ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში შედეგიან თამაშს განაგრძობს ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც “ფუენლაბრადაში” დაბრუნების შემდეგ, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მე-17 ტურში სან სებასტიანის “ლაგუნ აროსთან” მოგებულ (86:70) მატჩში ქართველმა ფორვარდმა 20 წუთს ითამაშა და 10 ქულა მიითვალა.
“სკიტა” მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში არ გამოჩენილა, მოედანზე გატარებულ დროში კი 6-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი მიზანს მიღმა სტყორცნა, ხოლო ფარიდან ასხლეტილი ბურთი 4-ჯერ მოიხელთა.
“ფუენლაბრადას” ლიდერობა 24 ქულით ჯერალდ ფიჩმა იკისრა, შეხვედრის ბედი კი მე-3 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 30:10 მოიგეს. ცქიტიშვილის კლუბმა 7 მოგებითა და 10 მარცხით მე-14 ადგილს უწია.
უჩვეულოდ მწირქულიანი მატჩი შედგა ლას პალმასში, სადაც კანარის კუნძულების წამყვანმა კლუბმა “გრან კანარიამ” ტაირონ ელისის “კახასოლი” 55:52 დაამარცხა. გუნდებმა თავი განსაკუთრებით მე-3 მეოთხედში “ისახელეს”, რომელიც სევილიელებმა 9:7 (!) მოიგეს.
საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა “კახასოლის” სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 26 წუთში 8 ქულა და 2 პასი მიითვალა. ტაირონმა 3-დან 1 ორქულიანი და 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და სტუმართა რიგებში, შედეგიანობის მხრივ, ანდრეს მისოსა (13) და დუშკო სავანივიჩს (10) ჩამორჩა. 10 მოგებითა და 7 მარცხით “კახასოლი” მე-6 ადგილზეა.
სეზონში მე-5 მარცხი განიცადა “ვალენსიამ”, რომლის ღირსებასაც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები თორნიკე შენგელია და გიორგი შარაბიძე იცავენ. ვალენსიელებმა სტუმრად “ხუვენტუტთან” 69:80 წააგეს და მე-4 ადგილზე აღმოჩნდნენ, ჩვენებურები კი ამჯერად გუნდის განაცხადში არ ყოფილან.
იტალიის სერია A–ში დაძაბულ მატჩში იმარჯვა ვიქტორ სანიკიძის… „კანადიან სოლარმა“. მოგეხსენებათ, იტალიაში გუნდებს სახელს სპონსორების ცვლასთან ერთად უცვლიან და ამჯერად ბოლონიურ კლუბს მთავარ დამფინანსებლად „კანადიან სოლარი“ მოევლინა. ბოლონიელებმა მძიმე ბრძოლაში პეზაროს “სკავოლინის” 82:80 სძლიეს, ქართველმა კალათბურთელმა კი 20 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. “ვიკამ” 2-ვე ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მეტოქეები კი მასზე ხუთჯერ დაჯარიმდნენ.
„სოლარს“ 8 მოგება და 5 მარცხი აქვს და იტალიის ჩემპიონატში მე–5 ადგილზეა.
ვიქტორ სანიკიძის ჩატენვა