საბერძნეთი
სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა, რომლის “პანათინაიკოსმაც” საბერძნეთის ჩემპიონატში აეკ-ი 85:47 გაანადგურა, ქართველმა ცენტრმა კი 15 წუთში 10 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.
მოედანზე გატარებულ არცთუ დიდ დროში შერმადინი, ფაქტობრივად, უშეცდომოდ გაისარჯა. გიორგიმ 4-ვე ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“პაოს” რიგებში 10-ქულიან ზღვარს ხუთმა კალათბურთელმა მიაღწია, საუკეთესო მაჩვენებელი კი ამერიკელ მაიკ ბატისტესა და ბერძენ კოსტას ცარცარისს ჰქონდათ – 13-13 ქულა.
შერმადინის გუნდს 12 ტურში 11 გამარჯვება მოუგროვდა და ჩემპიონატს მარადიულ მეტოქე პირესოს “ოლიმპიაკოსთან” ერთად ლიდერობს.
ესპანეთის
ესპანეთის საკალათბურთო პირველობაზე თავს კვლავაც შინაურულად გრძნობს ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც ბოლო ხანს ჩინებულ ფორმაში იმყოფება. მე-18 ტურში “სკიტას” “ფუენლაბრადამ” “უნიკახასთან” 81:86 წააგო, ქართველი ფორვარდი კი საკუთარ გუნდში ამჯერადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ცქიტიშვილმა 25 წუთს ითამაშა, რა დროშიც მადრიდელებს 14 ქულა და 6 მოხსნა შესძინა. ნიკამ 7-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო და 2-ჯერ დაჯარიმდა. “ფუენლაბრადას” შემადგენლობაში ქართველ კალათბურთელზე უკეთესი მონაგარი ჯერალდ ფიჩსა (20) და ტალ ბურტეინს (19) ჰქონდათ.
მადრიდულ კლუბი 7 მოგებითა და 11 მარცხით მე-15 პოზიციაზე იმყოფება.
მოსალოდნელი მარცხი განიცადა ტაირონ ელისის “კახასოლმა”, რომელმაც სტუმრად პირველობის ერთ-ერთ ლიდერ “რეალთან” წააგო. მატჩის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მადრიდელებმა 28:8 მოიგეს, დიდ შესვენებაზე კი, მასპინძლები 31-ქულიანი უპირატესობით (50:19) გავიდნენ. მე-2 ნახევარში “კახასოლმა” თამაშის გამოსწორება შეძლო და საბოლოოდ, შედარებით მისაღები ანგარიშით – 61:81 დამარცხდა.
სტუმართა შორის 10-ქულიან ზღვარს ვერავინ გადასცდა, 9 ქულით კი, ყველაზე შედეგიანი ტაირონ ელისი აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 22.25 წუთში 2-2 ორქულიანი და საჯარიმო უშეცდომოდ სტყორცნა, რასაც ერთი (ხუთიდან) ზუსტი სამქულიანიც დაუმატა. ამის გარდა, “ტაიმ” 2-2 მოხსნა-პასიც მიითვალა.
ელისის გუნდს 10 გამარჯვების საპირისპიროდ, 8 მარცხი აქვს და გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა. ორი მოგებით მეტი გააჩნია მე-4 პოზიციაზე მყოფ თორნიკე შენგელია “ვალენსიას”, რომელმაც “ესტუდიანტესთან” 76:88 წააგო. ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი საამატჩო განაცხადში არ ყოფილა.
იტალია
იტალიის ჩემპიონატში ერთპიროვნულ ლიდერ “მონტეპასკის” შეჩერება ვერც მანუჩარ მარკოშვილის “მედიკალ კანტუმ” მოახერხა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა სახელოვან მეტოქესთან პირველი ტაიმი მხოლოდ ხუთი ქულით დათმო, თუმცა, შემდეგ სიენელთა შეტევებს ვერ გაუმკლავდა და 56:87 განადგურდა.
მარკოიშვილმა კანტუელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მოედანზე 34 წუთი გაატარა და სათადარიგოთა სკამზე ხუთი პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა. მანუჩარმა 4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 9 ქულას კი 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 პასიც წაამატა. სტუმრები “მანუს” წინააღმდეგ 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
“მონტეპასკი” სერია A–ს 14 მოგებით დამაჯერებლად ლიდერობს, “კანტუ” კი 8 მოგებითა და 6 მარცხით მე-6 ადგილზეა.
სეზონში მე-9 გამარჯვება იზეიმა და მე-4 პოზიციას უწია ვიქტორ სანიკიძის “კანადიან სოლარ ბოლონიამ“, რომელმაც რომის “ლოტომატიკა” მოულოდნელად იოლად – 81:61 დაამარცხა. ბოლონიელებმა უკვე დიდი შესვენებისთვის 25-ქულიანი უპირატესობა დაიბევეს და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და 18 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. “ვიკამ” 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან სამქულიანი ჩააგდო და 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო. ბოლონიელთა შემადგენლობაში საუკეთესო ფინეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი პეტერი კოპონენი იყო, რომელმაც 29 წუთში 16 ქულა მიითვალა.