კასპის დარბაზმა ფედერაციისგან ახალი საკალათბურთო ტაბლო მიიღო

კასპის დარბაზმა ფედერაციისგან ახალი საკალათბურთო ტაბლო მიიღო

კასპის “გრიფინი” 22 იანვარს საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალში ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულ თსუ-ს მიიღებს. კასპის გუნდი ყველაფერში დებიუტანტია, რაშიც მონაწილეობს, რადგან გუნდი სულ რაღაც 3 თვეა, შეიქმნა და “ა” ლიგაში თამაშის უფლება ხომ მოიპოვა, აღნიშნულ ტურნირში 2-დან 2 მოგებით ერთ-ერთი ლიდერია. თუმცა ეს წერილი კასპის გუნდს არ ეძღვნება – აქ მხოლოდ იმას ვაფიქსირებთ, თუ რამდენდ მონდომებულები არიან აღნიშნულ რეგიონში და რამდენად იმსახურებენ ისინი ყურადღებას, რაც კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან ნამდვილად არ აკლიათ. 

ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში კასპში კალათბურთის ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის მორიგი ვიზიტი განხორციელდა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ონიანი, მისი კოლეგები – ალეკო პერტიაშვილი, ირაკლი პერტაია და მათე ანთია კასპის დარბაზს ესტუმრნენ და ფიბა-ს ფონდისგან მიღებული დაფინანსებით შეძენილი ტაბლო კასპის დარბაზს გადასცეს.

ფედერაციიდან ჩასულ სტუმრებს კასპის მერის მოადგილე, ზურაბ კოპაძე, კლუბ “გრიფინის” მენეჯერი, ვაჟა სიმონიშვილი და კალათბურთელები, ასევე ადგილობრივი საკალათბურთო სკოლის მწვრთნელები დახვდნენ. მიღებულ ინვენტარს დახვდნენ დარბაზის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებიც, რომლებიც ტაბლოსა და 24 წამის მთვლელი მოწყობილობების მონტაჟს მისი მიღებისთანავე შეუდგნენ. 

რაც შეეხება კალათბურთის ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის საქმიანობას, ახალი სეზონი კასპიდან დაიწყო და ვიზიტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაგრძელდება. ფიბა-ს განვითარების ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში ყველა დარბაზი საჭიროებისამებრ მიიღებს როგორც ტაბლოს, ასევე ყველა საჭირო საკალათბურთო ინვენტარს.