საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიური შეკრება დაასრულა და მორიგი ამხანაგური მატჩის გასამართად ლიეტუვას ესტუმრა. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული გუნდი 26 ივლისიდან კურრტ იურმალაში ემზადებოდა, სადაც 4 და 7 აგვისტოს ორი დახურული ტიპის სპარინგ-მატჩი გამართა შესაბამისად ისრაელის და ესტონეთის ნაკრებებთან. პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა 10 ქულით წააგო, ხოლო მეორე – ხუთით.
ესტონეთთან მატჩის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები მეზობელ ლიეტუვაში ავტობუსით გადავიდა და ქალაქ კაუნასში, სასტუმრო “რედისონში” დაბინავდა. ჩვენი გუნდი კაუნასში 15 კალათბურთელით ჩავიდა: რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, ლუკა მაზიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, სანდრო სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი სულაბერიძე, ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და ილია ლონდარიძე.
ეროვნულ გუნდს 9 აგვისტოს შეუერთდება სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც ეკაუნასში ტორონტოდან ჩამოფრინდება. შესაბამისად, ის ლიეტუვაში ჩასვლის საღამოს გამართულ ვარჯიშს გამოაკლდა. თუმცა ვარჯიში ნებაყოფლობითი იყო, რადგან წინა დღეს ნათამაშებ და იურმალადან კაუნასში 4 საათში ჩასულ ნაკრების მოთამაშეებს დასვენების საშუალება მიეცათ. ამის გამო “კაუნო არენის” მცირე დარბაზში ჩვენმა ნაკრებმა არასრული შემადგენლობით, დატვირთვების გარეშე ივარჯიშა. ალეკსანდარ ჯიკიჩმა კალათბურთელები რამდენიმე კომბინაციაზე ავარჯიშა და უმეტესად ფარში ასროლინა.
ლიეტუველები მოახლოებული მატჩისთვის საგანგებოდ ემზადებიან და 15000-ათასიანი კაუნო არენას გავსებას ელოდებიან. ლიეტუვაში კალათბურთი ისე უყვართ, რომ ეროვნული ნაკრების თამაშებზე ყოველთვის სრული ანშლაგია. ჩვენი ნაკრები 9 აგვისტოს კაუნო არენის ძირითად კორტზე დილას და საღამოს ივარჯიშებს, ხოლო ლიეტუვასთან მატჩი 10 აგვისტოს, ადგილობრივი დროით, 20:00 საათზე გაიმართება.