კადეტებმა პირველი ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს

ევროპის 16–წლამდელთა ჩემპიონატი. B დივიზიონი. პორტუგალია. 10 აგვისტო
საქართველო 32:66 ფინეთი
 
საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპი ვერ  დაძლია. საწყის მატჩში ირლანდიის დამარცხების შემდეგ ჩვენს 16–წლამდელებს ერთი გამარჯვებაღა ესაჭიროებოდათ ჯგუფიდან გასასვლელად, მაგრამ ჯერ დანიასთან წააგეს, ხოლო დღეს ფინეთთანაც ვერაფერი გაწყვეს და ჯგუფში ჩარჩნენ.
ფინელებთან ჩვენები დიდი სხვაობით დამარცხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კაზანჯიანის გუნდმა პირველი მეოთხედი 6 ქულით მოიგო და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო, საქართველომ საბოლოოდ 32:66 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ნახევარი სკანდინავიელებმა 44:10 მოგვიგეს. ბოლო მეოთხედში ჩვენები ისე დაიბნენ, რომ მხოლოდ 2 ქულის ჩაგდება მოახერხეს და ათწუთეული ფინელებს 2:27 დაუთმეს. საკმარისია 3 სტატისტიკური მაჩვენებლის მოყვანა და ყველაფერი ცხადი გახდება: ფინელებმა ჩვენებზე 22–ჯერ მეტჯერ მოხსნეს ფარიდან ასხლეტილი ბურთი, ხოლო ქართველებმა მთლიანობაში მხოლოდ 5 ორქულიანი და 10–დან 1 საჯარიმო ჩააგდეს.
ჩვენიანთაგან არც ერთი მოთამაშე არ ასცილებია 10–ქულიან ზღვარს – ყველაზე მეტი, 8 ქულა, ირაკლი მიქელაძემ მიითვალა.
ქართველები ახლა 9–16 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას და ახალ ქვეჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან პორტუგალია, ბელგია და ჩვენი აქამდელი მეჯგუფე ირლანდია, რომელთანაც მოგება მეორე ეტაპზე გადაგვყვება.
 
დანია                  3        3        0        6
ფინეთი               3        2        1        5
საქართველო      3        1        2        4
ირლანდია          3        0        3        3