გაუმართლა, სტატისტიკიდან კი ჩანს, მაგრამ თავად მწვრთნელმა უკეთ უწყის. კოკოშკოვმა დუდა სანაძე და გიორგი შარაბიძე განაცხადს მიღმა დატოვა, ხოლო ოქმში 1 ნატურალიზებული მოთამაშის ადგილი ცენტრ ლუკ ზელერს უბოძა, რომელიც შერმადინის ფონზე დაიჩრდილა.
მომავალ მატჩში, 8-ში პოლონეთთან, სავარაუდოდ სანაძეც ითამაშებს, შარაბიძეც და ჰიკმანიც. მით უმეტეს, მეტოქე პოლონეთია, მომავალი საევროპო მეტოქე და მასთან თამაშს სპორტულზე მეტად ტაქტიკური მნიშვნელობა ექნება.
რაც შეეხება მატჩის მსვლელობას. საქართველო მეორე პერიოდში 16 ქულით აგებდა, თუმცა ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა. მესამე მეოთხედი რომ დაიწყო, მასპინძელთა ლიდერობიდან თითქმის არაფერიღა დარჩა. მარკოიშვილის და ვიქტორ სანიკიძის შედეგიანობამ საქართველო მეტოქესთან 33:38 მიაახლოვა. სწორედ აქ დატრიალდა ყველაფერი ქართველებისთვის უკუღმა და დიდი შესვენებისთვის იტალიელებ 64:43 დაწინაურდნენ.
მე-3 პერიოდში იტალიელთა ლიდერობა 30-ს მიუახლოვდა, თუმცა ბოლო პერიოდში ჩინებულად გაისარჯნენ გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი შერმადინი და როცა ამათ სათადარიგოებიც წაეშველნენ, იტალიელთა ლიდერობა 11 ქულამდე შეიკვეცა.. ბოლო წუთებზე იტალიელმა სათადარიგოებმა აღარ დაიშალეს და საბოლოოდ მასპინძლებმა 16 ქულით – 85:69 მოიგეს.
ტრენტოს საერთაშორისო ტურნირი. 7 აგვისტო
იტალია 85:69 საქართველო
21:10, 17:18, 26:15, 21:26სრული სტატისტიკა: http://www.fibalivestats.com/matches/20511/08/64/78/95cHWdzHrG3As/
იტალია: კუზინი (10 წ. 1 ქ. 5 მ.), დატომე (21 წ. 10 ქ. 4 მ.), როსელი (18 წ. 4 ქ. 3 მ.), ჩინჩიარინი (21 წ. 8 ქ. 4 მ.), ბელინელი (18 წ. 21 ქ. 3 ჩ.); კავალიერო (5 წ.), მანჩინელი (17 წ. 4 ქ. 3 პ.), პოეტა (5 წ. 4 ქ.), მელი (27 წ. 6 ქ. 8 მ.), ვიტალი (5 წ. 4 ქ.), დინერი (14 წ. 5 ქ. 3 მ. 4 პ.), მაგრო (3 წ.), ჯენტილე (18 წ. 8 ქ.), არადორი (18 წ. 10 ქ.).
საქართველო: ბოისა (12 წ.), ცინცაძე (31 წ. 12 ქ. 8 პ.), შერმადინი (23 წ. 18 ქ. 12 მ.), მარკოიშვილი (30 წ. 7 ქ.), სანიკიძე (27 წ. 12 ქ. 4 მ.); ფაცაცია (20 წ. 1 ქ.), მეტრეველი (5 წ. 2 ქ. 3 მ.), ცქიტიშვილი (9 წ. 6 ქ. 3 მ.), ბურჯანაძე (10 წ. 5 ქ.), ლეჟავა (13 წ. 2 ქ.), ფხაკაძე (9 წ. 2 ქ.), ზელერი (10 წ.).
მატჩის 2 საუკეთესო მოთამაშე: მარკო ბელინელი და გიორგი შერმადინი