ესპანური პრიმერადივიზიონი
ნიკოლოზ ცქიტიშვილის „ფუენლაბრადას“ ცოტა დააკლდა, რომ გვარიანი სენსაცია მოეხდინა, მაგრამ კატალონიაში „ბარსელონასთან“ ბოლო წუთებზე არ გაუმართლა და საბოლოოდ მხოლოდ 5 ქულის სხვაობით – 66:71 დამარცხდა.
სამწუხაროდ, ქართველმა ფორვარდმა სათანადოდ თავი ვერ გამოიჩინა. ნიკა ცქიტიშვილი მოედანზე 13 წუთით გავიდა და მხოლოდ 2 მოხსნა მოიპოვა. მან ერთადერთხელ შეუტია კატალონიელთა ფარს საშუალო დისტანციიდან და მიზანს ააცილა.
11 მოგებითა და 16 მარცხით „ფუენლაბრადა“ მე–14 ადგილზეა და პლეი ოფის საგზური რომ მოიპოვოს (8 საუკეთესოს შორის რომ მოხვდეს), ძალიან დიდი ძალისხმევა მოუწევს.
პოლონეთის ჩემპიონატი
ძალიან პრინციპული შეხვედრა ჰქონდა გიორგი ცინცაძის „სოპოტს“, რომელიც ცხრილში ერთი საფეხურით წინ მყოფ გდანსკის „პოლფარმას“ სტუმრად ხვდებოდა. სოპოტელებმა დაძაბულ ბრძოლაში 79:78 დაამარცხეს გდანსკელები, თუმცა ეს ქართველი გამთამაშებლის გარეშე გააკეთეს. ცინცაძეს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ის განაცხადშიც არ ყოფილა და სავარაუდოდ, ტრავმა აწუხებს.
ხორვატიის ჩემპიონატი
ვლადიმერ ბოისას „ზადარი“, რომელიც ევროპულ ტურნირებშ მონაწილეობდა, საერთაშორისო არენაზე გამოსვლა დაასრულა და შინაურ ჩემპიონატში მეორე ეტაპიდანჩაერთო. ზადარელებმა 2 დღის წინ „ზაბოკი“ 98:58 გაანადგურეს, წუხელ კი „სვიეტლოსტს“ ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში 77:81 იმარჯვეს.
ბოისამ პირველ მატჩში 2 ქულა მოაგროვა, „სვიეტლოსტთან“ კი შედარებით შედეგიანი იყო: 9 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი.
ხორვატიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას 8 გუნდი აგრძელებს. 2 თამაშიდან 2 გამარჯვება „ზადარს“ და „ციბონას“ აქვთ, რომლებიც ცხრილის სათავეში არიან.
საბერძნეთის ჩემპიონატი
გიორგი შერმადინს წინა მატჩის დარად არც ამჯერად უთამაშია. მისმა „პანათინაიკოსმა“ სტუმრად „ტრიკალა“ 101:72 დაამარცხა.