ლეგიონერთა მიმოხილვა

ლეგიონერთა მიმოხილვა

კვირას მოედანზე არაერთი ქართველი გავიდა სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებში. ლეგიონერთა მიმოხილვა იტალიიდან დავიწყოთ, სადაც ქართველების გუნდებმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.
სერია A–ს მე-4 ტურში  ვიქტორ სანიკიძის “ვირტუსი“ „ტერამოს“ ესტუმრა და ბოლო წამებზე 69:66 გაიმარჯვა. სანიკიძეს სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშია, მოედანზე გატარებულ 21 წუთში კი 7 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა.
ვიქტორმა 3-დან 2 ორქულიანი და 1 სამქულიანი ჩააგდო, მსაჯებს კი ერთი პერსონალური ფოლი დასტყუა.
სამი მოგებითა და ერთი მარცხით “ვირტუსი” მე-6 ადგილზე იმყოფება.
ზუსტად ასეთი შედეგი აქვს და „ვირტუსს“ კვალში უდგას “კანტუ”, რომელმაც პეზაროში “სკავოლინის” 75:60 სძლია. დიდ შესვენებაზე მასპინძლები ერთქულინი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა, მეორე ნახევარში სტუმართა უპირატესობა აშკარა გახდა, რაც 15-ქულიან გამარჯვებაში აისახა.
მარკოიშვოლს “კანტუს” სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშია, თუმცა მან საბოლოოდ საკმაოდ ბევრი, 29 წუთი დაჰყო მოედანზე და  7 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა..
მანუჩარმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. ქართველმა 4 ფოლი მიიღო, მეტოქეები კი მასზე ორჯერ დაჯარიმდნენ.
საბერძნეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის “პანათინაიკოსმა”. ათენელებმა “პანელინოსი” 84:63 გაანადგურეს, ქართველმა ცენტრმა კი 12 წუთში 3 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. შერმადინმა თითო ორქულიანი და საჯარიმო გამოიყენა და ბურთი სამჯერ დაკარგა.
ესპანურ პრიმერადივიზიონში მე-2 გამარჯვება იზეიმა ტაირონ ელისის “კახასოლმა”, რაშიც საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა დიდი წვლილი დაიდო.
“უნიკახასთან” შეხვედრაში სევილიელებმა 63:61 იმარჯვეს, ელისმა კი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 28 წუთში 12 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ტაირონმა 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორქულიანი კი ააცილა. “კახასოლმა” 2 მოგებითა და 3 მარცხით მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.
მიმდინარე სეზონში ვალენსიური “პამესას” განაცხადში პირველად გამოჩნდა ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია.
ბასკურ “კახა ლაბორალთან” მოგებულ (81:74) შეხვედრაში შენგელია მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა, მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.
ვალენსიელებს 5 ტურში 4 მოგება მოუგროვდათ და ლიდერთა შორის იმყოფებიან.
ადრიატიკის ლიგის მე-5 ტურში მე-3 გამარჯვება იზეიმა ვლადიმერ ბოისას “ზადარმა”. ხორვატულმა კლუბმა ბელგრადის “პარტიზანთან” მატჩში 77:66 იმარჯვა და 14-გუნდიან ლიგაში მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.
ქართველმა კალათბურთელმა თამაში ზადარელთა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 30 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ვოვამ 4-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, ორქულიანი კი ააცილა. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა.
 

ვიქტორ სანიკიძე (#13)