საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით რეგიონებში მწვრთნელთა განვითარების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების საკალათბურთო სკოლებსა და სექციებში მომუშავე მწვრთნელებისთვის თეორიული და პრაქტიკული სემინარების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს მათი მუშაობის ხარისხის ამაღლებასა და თანამედროვე საკალათბურთო სტანდარტებთან მიახლოვებას.
პროგრამის განხორციელება შიდა ქართლიდან დაიწყო. შეკრების ადგილად კასპის საკალათბურთო დარბაზი შეირჩა, რომელშიც თავი კასპის, ხაშურის, გორის, მცხეთისა და დუშეთის რაიონის 20-ამდე მწვრთნელმა მოიყარა. სემინარების ჩასატარებლად კასპში ჩავიდნენ ვეტერანი კალათბურთელი და სპორტული პედაგოგი ანტონ კაზანჯიანი, მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტი, ასაკობრივი ნაკრებების გამოცდილი მწვრთნელი გელა წულაძე და საკალათბურთო აკადემიის ფიზმომზადების მწვრთნელი დავით ქვარცხავა.
შიდაქართლელი მწვრთნელები დიდი ინტერესით შეხვდნენ თბილისელ სტუმრებს, რომელთაგანაც საინტერესო სემინარები მოისმინეს და მათ ჩატარებულ საჩვენებელ ვარჯიშებს დაესწრნენ. ანტონ კაზანჯიანმა მწვრთნელებს აღნიშნული პროფესიისთვის აუცილებელ, დამახსიათებელ ასპექტებზე ესაუბრა. თეორიული სემინარის შემდეგ გელა წულაძემ კასპელ მოზარდ კალათბურთელებს საჩვენებელი ვარჯიშები ჩაუტარა, სადაც მაქსიმალურად წარმოაჩინა ის სამწვრთნელო მონახაზები, რომლებიც მწვრთნელებმა სათამაშო სიტუაციების გათვალისწინებით მატჩის მსვლელობისას უნდა გამოიყენონ.
დამსწრეთაგან არაერთი კითხვა დაისვა, რომელთაგან გამოსარჩევია ახალგაზრდა მწვრთნელის, დავით ჯინიყაშვილის დაცვის კონკრეტულ სქემასთან და მის წინააღმდეგ თამაშთან დაკავშირებული საკითხის წამოწევა. გელა წულაძემ დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ სიტუაციაში განსახორციელებელ მოქმედებებებზე და დამსწრეებს ყველაფერი მოედანზეც უჩვენა.
სემინარების დასკვნით ნაწილში ფიზმომზადების მწვრთნელმა, დავით ქვარცხავამ შიდაქართლელ მწვრთნელებს ის მოთელვები ანახა, რომლებიც ყოველი თამაშისა თუ ვარჯიშის წინ აუცილებლად შესასრულებელია. გამახურებელთან ერთად, ქვარცხავამ მწვრთნელებს უშუალოდ ფიზმომზადების ვარჯიშები უჩვენა, რომლებიც ახალგაზრდა კალათბურთელების განვითარებისთვის აუცილებელია.
მწვრთნელთა განვითარების პროგრამის განხორციელება რეგიონებში დეკემბრის თვიდან გაგრძელდება.