კანარელები “მანრესას’ ვერ გადაახტნენ

კანარელები “მანრესას’ ვერ გადაახტნენ

ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრების ამერიკელი წევრების გუნდი „გრან კანარია“ სტუმრად „მანრესასთან 60:69 დამარცხდა. მარკიზ ჰაინსმა და ტორინ გრინმა ვერაფერი უშველეს კუნძულელთა გუნდს და კანარიელებმა მიმდინარე ჩემპიონატში მესამე მარცხი იწვნიეს.
 
პირველი ტაიმის შემდეგ „გრან კანარია“ 5 ქულით იგებდა, თუმცა მომდევნო 2 მეოთხედში მასპინძლებმა იძალეს და საბოლოოდ გამარჯვებაც მათ დარჩათ. მანრესელებს 17 ქულით უკრაინელმა სერგეი გლადირმა ულიდერა. რაც შეეხებათ ჩვენი ნაკრების წევრებს, მათ მთლიანობაში 5 ქულა დააგროვეს და ეს მონაგარი მხოლოდ მარკიზ ჰაინსის ანგარიშზე მოდის.
 

ბურთით ტორინ გრინი
 
ჰაინსი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 20 წუთი გაატარა. მან ოთხივე ორქულიანი ააცილა, ხოლო 2-დან 1 სამიანი და ორიდან ორივე საჯარიმო ჩააგდო. 5 ქულასთან ერთად მარკიზს 3 პასიც ჰქონდა. რაც შეეხება ტორინ გრინს, მან მხოლოდ 10 წუთს ითამაშა და სამივე სამქულიანი ააცილა. მის ანგარიშზე მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.
 
სამი მარცხითა და ერთი გამარჯვებით „გრან კანარია“ მე-17, ანუ ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. მომავალ ტურში, 30 ოქტომბერს, კანარელები კუნძულზე მადრიდის „რეალს“ ისტუმრებენ.