ევროპის ჩემპიონატი. 16–წლქამდელები. პორტუგალია. 15 აგვისტო
საქართველო 64:55 სლოვაკეთი
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა საქართველოს კადეტთა ნაკრებმა კვლავ მოიგო. ამჯერად ჩვენმა 16–წლამდელებმა სლოვაკეთი დაამარცხეს და ხვალ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე მე–9 ადგილისთვის მატჩში ბელგიას შეხვდება.
ქართველების ეს გამარჯვება იმიტომაცაა ღირსსახსოვარი, რომ პირველი მეოთხედის წაგების შემდეგ ჩვენებმა თამაშის შემობრუნება მოახერხეს და დარჩენილი დრო ისე წარმართეს, რომ საბოლოოდ საწადელს მიაღწიეს. ეს ფაქტი იმიტომაა გამოსაყოფი, რომ აქამდე ჩვენები პირველ მეოთხედს კარგად თამაშობდნენ, თუმცა მეორე ნახევარში აშკარად იჩაგრებოდნენ და ამიტომაცაა, ახლა შედარებით მოკრძალებული ადგილებისთვის რომ იბრძვიან.
სლოვაკებთან მატჩში თავი ისევ ბექა ბურჯანაძემ ისახელა, რომელმაც 19(!) ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა. მატჩის ბომბარდირი კი ლერი კვანტალიანი გახდა, 30 წუთში 17 ქულა მოაგროვა.
სლოვაკეთი არ ტყდებოდა და ბოლო მეოთხედამდე ინარჩუნებდა შანსს, თუმცა გადამწყვეტი ათწუთეული ქართველებმა 14:7 მოიგეს და საბოლოოდ 64:55 გაიმარჯვეს.
კაზანჯიანის გუნდს ერთი მატჩი დარჩა პორტუგალიაში გასამართი – ბელგიასთან, მე–9 ადგილისთვის. ბელგიელებს ჩვენები ამ ტურნირის ჯგუფშიც შეხვდნენ და მაშინ ბელგიელებმა ორევტაიმში იმარჯვეს.
უტევს ლევან ლოლიშვილი