„ენერჯი–ინვესტი“ ფინალშია. ქვემოქართლურმა მოქმედმა
ჩემპიონმა გუნდმა დღეს „ნიკეას“ შანსი არ დაუტოვა, რევაზ ჩაჩანიძის
უმნიშვნელოვანესი სამქულიანების წყალობით 84:57 იმარჯვა და ტიტულს „ჰიუნდაისგან“
დაიცავს.
რუსთავში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული იყო.
თბილისელებმა 0:10 ჩამორჩენის შემდეგ 17:16 ლიდერობა მოიპოვეს, რითაც მასპინძლებს
დაანახვეს, რომ დანებებას არ აპირებდნენ. პირველი მეოთხედი რუსთაველთა 4–ქულიანი
ლიდერობით დასრულდა, ხოლო დიდი შესვენებისას მასპინძლები 40:29 იგებდნენ.
მეორე ტაიმი მასპინძელთა დიდი უპირატესობით დაიწყო. რუსთაველებმა
მესამე მეოთხედი 32:7 მოიგეს და ბოლო, მეოთხე ათწუთეულს აზრი დაუკარგეს. თავი და
თავი მასპინძელთა ამხელა უპირატესობის მოპოვებისა რევაზ ჩაჩანიძე გახლდათ, რომლის მეტსახელი “ხაშურაა” და რომელმაც
მესამე მეოთხედში 4–დან 4 სამქულიანი ჩააგდო, სულ კი 7–დან 7 შორი სროლა მოათავსა თბილისელთა
კალათში.
ჩაჩანიძის სამქულიანებმა თბილისელები საბოლოოდ წელში გატეხეს და ბოლო
მეოთხედის დაწყებამდე რუსთაველები ორმაგი ანგარიშით ლიდერობდნენ: 72:36.
მაშ ასე, მოქმედი ჩემპიონი რუსთავის „ენერჯი–ინვესტი“ ფინალში გავიდა
და საჩემპიონო სერიაში „ჰიუნდაის“ შეერკინება.
ფინალური სერია 14 მაისს რუსთავში დაიწყება და ჩემპიონი გახდება ის
გუნდი, რომელიც 2 გამარჯვებას მოიპოვებს.
სტატისტიკა: http://u-20.ge/playoff/09-10/result/172
ფოტოგალერეა: http://u-20.ge/gallery.php?cat=3&alb=526&img=418