კავკასიამ გურაანის დელტა დაამარცხა და ცხრილში გაუთანაბრდა

კავკასიამ გურაანის დელტა დაამარცხა და ცხრილში გაუთანაბრდა

გუშინ თბილისში დაწყებული სუპერლიგის მე-14 ტური დღეს დედაქალაქშივე გრძელდება. თბილისი არენაზე ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ცხრილში მეზობლები – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი და გურჯაანის “დელტა” შეხვდნენ. გასული სეზონის ფინალისტმა კავკასიამ წლევანდელი გათამაშება სუსტად დაიწყო და გასული 12 მატჩიდან მხოლოდ 5 მოიგო. ერთით მეტი მოგება ჰქონდა მოპოვებული გურჯაანის გუნდს და ცხადია, გამარჯვების შემთხვევაში პრინციპულ მეტოქეს 2 ქულით ჩამოიტოვებდა. 

ერთი სიტყვით, ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო და საბოლოოდ გამარჯვებული კავკასია გამოვიდა, რომელიც მოგება-წაგებებით გურჯაანელებს გაუთანაბრდა და მოწინავე გუნდების რბოლაში ჩაერთო. 6 მოგება და 7 მარცხი უკვე სოლიდური შედეგია და წინ კიდევ 7 მატჩია, სანამ გუნდები ცხრილში საბოლოოდ განლაგდებიან და პლეი ოფში დაწყვილდებიან.

უცნაური მატჩი გამოვიდა. კავკასიამ პირველი პერიოდი 34:13 მოიგო. სწორედ ეს გახლდათ ამ მატჩში ყველაზე დიდი სხვაობა. ამის შემდეგ გურჯაანელებმა მოახერხეს დაწინაურება. ეს მოხდა ბოლო პერიოდის მე-3 წუთზე, როცა ვალერიან წულეისკირის ეგრეთწოდებული And1-ით კახური გუნდი 67:66 გალიდერდა, თუმცა კავკასიელებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და პერიმეტრიდან თუ საჯარიმოდან იმდენი ბურთი ჩააგდეს, მატჩის ბედი მის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაწყვიტეს. გამოირჩა რობ პერი და გიორგი ტურძილაძე, რომლებმაც გასამარჯვებლად საკმარისი ბურთები ჩააგდეს.

საბოლოოდ 88:79 (სტატისტიკა) – ბექა წივწივაძის გუნდის დამაჯერებელი და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება. კავკასიელებს 24 ქულითა და 6 მოხსნით რობ პერიმ ულიდერა. 16 ქულა მიითვალა შამარ 13 ქულა ბრენდონ ბეტსონის ანგარიშზეა. გურჯაანელთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო საბა ლობჯანიძე, 15 ქულა და 8 პასი დანია კინგსბის ანგარიშზეა. 

დღეს კიდევ ერტი შეხვედრა დიღმის არენაზე გაიმართება: ვსა “ამრას” უმასპინძლებს.