ლეგიონერები ახალი სეზონისთვის ემზადებიან

ლეგიონერები ახალი სეზონისთვის ემზადებიან

სეზონი ჯერ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ დაწყებულა, თუმცა გუნდებმა უკვე დაიწყეს ამხანაგური მატჩების გამართვა და საქართველოს ნაკრების წევრებიც დასაქმდნენ. ჩვენც გადავხედოთ ევროპის კონტინენტზე გაბნეულ ჩვენს ლეგიონერებს, ვინ როგორ თამაშობს, ვინ რას აკეთებს.
 
საქართველოს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა (18 წლის), თუმც ხუთეულში უკვე ფეხგადგმულმა წევრმა თორნიკე შენგელიამ ბელგიურ “პეპინსტერში” რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ შენგელიამ კონტრაქტი ბელგიური კალათბურთის ლიდერ „შარლერუასთან“ გააფორმა, რომელმაც იგი გამოცდილების მიღების მიზნით უმაღლესლიგურ, თუმც შედარებით მოკრძალებულ „პეპინსტერში“ გაანათხოვრა.
 
თორნიკესთვის სადებიუტო “ლეიდენთან” დაპირისპირება გამოდგა, რომლითაც “პეპინსტერმა” ჰოლანდიური შეკრება გახსნა. მატჩი “ლეიდენის” გამარჯვებით დასრულდა – 88:71. შენგელიამ ახალ კლუბში ქართველთათვის ყველაზე სასურველი, 7-ნომრიანი მაისურა მოირგო, ხოლო ბელგიური ანგარიში 6 ქულით გახსნა. პეპინსტერელთა შორის ამერიკელი ფრიმენი გამოირჩა – 27 ქულა.
 

თორნიკე შენგელია მეტოქის ფარს უტევს
 
მორიგ მატჩში შენგელიას გუნდი ჰოლანდურ გრანდ “ეიფელ ტაუერსს” შეხვდა. ბელგიელებმა ამჯერად დაცვაში უკეთ ითამაშეს, ჰოლანდიელებს 69-ზე მეტი ქულა არ ჩააგდებინეს, თუმცა შეტევაში ვერ ივარგეს – 69:59 “ეიფელის” სასარგებლოდ. 18 წლის შენგელიამ ამჯერად 5 ქულა ჩააგდო. “პეპინსტერის” სნაიპერი ამერიკელი ჯექსონი გახდა – 12 ქულა.
 
ბელგიის ჩემპიონატი 1 ოქტომბერს იწყება. მასში 9 გუნდი მონაწილეობს. რადგან პირველობაზე კლუბების კენტი რაოდენობაა, ყოველ ტურში ერთი დაისვენებს. ჩემპიონატის პირველი დღე სწორედ “პეპინსტერის” გარეშე ჩაივლის. მეორე ტურში, 9 ოქტომბერს თორნიკეს გუნდი ჩემპიონ “შარლერუას” დაუხვდება.
 
ამიერიდან ტორინ გრინის ამბებსაც მოგითხრობთ იმ მიზეზით, რომ ის საქართველოს ნაკრების წევრია. ტორინი ახალ კლუბს დაგვიანებით შეუერთდა. მისმა “გრან კანარიამ” სეზონი ომახიანად გახსნა – ქვეყნის ჩემპიონი “ბარსელონა” დაამარცხა (81:76). სადებიუტო მატჩში ტორინ გრინმა შეტევაში საკმარისად იაქტიურა და 11 ქულა მოაგროვა. კუნძულელთაგან გრინზე მეტი მხოლოდ კეროლმა ჩააგდო – 19 ქულა.
 
ჩემპიონის ძლევით დაწყებული საქმე ტორინის ახალმა გუნდმა კანარის კუნძულების ჩემპიონობით განაგრძო. ტურნირში ოთხი გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან მხოლოდ “გრან კანარია” წარმოადგენდა ესპანეთის უმაღლეს ლიგას. ნახევარფინალში გრინის თანაგუნდელებმა “კანარიას” 6 ქულის სხვაობით სძლიეს – 64:58. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 6 ქულა ჩააგდო.
 
ფინალში “გრან კანარიას” უფრო სუსტი მეტოქე ერგო (“ლა პალმა”) და იოლადაც გაუსწორდა – 89:54. გრინის ერთი სამქულიანის შემდეგ ტაბლოზე მრგვალი ანგარიში დაფიქსირდა – 50:30. ტორინმა “ლა პალმასთან” 9 ქულა დააგროვა.