კოტე ტუღუში: ისრაელთან მატჩში მოგებაზე მეტი აქცენტი გავაკეთეთ

კოტე ტუღუში: ისრაელთან მატჩში მოგებაზე მეტი აქცენტი გავაკეთეთ

ისრაელის დამარცხების შემდეგ იტალიაში დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთ ასისტენტ კოტე ტუღუშს, რომელმაც მატჩიც შესახებ მოგვითხრო და სამწვრთნელო შტაბის შეხედულებები გაგვაცნო:
– რიკი ჰიკმანი არც ამჯერად ვათამაშეთ. სამწვრთნელო შტაბის სურვილია, ამერიკელი ლეგიონერი ბოლომდე შეერწყას გუნდს, ყველა კომბინაცია კარგად გაითავისოს, მატჩების ყურებით თავისი როლი ზუსტად დაინახოს ჩვენს ნაკრებში და შემდეგ გავიდეს მოედანზე. რაც შეეხება ლიუკ ზელერის არყოფნას, ეს მხოლოდ და მხოლოდ როტაციიდან გამომდინარეა. ყველა მატჩში შემადგენლობა იცვლება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა მოთამაშეს მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება და შემადგენლობაც გამუდმებით იცვლება.
– ამჯერად სასტარტო ხუთეულში ლევან ფაცაცია იყო, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. მიმდინარეობს მოთამაშეებზე დაკვირვების პროცესი და მწვრთნელებს უკვე საკმაოდ რეალური სურათი აქვთ თითოეული კალათბურთელის შესაძლებლობის შესახებ. განსხვავებით წინა მატჩებიდან, ამჯერად შედეგზეც ვიზრუნეთ, რამაც ჩვენი წამყვანი მოთამაშეების მოედანზე ხანგრძლივად დარჩნა განაპირობა. შეამჩნევდით, რომ საკმაოდ ბევრი ითამაშეს მანუჩარ მარკოიშვილმა, გიორგი შერმადინმა, გიორგი ცინცაძემ, ვიქტორ სანიკიძემ. ამან შედეგი გამოიღო და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ ისრსელის სახით.
– მოგება დაცვითი თამაშის დამსახურებაა. ასევე მნიშვნელოვანი უპირატესობა გვქონდა ფარქვეშ, სამწამიან ზონაში, სადაც გიორგი შერმადინმა ისრაელის ნაკრები, რომ იტყვიან, დაჩაგრა. ებრაელებს გამოკვეთილი ცენტრი არ ჰყავთ და გიორგის გამჩერებელი მათ ვერ მონახეს. ამას ისიც დაერთო, რომ ჩვენმა ბიჭებმა შესანიშნავად ისროლეს პერიმეტრიდან, ყველა სამქულიანი უმნიშვნელოვანესი იყო. ამას ისიც დაუმატეთ, რომ საქართველოს ნაკრებმა წინა შეხვედრებთან შედარებით დაცვაში კარგად ითამაშა და  ნათელი გახდება, თუ რატომ გავიმარჯვეთ.
– ბოლო წუთი საკმაოდ დრამატული გამოდგა და ძალიან გაგვეხარდა, რომ კარგად ჩატარებული მატჩი ლამაზი გამარჯვებით დავაგვირგვინეთ. უმეტესად ჩვენ ვიგებდით, თუმცა ისრაელი ხანდახან მცირედით გაგვასწრებდა ხოლმე. ყველაზე დიდი სხვაობით ებრაელები ბოლო წუთზე დაწინაურდნენ, როცა ლიორ ელიაჰუმ 77:72 დააფიქსირა. პრესინგისთვის არ მიგვიმართავს. მარკოიშვილმა სწრაფი ორქულიანი ჩააგდო, უფრო სწორად, ჩატენა, შემდეგ დაცვაში ბურთი ავიღეთ და კომპინაციით ვიქტორ სანიკიძე დავტოვეთ სამქულიანის სასროლად, რომელმაც საფინალო სირენამდე 27 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა. მეტოქემ თითქმის ბოლომდე გაიყვანა შეტევისთვის განკუთვნილი დრო, მაგრამ დაცვაში ისევ იყოჩაღეს ბიჭებმა და ბურთი მოვიპოვეთ. შეტევისთვის 5 წამი გვქონდა. ებრაელებმა აქცენტი მარკოიშვილის აყვანაზე გადაიტანეს, ჩვენ კი ისევ სანიკიძეს ვენდეთ, რომელმაც ბურთი მიიღო და შედეგიანი გარღვევით, მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე, გამარჯვების ბურთი ჩააგდო.
– რიკი ჰიკმანი მომდევნო მატჩში, ბოსნიასთან ითამაშებს. სლოვენიაში იმ 15 კალათბურთელით მივდივართ, რომლებიც იტალიაში იყვნენ. თბილისში ჩამოსვლამდე ამ შემადგენლობით ვიქნებით შეკრებაზე. საბოლოო შემადგენლობა კი საფრანგეთის ტურნირის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას გამოცხადდება.