კოსტას ფლევარაკისი: რომელი ერთი გამოგარჩიოთ?!

შვედებს ბერძენი მწვრთნელი ჰყავთ – გამოცდილი კოსტას ფლევარაკისი. ბერძენი მწვრთნელი ენაწყლიანია და ქართველებს გვაქებს, თუმცა მის გულში რა ტრიალებს, ღმერთმა უწყის. ეჭვი არაა, მან გუნდი თბილისში მხოლოდ მოსაგებად ჩამოიყვანა და ესეთი ინტერვიუც მხოლოდ დიპლომატიურობის გამო მოგვცა.
 

კოსტას ფლევარაკისი მატჩის წინ დიპლომატიურობას იჩენს
 
– საქართველოს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, აქედანვე ვამბობ, რომ ურთულესი ბრძოლა გველის. ჯგუფში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ჩვენმა მატჩმა უნდა გადაწყვიტოს პირველ ადგილზე გამსვლელი – ამბობს ფლევარაკისი.
– ჩვენი ჯგუფიდან გადის მეორე გუნდიც, რადგან სხვა ჯგუფების მეორეადგილოსნებს უკვე 3–3 დამარცხება აქვთ…
– ეს ვიცი, მაგრამ საქართვეო–შვედეთის მატჩს გაცილებით მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არაა საკმარისი A დივიზიონში გადასასვლელად, საჭიროა პლეი ოფში ერთი მეტოქის ძლევაც და ამაზეც ვფიქრობთ.
– ეგ როგორ გავიგოთ?
– რა თქმა უნდა, გვინდა, რომ პლეი ოფში მონტენეგროს ავცდეთ და ძალიან გამეხარდება, თუკი ყოფილი იუგოსლავიის ეს ქვეყანა საქართველოს შეხვდება. საამისოდ ხვალინდელ მატჩში გამარჯვება გვინდა.
 
შემდეგ კოსტას ფკლავერაკისი ცოტა ხუმრობის ხასიათზე მოვიდა და ასეთი რამ თქვა:
 
– თქვენ შვედეთზე ბევრად უკეთესი გუნდი გყავთ და მონტენეგროს აუცილებლად დაამარცხებთ. შეხვდით მათ და მსაჯებთან მეც დაგეხმარებით, აუცილებლად რომ მოუგო.
 
რა თქმა უნდა, ეს პასუხი სერიოზულად არ მიმიღია და ფლავერაკისს დავეკითხე, ნუთუ ასეთი ძლიერია მონტენეგრო თქო?
 
– მონტენეგრო უფრო პერსპექტიულია, ვიდრე ძლიერი. ამ გუნდს იმხელა გაქანება აქვს, რომ წლიდან წლამდე მოუმატებს. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავთ და პირადად მე ვფიქრობს, რომ სერბეთის ნაკრებზე ძლიერია.
– შვედეთის ნაკრებს იონას იერებკო აკლია და ეს დიდი მინუსია  თქვენთვის?
– იერებკოს გარდა იოაკიმ ბლომის გვაკლია, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. კარგი იქნებოდა, ეს მოთამაშეები გვყოლოდა, მაგრამ ამ წრეში მათ გარეშე ვთამაშობთ და ვეცადეთ დანაკლისი შეთამაშებით აგვენაძღაურებინა.
– ამბობთ, საქართველო ძლიერი გუნდიაო და კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– შედეგებს და რა თქმა უნდა, მოტამაშეებს. თქვენს ნაკრებში 90 პროცენტი ლეგიონერია, ჩვენ კი ჯერჯერობით ყველა შვედეთით ჩემპიონატის მოთამაშე გვყავს. ის მოთამაშეები, რომლებიც გასულ სეზონში საზღვარდარეთ თამაშობდნენ, ახლა უკლუბოდ არიან.
– საქართველოს ნაკრებიდან რომელ მოთამაშეებს გამოარჩევდით?
– რომელი ერთი გამოვარჩიო?! სამი მოთამაშე გყავთ ესპანეთის პრიმერადივიზიონიდან, ზაზა ფაჩულია ნბა–ში თამაშობს, ცინცაძემ და სანიკიძემ ახალი კონტრაქტები გააფორმეს იტალიასა და საბერძნეთში, ხოლო მარკოიშვილიც მგონი იტალიაში გადავიდა. სანიკიძე შარშან აეკ–ში მინდოდა, გადამეყვანა, მაგრამ ბოლო წუთამდე არ მითხრა პასუხი და მერე საერთოდ გადაიკარგა. მისი გაუჩინარების გამო ჩვენ უცხოელი მოთამაშე ვეღარ დავიმატეთ, რადგან უცხოელების დამატების სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. მანუჩარ მარკოიშვილსაც ვიცნობ. ის იტალიაში გავიცანი, როცა ჩემი მეგობრის, ეტორე მესინას „ბენეტონში“ თამაშობდა. თუ ის ხვალ თამაშზე იქნება, აუცილებლად პირადად ვნახავ.
– დაბოლოს, შანსებს როგორ შეაფასებთ?
– მასპინძლები ხართ და უპირატესობა, რა თქმა უნდა, თქვენკენაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უიმედოდ ვართ. ბრძოლა იქნება და გამარჯვებული ის იქნება, ვინც უკედ ითამაშებს.