რა ბედნიერია მწვრთნელი, რომელსაც გამთამაშებელი უმართლებს და თანაც ორივე. სუპერლიგის მეორე ტურის მატჩში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი გურჯაანის დელტას შეხვდა და ისე იმარჯვა, თამაშის ბოლოს სტატისტიკაში 2 ლიდერი იყო – ქსავიერ ბელი და ლუკა მაზიაშვილი – ორივე კავკასიის გამთამაშებელი. პირველმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მეორე შეცვლაზე შევიდა, თუმცა ორივემ ერთნაირი, მატჩის უმაღლესი შედეგი დააფიქსირა.
ბელმა 13 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, მაზიაშვილმაც 13 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ორივემ თითქმის იდენტური პროცენტულობით ისროლა და ორივეს სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა. როცა გამთამაშებლები ასეთ შედეგს “დებენ”, ის გუნდი არ წააგებს. შეიძლება, მოხდეს, რომ წააგოს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. არც დღეს მომხდარა: ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კსუ კავკასიამ 91:71 (სტატისტიკა) დაამარცხა გურჯაანული გუნდი და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს.
ჯერ 2 მოგება აქვს, რაც ბევრ არაფერს ნიშნავს, თუმცა კავკასიას თამამად შეუძლია თავი ფავორიტებში ჩაიყენოს. შემადგენლობის მხრივ გუნდი არც ერთ სუპერლიგის გუნდზე ნაკლებად არაა დაბალანსებული, ლეგიონერებიც ჩინებული ჰყავს და ქართველებიც დიდად მარჯვე ბიჭები არიან. დღევანდელი მატჩის წინ კავკასია ფავორიტად ითვლებოდა და ეს სტატუსი გაამართლა კიდეც.
დელტამ კი იბრძოლა, რაც შეეძლო, გააკეთა. მესამე პერიოდი მოიგო კიდეც, მაგრამ თავს ზემოთ რომ ძალა არაა, ბოლო პერიოდში გამოჩნდა. გურჯაანელები მეტოქესთან ყველაზე ახლოს, 7 ქულით, მესამე პერიოდში მივიდნენ, ხოლო ბოლო ათწუთეულის სტარტზე ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა სამქულიანი რომ ჩააგდო, სხვაობა 10 ქულას აღარ ჩამოსცილებია.
კავკასიელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და 2-დან 2 გამარჯვებით ქუთაისთან ერთად სუპერლიგას ლიდერობენ. მეორე ტურის დარჩენილი 2 მატჩი დღეს დიღომი არენაზე და ზესტაფონში გაიმართება. ვსა რაშს მიიღებს, ხოლო მარგვეთი გორის ივერიონს უმასპინძლებს.