კუპატაძემ ევროლიგის ფინალი იმსაჯა

კუპატაძემ ევროლიგის ფინალი იმსაჯა

10-12 აპრილს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართული ქალთა ევროლიგის “ოთხთა ფინალი” ისტორიული გამოდგა ქართული კალათბურთისთვის – 12 აპრილს ქართველმა არბიტრმა მაკა კუპატაძემ ფინალური მატჩი იმსაჯა ჩეხურ “უსკ პრაღასა” და რუსულ “ეკატერინბურგს” შორის. აქამდე საკლუბო ტურნირების ასეთი მაღალი დონის ფინალურ მატჩს არც ერთი ქართველი მსაჯი არ მომსახურებია. კუპატაძემ 10 აპრილს ნახევარფინალიც იმსაჯა იმავე “ეკატერინბურგსა” და რუსულ კურსკის “დინამოს” შორის.
 

 
ამით კუპატაძისთვის წლევანდელი საკლუბო სეზონი დასრულდა, თუმცა მას ზაფხულში ორი მნიშვნელოვანი სანაკრები ტურნირი ელის – ივნისში ქალთა ევროპის ჩემპიონატი (უნგრეთი და რუმინეთი), ხოლო ივლისში 18-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (სლოვენია).
 
აღსანიშნავია, რომ პრაღაში გამართულ “ოთხთა ფინალს” და პარალელურად მიმდინარე ფიბა ევროპის სხდომას საპატიო სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ფიბა ევროპის ახალგაზრდული კომისსის წევრი მიხეილ გაბრიჩიძე და ფედერაციის ფიბა/საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი, ფიბას კომისარი, ფიბა ევროპის სააპელაციო კომისიის წევრი მერაბ რატიშვილი.