კოტე ტუღუში: დღეს ისრაელთან მარკოიშვილი არ ითამაშებს

კოტე ტუღუში: დღეს ისრაელთან მარკოიშვილი არ ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ისრაელთან საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. იგორ კოკოშკოვის გუნდი თელ ავივში გუშინწინ ჩავიდა, გუშინ კი ქალაქ ელეათს ესტუმრა და მომავალი მატჩისთვის მზადებას შეუდგა. ისრაელში შევეხმიანეთ ეროვნული გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელ კოტე ტუღუშს, რომელსც სანაკრებო ამბები გამოვკითხეთ…
– ელეათში თელ ავივიდან გუშინ, დღის პირველ საათზე ისრაელის ნაკრებთან ერთად ჩამოვფრინდით. გუნდმა საღამომდე დაისვენა და შემდეგ ივარჯიშა. ელეათი პატარა, საკურორტო ქალაქია და აქ დიდი დარბაზი არ აქვთ. ტრიბუნები 2 ათას მაყურებელს იტევს და როგორც აქაურები ამბობენ, დღეს დარბაზი სავსე იქნება.
– გუნდის წევრები როგორ ფორმაში არიან, მანუჩარ მარკოიშვილს ტრავმა ხომ არ აწუხებს?
– მანუჩარმა გუშინ და დღეს ივარჯიშა, მაგრამ საღამოს, ისრაელის წინააღმდეგ არ ითამაშებს. მას სერიოზული არაფერი აწუხებს, უბრალოდ, პრევენციის მიზნით, მწვრთნელებმა და ექიმებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს, რათა ფეხი არ გაუმიზეზდეს. 
– ისრაელთან მომდევნო მატჩი 28 აგვისტოს გაქვთ და მარკოიშვილი არც იქ ითამაშებს?
– არ ვიცით, სავარაუდოდ მოედანზე გავა, თუმცა მის დატვირთვას მოვერიდებით. რაც შეეხებათ დანარჩენ კალათბურთელებს, ყველა სრულ საბრძოლო ფორმაშია, მათ შორის, რიკი ჰიკმანიც, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო ამას წინათ 1 თამაში გამოტოვა.
– ისრაელთან მეორე მატჩი ჰაიფაში გაიმართება…
– ხვალ, დილით გავემგზავრებით ჰაიფაში და საღამოს ვივარჯიშებთ. ზეგ კი ისრაელთან მომდევნო საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ. 29 აგვისტოს, დილას კი ლიტვაში გავფრინდებით.
 
ისრაელი-საქართველოს დაპირისპირება თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.