“იტალიელი” ქართველების პირადი და გუნდური წარმატებები

“იტალიელი” ქართველების პირადი და გუნდური წარმატებები

            იტალიის სერია A
 
საკმაოდ შედეგიანი გამოდგა გასული ტური იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ქართველებისთვის. ვიქტორ სანიკიძემაც და მანუჩარ მარკოიშვილმაც კარგად ითამაშეს, თუმც ერთის გუნდმა მოიგო, მეორემ კი მარცხი იწვნია.
სანიკიძის „კანადიან სოლარი“ შინ „ტერამოს“ ეთამაშებოდა და მეტოქე ბოლო მეოთხედში გატეხა. საბოლოო ანგარიში 77:67 დაფიქსირდა ბოლონიელთა სასარგებლოდ და ამაში თავისი წვლილი სანიკიძესაც მიუძღვის. ვიქტორს ბევრი არ უთამაშია, ის მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 18 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა (თავისინთაგან საუკეთესო შედეგი), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანიკიძემ 2–დან 2 სამქულიანი, 4–დან 3 ორიანი და 1–დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„კანადიან სოლარს” 12 გამარჯვება აქვს 7 მარცხის წილ და 3–5 ადგილებს იყოფს. გაცილებით დაბლა დაეშვა ცხრილში მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“, რომელმაც გასულ ტურში შინ „სკავოლინისთან“ 81:93 წააგო და სადღეისოდ მე–9 ადგილზეა.
ქართველი ლეგიონერი ხუთეულში იყო და საკმაოდ ბევრი – 37 წუთი ითამაშა. მარკოიშვილმა 7 ორქულიანიდან 3 ჩააგდო, რასაც 4–დან 1 სამიანი და 3–დან 3 საჯარიმო მოაყოლა. ჯამში
მანუჩარმა 14 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი დააგროვა.
 

ვიქტორ სანიკიძე მორიგი ჩაგდებული ბურთის შემდეგ