IV ტური სამ ქალაქში იმართება. რუსთავსა და
ქუთაისში დღეს 2 მატჩი ჩატარდება, ხვალ კი თბილისის სპორტის სასახლე 3 შეხვედრას
უმასპინძლებს.
დღეს რუსთავში საკმაოდ დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. სამივე მატჩის
წამგები „სამედიცინო“ ქვემო ქართლში მოსაგებად ჩავა, თავის მხრივ რუსთველებიც
საკმაოდ მომართულნი არიან, რადგან წინა ტურში მათ ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადეს
(სოხუმთან) და საკუთარი ქომაგების თვალწინ რეაბილიტაცია სურთ. თუკი შემადგენლობას
გადავხედავთ, ორივე გუნდი მეტ–ნაკლებად თანაბარია. რუსთაველთა უპირატესობა მხოლოდ
ის თუ შეიძლება იყოს, რომ ამ გუნდში მყოფი კალათბურთელთა უმეტესობა წლების
მანძილზე ერთად თამაშობს: ლევან ცეკვავა, ზურაბ მაჭავარიანი, ქაქუცა აბაიშვილი,
ლევან ხმელიძე, დავით არწივიძე, გივი ბერუაშვილი, დავით გუგავა და ლაშა მებურიშვილი
ბავშვობიდან ერთად მოდიან და მოედანზე ერთმანეთის გაგება შედარებით უიოლდებათ,
ვიდრე ვთქვათ, ახალშეკრებილ „სამედიცინოს“ გამოცდილ მოთამაშეებს.
საინტერესო მომენტია, რომ რუსთავში პირველად იქნება სტუმარის სტატუსით
მიხეილ ჭოჭუა, რომელიც რუსთაველია და ყველა აქამდელი სეზონი სწორედ ქვემოქართლურ
გუნდში გაატარა. ჭოჭუა ამ სეზონის დაწყებამდე გადავიდა „სამედიცინოში“ და
ჯერ–ჯერობით ამ გუნდის ყველაზე სარგებლიანი მოთამაშეა.
საინტერესო უნდა იყოს ასევე შავკანიანი მოთამაშეების დაპირისპირება,
რომელთა დუელშიც რაოდენობრივ უპირატესობას „ენერჯი–ინვესტი“ ფლობს. რუსთაველებს 2
კამერუნელი ჰყავთ – ჟოლივეტ ტუჯანი და სამუელ ლამუ, ხოლო მედიკოსებს ერთი –
პლასიდე როდუმტა. ვინც დღეს 16 საათზე რუსთავის “ქიმიკოსთა” დარბაზში მივა,
ნამდვილად არ წააგებს.
ტურის მთავარი შეხვედრა „არმიასა“ და „სოხუმს“ შორის შაბათს სპორტის
სასახლეში, 14 საათზე გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ამ მატჩში ბოლო წლების
რეკორდი დაფიქსირდება დასწრების მხრივ. მეორე ტურში „არმიის“ გულშემატკივართა
ხარჯზე უკვე დაფიქსირდა რეკორდი, როცა თავდაცვის სამინისტროს გუნდს „ქუთაისთან“
მატჩში 4 ათასზე მეტი გულშემატკივარი მოჰყვა. ის შეხვედრა „არმიამ“ წააგო, თუმცა
თავდაცვის გუნდის მომდევნო მატჩჩზეც ბლომად ქომაგი მოვიდა. ხვალინდელი შეხვედრა კი
იმითაა გამოჩეული, რომ „არმიას“ საკმაოდ სერიოზული, სამი ამერიკელი ლეგიონერით
გაძლიერებული მეტოქე ჰყავს: „სოხუმი“. გარდა ამისა სოხუმელთა გუნდში ირიცხება
მიმდინარე სეზონის ბომბარდირი ლაშა ფარღალავა, ვისაც დიდი გამოცდა ელის არმიელთა
უკანახაზელთა წინააღმდეგ ბრძოლაშიც.
თავის მხრივ, სოხუმელებსაც ჰყავთ საკუთარი მხარდამჭერთა ჯგუფი,
რომლებმაც წინა მატჩში სპორტის სასახლის ერთი სექტორი მთლიანად შეავსეს. ერთი
სიტყვით, „არმიასა“ და „სოხუმის“ მატჩზე მაყურებელის მოზღვავებაა მოსალოდნელი და
არც თამაში უნდა გამოვიდეს ურიგო.
დანარჩენი მატჩებიდან საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს აგრარული უნივერსიტეტისა და “ბათუმის” შეხვედრა, რომელიც სპორტის სასახლეში შაბათს, 16 საატზე გაიმართება. სავარაუდოდ, არც სტუ ჩავა დღეს ქუთაისში ამბიციის გარეშე და რა გამოუვა, მოედანზე გამოჩნდება.