კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ საქართველოს ეროვნული ნაკრების პარტნიორი გახდა. დღეს, სასტუმრო „holiday inn”-ში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და „ბორჯომის“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს. 2011 წელს ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებში მინერალური წყლების მსოფლიოში ცნობილი ქართული კომპანია ჩვენი ეროვნული გუნდის პარტნიორი იქნება. დღეს საზეიმოდ გაფორმებულ მემორანდუმს ნაკრების წევრებიც დაესწრნენ.
ბესიკ ლიპარტელიანი: „ის, რომ ეროვნული ნაკრების პარტნიორი ქართული მინერალური წყალი „ბორჯომია“ ჩვენთვის საამაყო და სასიხარულოა. სპორტსმენები შეხვედრებისა და ვარჯიშების დროს დაკარგული მინერალების აღდგენისთვის ყოველთვის „ბორჯომს“ მიირთმევენ. განსაკუთრებით სასიხარულოა ისიც, რომ ჩვენთვის ყველაზე საპასუხისმგებლო თამაშების დროს, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ვთანამშრომლობთ ისეთ დიდ ბრენდთან, როგორიც „ბორჯომია“, ის ხომ საქართველოს სახეა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დღესდღეობით გადის ექსპორტზე. ვიცი, რომ ლიტვაში უამრავი გულშემატკივარი გვყავს, რომელიც ასევე, „ბორჯომის“ აქტიური მომხამრებელია. ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრები ასე გამოხატავენ საქართველოს სიყვარულს“.
ზაზა კიკვაძე: „დღეს გაფორმებული პარტნიორობით პირველ რიგში მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მეტად საპასუხისმგებლო თამაშების დროს, რომელიც ლიტვაში გაიმართება ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში. „ბორჯომი“ ქართული ბრენდია და გარკვეულწილად მოვალეც არის გვერდით დაუდგეს გუნდს, რომელსაც ასეთი დიდი მისია აკისრია. ჩენ გვჯერა, რომ ყველა ის ადამიანი, როემლიც „ბორჯომის“ მომხმარებელია იმ ქვეყნებში სადაც ჩვენ ვართ წარმოდგენილნი, აუცილებლად უგულშემატკივრებს ჩვენს ნაკრებს. განსაკუთრებით დიდი იმედი მაქვს ჩვენი მეგობარი ლიტველების“.