საქართველოს ნაკრებმა ავსტრიასთან საკონტროლო მატჩით დაასრულა ევროპული შეკრება. 17 ივლისიდან ჩვენი ეროვნული გუნდი უცხოეთში იმყოფებოდა და ავსტრიასა და ესტონეთში 4 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. ხვალიდან საქართველოს ნაკრები თბილისში განაგრძობს შეკრებას და 7–9 აგვისტოს სპორტის სასახლეში 3 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს ესტონეთის, ბელარუსისა და უკრაინის გუნდებთან. გვესაუბრება ნაკრების ერთ–ერთი მწვრთნელი კოტე ტუღუში, რომელთანაც საუბარი ავსტრიული მატჩით დავიწყეთ.
– რის გამო დამარცხდით ავსტრიასთან?
– შესუსტებული შემადგენლობით ვთამაშობდით, თანაც მთავარი აქცენტი გამარჯვებაზე არ გაგვიკეთებია. ჩვენი თვითმიზანი არ იყო ავსტრიის დამარცხება. გვსურდა სათამაშო კომპონენტების სრულყოფა, გუნდის შეთამაშება და კომბინაციების დამუშავება. საამისოდ ეს და ყველა გასული მატჩი სათანადოდ გამოვიყენეთ. თუნდაც ამ წაგებებიდანაც საჭირო გაკვეთილი მივიღეთ, საშუალება მოგვეცა, საჭირო დასკვნები გამოგვეტანა, რასაც სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებთ.
– შესუსტებული შემადგენლობით რატომ იასპარეზეთ?
– შერმადინს და ცინცაძეს არ უთამაშიათ. მოგეხსენებათ, შერმადინმა ჩეხეთთან მატჩში ტუჩი გაიხეთქა და ნაკერები ადევს. თავის დაზღვევის მიზნით ის დავასვენეთ, ასევე დავასვენეთ გიორგი ცინცაძე, რომელმაც ფეხი ოდნავ აწუხებდა. სამაგიეროდ მეტი სათამაშო დრო მიეცათ ნაკრების ახალწვეულებს, რომლებმაც თავი კარგად წარმოაჩინეს. რიჩარდ მათიაშვილმა სულაც 11 ქულა დააგროვა. ახალგაზრდები თანდათან ეჩვევიან ნაკრებს და ეს სამომავლოდ ნაყოფს გამოიღებს. მათ ადაპტაცია არ გაუჭირდებათ.
– რას იტყვით ნაკრების ორ ნატურალიზებულ კალათბურთელზე? რომელმა ითამაშა და რა შთაბეჭდილება დატოვეს მათ ზოგადად?
– რადგან ცინცაძე არ თამაშობდა, განაცხადში ორივე ამერიკელი შევიყვანეთ და მათ მონაცვლეობით ვათამაშებდით. ჯეიკობ პულენი და კორი ფიშერი კარგი კალათბურთელები არიან, მათ გუნდთან შეთამაშება არ გასჭირვებიათ და ეს პრობლემა არ გვაწუხებს. ხოლო ის, თუ რომელი ითამაშებს ნაკრებში, თბილისის ტურნირისა და გერმანიაში ჩასატარებელი საკონტროლო მატჩის შემდეგ გაირკვევა.
– ნაკრებში ახლა 14 კალათბურთელია. როდის შეგემატებათ ზაზა ფაჩულია და რამდენი კანდიდატით გააგრძელებთ შეკრებას?
– ზაზა 5 აგვისტოს ნაკრებში იქნება. ის გუნდს თბილისში შეუერთდება. ნაკრებს ჯერჯერობით არავინ არ ტოვებს. 15 კალათბურთელით გავაგრძელებთ შეკრებას და სავარაუდოდ, ოფიციალური მატჩების დაწყებამდე გამოცხადდება ძირითადი 12 კალათბურთელის ვინაობა. შესაძლოა, ეს გერმანიაში წასვლამდეც გაირკეს.