ლეგიონერთა ევროსეზონი: ერთმა დაასრულა, ერთი იბრძვის, ერთიც გავიდა

ლეგიონერთა ევროსეზონი: ერთმა დაასრულა, ერთი იბრძვის, ერთიც გავიდა

სამშაბათს გამართული ევროტურნირებზე საქართველოს ეროვნული ნაკრების 3 წევრს უნდა ეთამაშა, თუმცა ტრავმირებულმა მანუჩარ მარკოიშვილმა მოედანზე გასვლა ვერ მოახერხა და მისი გუნდი ულებ–ის თასის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში 54:59 დამარცხდა სტუმრად ბერძნულ „პანელინიოსთან“.
 
კანტუელებს 2 მოგება და 3 წაგება აქვთ, ჯგუფში მესამე ადგილზე არიან და ბოლო ტურში, 21 დეკემბერს, შინ აუცილებელი გამარჯვება ესაჭიროებათ „გალათასარაისთან“, თუმც შესაძლოა, ესეც არ იყოს საჭირო ჯგუფიდან გასასვლელად. „გალათასარაის“ გარანტირებული აქვს გასვლა, ხოლო მეორეზე მყოფი „პანელინიოსი“ შვეიცარიულ „ფლეიმსს“ ხვდება და რომ მოიგოს, ჯგუფიდან გადის.
 
თუკი მარკოიშვილის გუნდის გასვლა სათუოა, ტორინ გრინის „გრან კანარიამ“ უკვე მოიპოვა მომდევნო ეტაპის საგზური. სანსებასტიანელებმა ულებ–ის თასზე კიევურ „ბუდეველნიკთან“ პირველ ტურში შინ მარცხისათვის შური უკრაინაში იძიეს. გრინის გუნდმა კიევში 72:66 დაამარცხა „ბუდეველნიკი“ და ჯგუფიდან გასვლა 1 ტურით ადრე გაინაღდა.
 
საქართველოს ნაკრების ამერიკელი გამთამაშებელი ტრადიციულად ხუთეულში იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა. გრინმა 4–დან 2 ორქულიანი და 6–დან 2 სამიანი ჩააგდო, 4 ბურთი მოხსნა, 2 პასი გაიღო და კიეველებს 1 ბურთი ჩაუჭრა. სანსებასტიანელთაგან საუკეთესო ამერიკელი ჯეის კეროლი იყო, რომელმაც 17 ქულა ისე შეაგროვა, ერთი სროლაც არ გაუცუდებია.
 
ყველაზე შედეგიანად სამშაბათის მატჩებში გიორგი ცინცაძემ ითამაშა, ვისი „როკიც“ ბულგარეთში „ლუკოილ აკადემიკს“ შეხვდა. 64:74 წააგო და ჯგუფში ჩარჩა. ტარტუელებს 5 მატჩიდან მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ და ისინი 21 დეკემბერს დაასრულებენ ევროჩელენჯ–ში ასპარეზობას, როცა ბოლო ტურში ტარტუში „ბენფიკას“ უმასპინძლებენ.
 
რაც შეეხება “აკადემიკთან” მატჩს, ცინცაძემ ტარტუელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 26 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.გიორგიმ 9-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.