ადრიატიკის ლიგა
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლიუბლიანის „ოლიმპიას“ ფორვარდი ვლადიმერ ბოისა. ტრავმით გატანჯულმა ბოისამ გუშინ მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი ითამაშა. ადრიატიკის ლიგაში „ოლიმპიამ“ იუგოსლავიურ „ჰემოჰარმს“ უმასპინძლა და 104:62 გაანადგურა. ვლადიმერ ბოისამ ამ შეხვედრაში ზუსტად 10წუთს ითამაშა 2 ქულით, 3 მოხსნითა და 1 დაფარებით დატოვა. ვოვამ 2–დან 2 საჯარიმო მიითვალა, ხოლო 2 ორქულიანი ააცილა.
ვლადიმერ ბოისა მიმდინარე სეზონში
მოედანზე პირველად გამოჩნდა
ამავე მატჩში გაცილებით შედეგიანი იყო ჩინებულ ფორმაში მყოფი გიორგი შერმადინი. 216 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველმა ცენტრმა მოედანზე 15,45 წუთი დაყო და 11 ქულასთან ერთად 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა შესაშური სიზუსტე გამოავლინა და 6 ორქულიანიდან 5 ჰემოფარმელთა კალათში მოათავსა, რასაც 2–დან 1 საჯარიმოც მოაყოლა.
ოლიმპიელები ადრიატიკის ლიგაში საზიარო პირველ ადგილს ინარჩუნებენ. ქართველების გუნდსა და სლონევიურსავე „კრკას“ 12 გამარჯვება და 7 მარცხი აქვთ.
ესპანური პრიმერადივიზიონი
მორიგ, მე-19 ტურში შაბათს ორი ნატურალიზებული ქართველის გუნდმა ითამაშა. ტორინ გრინის “გრან კანარიამ” დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად “სარაგოსასთან” 80:81 წააგო. თანაბრად მიმდინარე მატჩის ბოლო წუთებზე სარაგოსელებს მეტად გაუმართლათ და საბოლოოდ იმარჯვეს კიდეც. გრინმა 25.52 წუთში 9 ქულა (1-დან 0 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი), 3 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ტაირონ ელისის “ესტუდიანტესმა” კი საკუთარ მოედანზე საკმაოდ ძლიერი “ვალიადოლიდი” დამაჯერებლად, 77:60 დაამარცხა, რითაც მეტოქეს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა. ეფექტურად ითამაშა თვითონ ელისმაც. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა უკანახაზელმა 19.19 წუთში 11 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი), 2 მოხსნა, ამდენივე ჩაჭრა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
“ესტუდიანტესისთვის” ეს მე-8 გამარჯვება იყო და ელისის გუნდი გათამაშების ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, ხოლო გრინის “გრან კანარიას” ერთი მოგებით მეტი აქვს და მე-9 პოზიციაზეა. ნიკა ცქიტიშვილის “ლაგუნ აროს” დღეს “კახასოლთან” გასვლითი შეხვედრა აქვს. სანსებასტიანელებმა ბოლო 6 მატჩი წააგეს და უსიამო ტრადიციის დარღვევას სევილიაში ეცდებიან.
ბელგიის ჩემპიონატი
19 წლის თორნიკე შენგელიამ მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი მორიგ ტურში „გენტს“ მასპინძლობდა და თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ საბოლოოდ 83:56 გაანადგურა.
შენგელიამ მოედანზე 16 წუთი გაატარა და 6 ორქულიანიდან 5 ჩააგდო, რასაც 2–დან 1 საჯარიმო მოაყოლა და მთლიანობაში 11 ქულა დააგროვა. ახალგაზრდა ქართველი სხვა მაჩვენებლებშიც არ იყო მოკრძალებული – 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება. ამ შედეგებით შენგელია საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით მატჩში მხოლოდ თანაგუნდელ რაშონ ფრიმენს ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
“პეპინსტერისთვის” ეს მიმდინარე ჩემპიონატში მოპოვებული მე-4 გამარჯვება (14 მატჩში) იყო და შენგელიას გუნდი კვლავ ბოლოსწინა, მე-8 ადგილზე რჩება.
ესტონეთის ჩემპიონატი
გიორგი ცინცაძის “როკმა” 21-ე მატჩში მე-20 გამარჯვება იზეიმა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.
ტარტუელებმა მორიგი მატჩი “რაკვერესთან” გასვლით შეხვედრაში მოიგეს, თუმცა კი, თავიდან ძალიან გაუჭირდათ. “როკმა” პირველი ტაიმი 10 ქულის სხვაობით წააგო, მე-2 ნახევარში კი საქმეს ხელი სერიოზულად მოჰკიდა და საბოლოოდ, 90:80 იმარჯვა.
ცინცაძემ სტუმართა სასტარტოხ ხუთეულში ითამაშა და 27 წუთში 10 ქულა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 7-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
ტარტუელები მორიგ შეხვედრას 30 იანვარს მე-3 ადგილზე მყოფ “ტტუ/კალევთან” ჩაატარებენ.