დრამატული, საოცრად დაძაბული და ფანტასტიკური ბოლო წუთი: „ენერჯი–ინვესტი“
მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა შსს–სთან, მესამე მეოთხედის ბოლო წუთზე 16
ქულითაც ჩამორჩა, მაგრამ გადამწყვეტ პერიოდში დიდებულად ითამაშა და 1 ქულით
გაიმარჯვა.
ასეთი კლასიკური გამარჯვება მიმდინარე სეზონში არავის მოუპოვებია.
რუსთაველებმა გააზრებული, ტაქტიკურად დახვეწილი და ზუსტი თამაშის წყალობით შსს–ს
ისეთი თამაში მოუგეს, რომ სპორტის სასახლეში მოსული გულშემატკივრები გააოცეს. თუ
არ ჩავთვლით საწყის წუთზე 2–3–ქულიან ლიდერობას, რუსთაველები მთელი შეხვედრა
აგებდნენ. შსს–ს უპირატესობა 10 ქულის ფარგლებში მერყეობდა. ხან 14–16–ამდე
ავიდოდა, ხანაც 6–4–ამდე ჩამოვიდოდა. მიუხედავად ამისა, ქვემოქართლელთა მწვრთნელი
მიხეილ ბერუაშვილი აუღელვებლად უძღვებოდა თამაშს, წუთშესვენებებს იღებდა და
მოთამაშეებს ტაქტიკურ დავალებებს აძლევდა.
პირველი ტაიმის ბოლოს შსს–მ სპურტი მოაწყო და უპირატესობა ათ ქულამდე
გაზარდა, თუმცა კამერუნელი ლეგიონერების – სამუელ ლამუსა და ჟოლივეტ ტუჯანის
დახმარებით დიდ შესვენებაზე ქვემოქართლელები მხოლოდ 3–ქულიანი ჩამორჩენით
გავიდნენ.
მესამე მეოთხედის დაწყება იყო და არჩილ ჟღენტის გუნდმა ისევ მოიპოვა
ხელჩასაჭიდი უპირატესობა. დავით იმნაძე, დავით ბარბაქაძე და გიორგი მარკოიშვილი
საიმედოდ თამაშობდნენ შეტევაში და როგორც თავში ვთქვით, მესამე მეოთხედის დასრულებამდე
1 წუთით ადრე შსს–ს ლიდერობამ 16 ქულას მიაღწია – 55:39. თითქოს აქ უნდა
გატეხილიყო „ენერჯი“, მაგრამ მეოთხედის დასრულებამდე დუდა სანაძის ზედიზედ
გაკეთებულმა ოთხმა ქულამ რუსთაველებს იმედი ჩაუსახა – ბოლო მეოთხედის წინ შსს 12
ქულით: 55:43 იგებდა.
ბოლო მეოთხედის დასაწყისში სამუელ ლამუმ სამიანი ჩააგდო, რასაც მომდევნო
შეტევაში ორიანიც მოაყოლა და „ენერჯი“ 7 ქულით მიუახლოვდა „ძალოვნებს“. სტუმრები
მთლიანად დაცვაზე გადაერთნენ და საკუთარი ფარის მისადგომები საიმედოდ გადაკეტეს. თავის
მხრივ, შსს–ც კარგად იცავდა თავს და რუსთაველებს უჭირდათ ქულების მოპოვება. რაკი
სამწამიანში ვერ შედიოდნენ, რუსთაველებმა შორიდან სცადეს ბედი და
204–სანტიმეტრიანმა სამუელ ლამუმ მატჩში მეორე სამქულიანი ჩააგდო, რასაც აქტიურმა
ბექა წივწივაძემ სწრაფი გარღვევა მოაყოლა და თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე „ენერჯი“
3 ქულით მიუახლოვდა შსს–ს.
ბარბაქაძის ორიანმა შსს–ს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, თუმცა ლამუმ მეტოქის
ფარქვეშ კარგი პოზიცია შეარჩია და მორიგი ორქულიანით საფინალო სირენამდე
წუთნახევრით ადრე სხვაობა ისევ 3 ქულამდე შეამცირა.
საკვანძო ეპიზოდიც აქ გათამაშდა. რუსთაველთა მჭიდრო დაცვამ „ძალოვნები“
აიძულა შორიდან მოუმზადებლად ესროლათ და გიორგი ნიკოლაძის აცილებული სამქულიანის
შემდეგ ბოლო წუთი და „ენერჯის“ მორიგი შეტევა ერთდროულად დაიწყო. გიორგი ცეკვავამ
სამქულიანი ააცილა, თუმცა დუდა სანაძემ მოხსნა და იატაკზე დაუშვებლად
განხორციელებული სროლით ქვემოქართლელთა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 58:59 ზუსტად
ესროლა.
მატჩის დასრულებამდე ნახევარი წუთი რჩებოდა, „ენერჯი“ კი კვლავ
მედგრად დაუდგა დაცვაში შსს–ს: სამუელ ლამუმ დავით ბარბაქაძის ნასროლს დააფარა,
საპასუხო შეტევაში კი, როცა სირენამდე 20 წამი რჩებოდა, სამუელმა მატჩში მესამე სამქულიანი
მიითვალა, რითაც „ენერჯი“ 61:59 დააწინაურა. შსს–მ, რა თქმა უნდა, წუთშესვენება
აიღო და მწვრთნელის დავალებაც კარგად შეასრულეს „ძალოვნებმა“, რუსთაველებს კი
აღარაფერი დარჩენოდათ, გონივრულად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ფარისკენ
დაძრული ნიკოლაძე ჯარიმით შეეჩერებინათ.
თამაშის დასრულებამდე 16 წამია, ნიკოლაძე საჯარიმეობს ესვრის. პირველი
ჩააგდო, მეორე კი ააცილა. ბურთი ჟოლივეტ ტუჯანიმ მოხსნა და მეტოქის ნახევარზე
მარტოდმარტო დარჩენილ ბექა წივწივაძეს გადააწოდა, რომელმაც ბურთის მიღებისას
ზედმეტი ნაბიჯი გააკეთა და … გარბენი, რამაც ჟღენტის გუნდს თამაშის გადარჩენის
შანსი შეუნარჩუნა. „ძალოვნებმა“ თავისი ფარქვეშიდან ბურთი პირდაპირ რუსთაველთა
საჯარიმოში ჩააგდეს, სადაც მას ნიკოლაძე დაეუფლა, სროლაც მოასწრო, მაგრამ
რუსთაველთა კამერუნელი მოთამაშეების ხელებსმიღმიდან მიზანში ვერ გაარტყა და
თამაშიც დასრულდა.
შსს–ს ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ მეტოქეებმა წესი დაარღვიეს
ნიკოლაძის წინააღმდეგ, მაგრამ მსაჯების გადაწყვეტილება საბოლოო და უცვლელი დარჩა.
მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=316