ლეგიონერთა უიღბლო შაბათობა

შაბათს ქართველი ლეგიონერებს არ გაუმართლათ. ვისაც თამაში ჰქონდა, ყველას გუნდმა წააგო. თუკი ლაშა გამყრელიძის „გიოსენისგან“ ეს არ იყო გასაკვირი, გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას „ოლიმპიას“ საშინაო მარცხი მართლაც მოულოდნელობა გახლდათ.
 
     ადრიატიკის ლიგა
ლიუბლიანის „ოლიმპია“ ადრიაკიკის ლიგის ლიდერია და შინაურ არენაზე ცხრილის შუაში მყოფ „ციბონას“ იღებდა. ქართველი გულშემატკივარი ელოდა, რომ 8–თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ ბოისა მოედანზე გამოვიდოდა, მაგრამ… ბოისა წინა შეხვედრაში ოლიმპიელთა განაცხადში იყო, მაგრამ მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. „ციბონასთან“ მატჩში კი იგი განაცხადშიც არ ყოფილა.
 
ჩვენი ნაკრების მეორე წევრმა გიორგი შერმადინმა კი 10,30 წუთი ითამაშა და მციდე დროის კვალობაზე საკმაოდ შედეგიანი იყო. ოლიმპიელთა ქართველმა ცენტრმა „ციბონას“ ფარს რამდენიც შეუტია, ყველა ჩააგდო. შერმადინმა 2–დან 2 ორქულიანი ჩააგდო და საჯარიმოებიც ანალოგიური რაოდენობითა და სიზუსტით მიითვალა. გიორგიმ 6 ქულას 4 მოხსნა და 1 დაფარება წაამატა, თუმც „ოლიმპიამ“ გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა. მასპინძლებმა მეორე ტაიმი ცუდად ჩაატარეს და საბოლოოდ 75:84 წააგეს. ამის მიუხედავად, ლიუბლიანური გუნდი 11 მოგებითა და 6 წაგებით ადრიატიკის ლიგის ლიდერია.
 
      ბალტიის ლიგა
გიორგი ცინცაძის „როკი“ რიგაში გათამაშების პოტენციურ ლიდერ ვეფ–ს ეთამაშებოდა და საბოლოოდ 71:87 დამარცხდა. ტარტუელებმა მასპინძლებს პირველ ტაიმში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა მეორეში ვეღარაფერს გახდნენ და დასანანი მარცხი იწვნიეს. „როკერებს“ ვერც ქართველი უკანახაზელის შედეგიანმა თამაშმა უშველა. გიორგი ცინცაძე 15 ქულით ტარტუელთაგან ბომბარდირი გახდა. მან 8–დან 3 ორქულიანი, 2–დან 1 სამიანი და 8–დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მოედანზე გატარებულ 19.29 წუთში მან ასევე 3 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ცინცაძის წინააღმდეგ თამაშისას რიგელები 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
 
     გერმანიის ბუნდესლიგა
ზედიზედ მე-12 მატჩი წააგო ლაშა გამყრელიძის “გიოსენმა”. ქართველის გუნდი საკუთარ მოედანზე “ლუდვიგსბურგთან” უშანსოდ, 54:88 დამარცხდა და 18-გუნდა ჩემპიონატში მე-15 ადგილზე დარჩა.
გამყრელიძე მოედანზე გატარებულ 6.44 წუთში თითო ქულასა (2-დან 0 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო) და მოხსნას დასჯერდა.
 
 ესპანეთის პრიმერადივიზიონი
ნიკა ცქიტიშვილის “ლაგუნ არომ” კატალონიურ გრანდს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საკუთარ მოედანზე 75:78 დამარცხდა. მასპინძელთა განაცხადში მყოფთაგან “სკიტა” ერთადერთი იყო, რომელსაც შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია
 
 
 
 
 
      ბელგიის ჩემპიონატი
თორნიკე შენგელიას “პეპინსტერმა” დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად “ოსტენდესთან” 74:78 წააგო. ქართველი ფორვარდი მწვრთნელებმა მხოლოდ სამ სათამაშო წუთს დააჯერეს, რომლის განმავლობაშიც, მან მხოლოდ 2 მოხსნის გაკეთება მოასწრო.