16-წლამდელთა „ბ“ ლიგის გამარჯვებული გახდა საკალათურთო კლუბი „კარდინალი“. ნოდარ ბერიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო ხათუნა გაბედავასა და ზურა ტომარაძის „მართვე 2“-ს და ჩემპიონი გახდა.
„ბ“ ლიგის გათამაშებას თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან პარტნიორობით ატარებს 3 ასაკობრივ კატეგორიაში. 16-წლამდელებში ამ სეზონში რეკორდი დაფიქსირდა და მთლიანობაში ტურნირში 27-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ეს ის გუნდები არიან, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში ვერ მოხვდნენ და „ბ“ ლიგის სახით მთელი სეზონის მანძილზე წარმომადგენლობით ტურნირში მონაწილეობის საშუალება მიეცათ.
სერიის პირველი შეხვედრა „კარდინალმა“ 4 ქულით მოიგო და მეორეში ამ უპირატესობის შენარჩუნება მართებდა, თუმცა ნოდარ ბერუაშვილის გუნდმა 91:76 იმარჯვა და დამსახურებული ჩემპიონი გახდა. გამარჯვებულებს ულიდერა ბაჩი ალიბეგაშვილმა, რომელიც საბოლოოდ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და სპეციალური პრიზიც გადასცეს.
ფინალში დამარცხებული მართველები, ასევე ჩემპიონები შესაბამისი სინჯის მედლებითა და სიგელებით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა – ლევან წულაიამ და მამუკა ლომიძემ დაჯილდოვეს. საჩემპიონო თასით „კარდინალის“ კაპიტანს კავშირის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცა.