კომპანია “კამპა” საკალათბურთო კლუბ “ორბის” პარტნიორი გახდა. მემორანდუმს ხელი 22 ნოემბერს, ოლიმპიურ სასახლეში მოეწერა. ხელშეკრულების გაფორმებამდე თანამშრომლობაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა კლუბ “ორბის” დირექტორმა, თორნიკე გიორგაძემ:
– ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი ფორმდება “კამპასა” და “ორბს” შორის. რაც კალათბურთში ვარ, მინდა აღვნიშნო, რომ პირველი პრეცედენტია, რომ ქართული კალათბურთით კერძო კომპანია დაინტერესდა. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ხედვები დაემთხვა – ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩავრთოთ ჯანსაღი ცხოვრების კამპანიაში და ამისთვის არაერთ ღონისძიებას განვახორციელებთ ერთობლიბვად. “კამპა” მხარს დაუჭერს როგორც ბავშვთა კალათბურთს, ასევე იქნება “ა” ლიგის კლუბ “ორბის” სპონსორი.
ხელშეკრულებას “კამპას” მხრიდან ხელი მოაწერა დირექტორმა ალექსანდრე ბუაძემ. მისი კომენტარი ასეთი იყო:
– მინდა ჩვენი კომპანიის სახელით ვთქვა, რომ მოხარულები ვართ სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმებით. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პრეცედენტები ძალიან წაადგება ქართულ კალათბურთს და ქართულმა კომპანიებმა უფრო აქტიურად რომ დაუჭირონ მხარი ჩვენს სპორტს გაცილებით წინ წავალთ. “ა” ლიგის დონეზე გუნდის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან ბევრს ნიშნავს ბავშვთა კალათბურთის გვერდში დგომა. დასავლეთის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა – ყველა პატარა გუნდს თავისი მხარდამჭერი ჰყავს და ჩვენც გვსურს, მემორანდუმის ხელმოწერით საქართველოშიც დავნერგოთ მსგავსი პრაქტიკა.