კარის სარეკორდო 13 სამქულიანი და “გოლდენ სტეიტის” მორიგი გამარჯვება

კარის სარეკორდო 13 სამქულიანი და “გოლდენ სტეიტის” მორიგი გამარჯვება

სტეფ კარის სარეკორდო მატჩით „გოლდენ სტეიტმა“ „ნიუ ორლეანი“ 116:106 დაამარცხა. ოკლენდელთა სნაიპერმა 13 სამქულიანი ჩააგდო, რაც ნბა-ს ყველა დროის აბსოლუტური რეკორდია. აქამდელი საუკეთესო შედეგი ზიარად ეპყრათ კობი ბრაიანტსა და დონიელ მარშალს, რომელთაც 12-12 სამქულიანი ჰქონდათ ჩაგდებული. სტეფ კარიმ, რომელმაც წინა მატჩში 10-დან ყველა სამიანი ააცილა და მინიმუმ 1 სამიანის 197-მატჩიანი სერია შეწყვიტა,  დღეს „ნიუ ორლეანს“ 13 სამქულიანი ჩაუგდო და საამაყო რეკორდი გამოაცხო.

კარიმ საბოლოოდ 46 ქულა მიითვალა, რითაც მებრძოლ ნიუორლეანელებს შანსი არ დაუტოვა. 24 ქულა ჰქონდა კლეი ტომპსონს, ხოლო 22 – კევინ დიურანტს. რაც შეეხება ვარსკვლავური გუნდის ქართველ წარმომადგენელს, ზაზა ფაჩულიამ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 11 წუთი გაატარა. ისეთი ყაიდის თამაში იყო, ცენტრი გოლდენსტეიტელებს ნაკლებად სჭირდებოდათ. მთელი კონცენტრაცია პერიმეტრზე იყო გადატანილი, საიდანაც კარიმ სარეკორდო შედეგი დააფიქსირა.
ზაზამ 11 წუთში მეტოქის ფარს 2-ჯერ შეუტია და 1 ჩააგდო. ფაჩულიას საბოლოო მონაგარი გახლდათ 2 ქულ, 1 მოხსნა და 1 პასი. 5 მოგებით და 2 წაგებით ფაჩულიას გუნდი „სან ანტონიოსთან“ დასავლეთ კონფერენციის 3-4 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს ოკლენდელები 10 ნოემბერს, შინ „დალასთან“ გამართავენ.