Labas, Klaipeda!

Labas, Klaipeda!

წერილი პირველი – 30 აგვისტო
 
ლიტვის ქალაქი კლაიპედა ევროპის ჩემპიონატის მოლოდინშია გარინდული. მთლად გასარინდიც არაფერი აქვს, რადგან იოლად მიხვდები, რომ ეს ქალაქი ოდითგანვე ასეთი მყუდრო იყო – საქმიანი და მიზანმიმართული, მშვიდი მოქალაქეებით სავსე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კლაიპედაში, ისევე როგორც მთელს ლიტვაში, კანონონია ყველაფერი. თითქოს კანონია ისიც, რომ კალათბურთი უნდა გიყვარდეს და მას უპირველეს სახეობად აღიარებდე.
 
კლაიპედელებს უყვართ კალათბურთი და შეიძლება ის ფეხბურთზე მეტადაც უყვართ. ამ ქალაქში ჩასულებს რაიმე გრანდიოზული საკალათბურთო ბილბორდი ან რამე ამგვარი არ შეგვიმჩნევია, თუმცა რაღაც განსაკუთრებული საკალათბურთო ღონისძიება რომ ტარდება, ამას ის ფუსფუსი მიგახვედრებს , რაც ქალაქის ცენტრში, სასტუმრო „ამბერტონსა“ და რაღა თქმა უნდა, „კლაიპედოს არენაზე“ ხდება.
 
ხსენებულ სასტუმროშია თავმოყრილი D ჯგუფის ყველა მონაწილე. ფოიე მუდმივად სავსეა სხვადასხვა გუნდების სათამაშო ფორმებსა თუ სხვადასხვა სახის ეროვნულ ატრიბუტებში გამოწყობილი ადამიანებით. გაიხედავ და რუსეთის ნაკრების თავკაცი დევიდ ბლატი ჩაგივლის, იქით ბელგიელი გოლიათი დიდიე მბენგა მოაბოტებს, გვერდზე მოფუსფუსე უკრაინელები შექუჩებულან, სლოვენიელებს და ბულგარელებს უფრო იშვიათად შეხვდები.
 
„კლაიპედოს არენაზე“ კი ამ დროს პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ევრობასკეტის მონაწილე გუნდების ვარჯიშები და დარბაზის საჩემპიონატოდ მომზადება. დამლაგებლები ტრიბუნებს, შუშებს და საერთოდ, რისი გაწმენდაც შეიძლება, ყველაფერს აკრიალებენ, “აიტიშნიკები” კომპიუტერულ ცენტრს, მსაჯების მაგიდას, ტაბლოს და სხვადასხვა ელექტრო მოწყობილელებს ამოწმენებ, “ვოლონტერები” ყოველ ფეხის ნაბიჯზე არიან, რას აღარ აკეთებენ, ხოლო კალათბურთელები, რა თქმა უნდა, ვარჯიშობენ.
 
მაგალითად, ჩემპიონატის გახსნის წინა დღეს D ჯგუფის ექვსივე გუნდმა „კლაიპედოს არენაზე“ ორ–ორჯერ ივარჯიშა. უზარმაზარ შენობაში ერთი მთავარი არენაა, თუმცა არის კიდევ ერთი, სავარჯიშო დარბაზი. დილას, როცა საქართველო ძირითად, სათამაშო არენაზე ვარჯიშობდა, რუსეთის ნაკრები წევრები მეორე დარბაზში ღვრიდნენ ოფლს, ხოლო საღამოს ვარჯიშზე გუნდებმა ადგილები გაცვალეს. ასევე იყვნენ სხვებიც: ჩვენამდე პარალელურ რეჟიმში ბელგია–ბულგარეთმა ივარჯიშა, ხოლო ჩვენს მერე სლოვენია–უკრაინამ.
 
ერთი სიტყვით, არენაზე დიდი ფაცი–ფუცია. ერთმანეთის გვერდიგვერდ მიდი–მოდიან მომავალი მეტოქეები, მწვრთნელები, ხოლო ვოლონტერთა დასასრულს არც აქ უჩანს პირი. ისინი ყველგან არიან და თუკი ვინმეს რამიმე სახის დახმარება უნდა, უანგაროდ ეხმარებიან.
 
საკალათბურთო სიო ქრის კლაიპედას ისედაც ქარიან და სუსხიან ქუჩებში, სადაც შვიდენოვან ბილბორდებს შეხვდებით: D ჯგუფის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს მათსავე ენაზე ხომ ესალმებიან, პლუს ლიტვურად და ინგლისურადაც. ძალიან ბევრგან შეხვდებით საკალათბურთო ატრიბუტებს. მაგალითად, გუშინ დასანაყრებლად ერთ–ერთ პიცერიაში შევედით და ყოველ მაგიდაზე მენიუ ბურთის ფორმის ფურცლებზე იყო დატანილი. შეგეძლო ასევე საკალათურთო ბურთად მორთული პიცის შეკვეთა. ქალაქში განლაგებულ ურნებზეც კი ნახავთ საკალათბურთის სიყვარულის კვალს.
 
ეს ხდებოდა კლაიპედაში 30 აგვისტოს, ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღით ადრე, სანამ ქალაქში ქართველი გულშემატკივრების დიდი ამქრის ძირითადი ბირთვი ჩამოვიდოდა.
 

 

 

 

 
 

ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ეს კალათბურთელის ნომერია