დაიწყო იტალიის ჩემპიონატიც, რომლის პირველ ტურში საკმაოდ საინტერესო მატჩები გაიმართა. სერია A-ში მონაწილე სამივე ქართველის გუნდმა მოიგო: მანუჩარ მარკოიშილის „კანტუმ“ სტუმრად „ვანოლის“ 72:60 მოუგო, ნიკა მეტრეველის „დინამო სასარიმ“ შინ „მონფერატის“ 78:58 აჯობა, ხოლო ხოლო ვიქტორ სანიკიძის „ვირტუსს“ „რომას“ ძლევა გაუჭირდა – დედაქალაქელების დასამარცხებლად დამატებითი დრო დასჭირდა და საბოლოოდ 93:91 იმარჯვა.
მანუჩარ მარკოიშვილმა 16 წუთი ითამაშა, თუმცა მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა უკანახაზელმა 6 ცდიდან 5 ორქულიანი ჩააგდო და მისი მონაგარიც ეს იყო – 10 ქულა. ამას გარდა მარკოიშილმა 2 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა, რითაც თავისიანთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო.
ბურთით მანუჩარ მარკოიშილი
ჩინებულად ითამაშა ახალგაზრდა ქართველმა ნიკა მეტრეველმაც, რომელმაც მოედანზე 19 წუთი დაჰყო და 9 ქულასთან ერთად 5 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა, რითაც დინამოელების წარმატება განაპირობა. მეტრეველის თანაგუნდელმა ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა ქუინტონ ჰოსლიმ 31 წუთში 13 ქულა მიითვალა. მასზე მეტი მხოლოდ ტრევის დინერს ჰქონდა – 25 ქულა.
რაც შეეხება ვიქტორ სანიკიძეს, იგი ბოლონიელთა ხუთეულში იყო და მოედანზე 34 წუთი გაატარა. რომ არა 5 პერსონალური, სანიკიძე ალბათ მეტ ხანს დარჩებოდა მოედანზე. ქართველი ფორვარდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 13 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 5 ჩაჭრა მიითვალა. სანიკიძემ ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა, ხოლო 4 სამქულიანიდან 3 მოათავსა რომაელთა კალათში. მის ანგარიშზე ასევე 1 ორქულიანი იყო, რომელიც მან 3 ცდიდან ჩააგდო.
მომდევნო ტურში მარკოიშვილის „კანტუ“ ნიკა მეტრეველის „დინამო სასარის“ უმასპინძლებს, ხოლო სანიკიძის „ვირტუსი“ სტუმრად „აველინოს“ გაეჯიბრება.